საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ტყეები ყოფილი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრებისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:30 - 23 ივნისი 2022 hits 35175
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლი და მის უკან იჯარით აღებული ტყე, ბაკურიანი.
ახალი ამბები
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლი და მის უკან იჯარით აღებული ტყე, ბაკურიანი.

ტყის მისაკუთრება, შემოღობვა, მოქალაქეებისთვის მისი ჩაკეტვა კანონით აკრძალულია, თუმცა ტყითსარგებლობის პრაქტიკა საქართველოში გვიჩვენებს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის კანონი დაბრკოლება არაა. ირაკლი ღარიბაშვილის „მეზობლებს“ შეუძლია, პრემიერის ცოლის მიერ იჯარით აღებულ ტყეში არავინ შეუშვან, ბიძინა ივანიშვილის ტყის გარშემო აღმართულ ხელოვნურ კლდეებს კი მხოლოდ ჩიტი თუ გადააფრინდება.

მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ტყის ნაკვეთის იჯარით აღება თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. კანონით შეუძლია კიდეც, თუმცა საწინააღმდეგოს ამბობს სტატისტიკა. იმ ადამიანებს შორის, ვინც ეს მოახერხა, ძირითადად, ადგილობრივ დონეზე გავლენიანი ან ხელისუფლებასთან სხვადასხვა ფორმით დაახლოებული პირები არიან. 

კანონით ტყე საზოგადოებრივი სიკეთეა. მიუხედავად ამისა, ის ისე გაიცემა მრავალწლიანი იჯარით, რომ საზოგადოებამ არაფერი იცის. მოქალაქეები ამის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებენ, როდესაც გადაწყვეტილებაც მიღებულია და აუქციონიც გამოცხადებული. უნდა გაიჯარდეს თუ არა რომელიმე კონკრეტული ნაკვეთი, სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმის საფუძველზე წყვეტს. ამ გეგმაში კი არაფერი წერია იმაზე, თუ რომელი ნაკვეთის გაცემაა დაშვებული და რომლის არა. სპეციალისტების დაკვირვებით, დღევანდელი კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ან მათთან დაახლოებულმა ადამიანებმა მიიღონ სასურველი ტყე ისე, რომ ფორმალურად კანონი არ დაარღვიონ. 

ნახევარი ჰექტარი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლისთვის

ბაკურიანში, კოხტას ძირში, ყოფილი ცეკავშირის მიმდებარედ, ნაცრისფერი გალავნით შემოსაზღვრული სახლი დგას. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც იანვრის შემდეგ მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ სახლის უკან, 5 630 კვ.მ ტყე პრემიერ–მინისტრის ცოლმა 49-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. 

ნუნუ თამაზაშვილს ელექტრონულ ვაჭრობაში კონკურენტი არ ჰყოლია, აუქციონის დასრულებიდან ოთხ დღეში კი, პრემიერის ცოლმა იჯარის უფლება ოფიციალურადაც გაიფორმა. მისი იჯარის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოითხოვა სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით ალადაშვილმა, რომელსაც არცერთ სხვა შემთხვევაში არ წარუდგენია განცხადება დაინტერესებული პირის ნაცვლად. სატყეო სააგენტოსა და ნუნუ თამაზაშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ საჯარო რეესტრში, 29 დეკემბერს, 16:45 საათზე შეიტანა. 17:30-ზე ის უკვე დამოწმებული იყო. იმავე უფლების რეგისტრაციის ჩანაწერების გადამოწმებისას ირკვევა, რომ განმცხადებლებს სულ მცირე ერთი დღე მაინც უწევთ ლოდინი.  

ხელშეკრულების პირობებით, ნუნუ თამაზაშვილმა ამ ტერიტორიაზე ტურისტული, სარეკრეაციო სივრცე უნდა მოაწყოს და სახელმწიფოს წელიწადში 6 000 ლარი გადაუხადოს. კონტრაქტითაა გაწერილი ტყის მოვლის ვალდებულებებიც.  

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლისთვის ტყის გადაცემის ამბავი მედიამ აღმოაჩინა, ხელისუფლება დაჟინებით ცდილობდა, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ტყის იჯარით აღება არა პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაა; იგივეს გაკეთება ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია; ამ ნაკვეთზე გადაადგილება არავის შეეზღუდება და იქ პრემიერის ოჯახი სარეკრეაციო სივრცეს მოაწყობს.

რასაც ეძახიან ტყის მასივს, ეს არის რაღაც კონკრეტული ტერიტორია, ნახევარ ჰექტრამდე, სადაც არის სულ რამდენიმე ხე. აქედან ჩანს ის, რომ რეალურად სალაპარაკო არაფერი დარჩა ოპოზიციურ მედიას და ასეთ თითიდან გამოწოვილ თემებზე საუბრობენ, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მოგვიანებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა მთავრობის სტრატკომმაც. 4 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტს უწყებამ დაურთო ვიდეომასალაც, რომელშიც პრემიერის სახლისა და მისი მიმდებარე ტყის დრონით გადაღებული კადრები ჩანს. ვრცელ განმარტებაში სტრატკომი მიუთითებს, - სრული აბსურდია საუბარი იმის შესახებ, რომ ბაკურიანში მცხოვრები მოსახლეობა და ტურისტები ვეღარ შეძლებენ ბაკურიანის ტყეში გადაადგილებას.

„მთის ამბების“ ჯგუფი ბაკურიანში 18 თებერვალს ავიდა. როგორც კი პრემიერის სახლს მივუახლოვდით, გვერდითა კოტეჯიდან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე კაცი გამოვიდა და ჩვენი იქ მისვლის მიზეზების გარკვევა დაიწყო. ერთ-ერთმა მათგანმა კამერა შენიშნა, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით შეეცადნენ, ვეიძულებინეთ, ტერიტორია დაგვეტოვებინა.

 პირდაპირ რომ გითხრათ, მაგის გადაღების საშუალებას ვერ მოგცემთ. მოკლედ გეუბნები, ვერ გადაიღებთ, დაჯექით მანქანაში და წადით

გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც თავდაპირველად მეზობელი კოტეჯის მეპატრონედ გაგვეცნო და რომელსაც თითქოსდა არ სურდა, მისი სახლი გადაგვეღო, -

„ჩემს საკუთრებას არ გადაგაღებინებთ, რა უფლებით იღებთ. დაჯექით და წადით, გინდათ, ძალით გაგიყვანოთ აქედან?“

პრემიერის „მეზობლებმა“ კამერისა და ტელეფონების წართმევაც სცადეს და არათუ ტყეში შესვლის, მასთან მიახლოების საშუალებაც კი არ მოგვეცა.

  პრემიერ-მინისტრის „მეზობლები“, ბაკურიანი, ირაკლი ღარიბაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორია. ფოტო ©მთის ამბები

იცოდნენ თუ არა ბაკურიანელებმა, რომ პრემიერის სახლის უკან, ნახევარი ჰექტარი ტყე იჯარით გაიცემოდა - ბაკურიანში ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ვინც ამ თემაზე ღიად ისაუბრებს. ადგილობრივ ბაქარ შირაძეს, რომელიც პარტია „ევროპული საქართველოს“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, არ სჯერა, რომ პრემიერის მეუღლე ამ ტყეში ისეთ ტურისტულ ზონას მოაწყობს, სადაც დამსვენებლებს შესვლა თავისუფლად შეეძლებათ.

„ბაკურიანელი ხალხისთვის მიწის რეგისტრაცია დღემდე უდიდესი და გადაუჭრელი პრობლემაა. აქვთ მამა-პაპისეული მიწები, რომლებსაც ვერ იკანონებენ. არ შეუძლიათ ადგილობრივებს, რომ საკუთარ ეზოში არსებული მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირონ. რეკრეაციულ ზონებად უქციეს ადამიანებს ეზოები და არ აძლევენ მშენებლობის ნებართვებს. ასეთი მაგალითები როგორც ბორჯომში, ისე ბაკურიანშიც მრავლად გვაქვს და ამ დროს, რას ვხედავთ?!“

იჯარით აღებული ტყის მონაკვეთი პრემიერის სახლის უკანა ეზოს ესაზღვრება. ამიტომაც, ბაქარისთვის რთული წარმოსადგენია, რომ ეს ადგილი როდისმე საკურორტო-სარეკრეაციო სივრცედ იქცევა.

„რომელმა ადგილობრივმა, თუნდაც წარმომადგენელმა იცოდა ამის შესახებ? ყველაფერი ისე მოხდა, რომ ხალხს წარმოდგენაც არ ჰქონდა. დავუშვათ, ეს ტერიტორია გადაიქცა საზოგადოებრივად და ირაკლი ღარიბაშვილი გამოდგა ისეთი კარგი კაცი, რომ ბაკურიანელებისთვის აკეთებს სასეირნო ბილიკებს და სარეკრეაციო სივრცეს, მოეწვიათ ხალხი, აზრი ეკითხათ, როგორი უნდოდათ ყოფილიყო, მაგრამ აქ არავის სჯერა, რომ მართლა მაგისთვის კეთდება“. 

ის და მისი ტყე აბასთუმანში

სასეირნო ბილიკები და ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყო აბასთუმანში, საკუთარი სახლის უკან, ყოფილ პრემიერსაც. ბიძინა ივანიშვილმა 12 000 კვ.მ ტყე, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს ეკუთვნის, 2019 წელს, დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოსგან 45-წლიანი იჯარით მიიღო.

ბაკურიანიდან აბასთუმანში ამ ტურისტული ინფრასტრუქტურის დასათვალიერებლად წავედით.

აქ ყველგან ბილიკები იყო, დავდიოდით თავისუფლად, ახლა ვეღარ შეხვალ, კლდეებით შემოღობა.

„ერთადერთი, ზემოდან შეიძლება ჩამოხვიდე, ტყიდან, მაგრამ ეგრევე დაგაფიქსირებს დაცვა“, - გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. კითხვაზე, ვისი დაცვა, - გვპასუხობს, - „იმის“.

აქ ბიძინა ივანიშვილს ასე მოიხსენიებენ, ნაცვალსახელით - ყველა ხვდება, ვისზეა საუბარი.

კიდევ ერთი აბასთუმნელი გვიყვება, რომ ტყის იმ მონაკვეთში, სადაც „მისი სახლია“, არავინ შედის, მაგრამ ტურისტული ბილიკებისთვის აბასთუმანში ისედაც ბევრი ადგილია, ამიტომ ერთ ჰექტარ ტყეს შემოღობავს თუ არა „ის“, არაფერს ცვლის.

„თავისია და თუ უნდა შემოღობავს, თუ უნდა არა, მაგრამ მგონია რომ ტურისტებისთვის გახსნის ზაფხულში“, - ასე ამთავრებენ „მასზე“ და „მის“ ტყეზე ლაპარაკს აბასთუმნელები.

ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, რომელიც „ოცნების“ ლიდერს, ხელშეკრულების მიხედვით, ტყის იჯარით აღებიდან ერთ წელიწადში უნდა მოეწყო, დავათვალიერეთ ტერიტორიის უცხოთაგან დასაცავად მოწყობილი ინფრასტრუქტურა - უზარმაზარი გალავანი, მის ყველა კუთხეში დამაგრებული სათვალთვალო კამერები, დაცვის რამდენიმე ჯიხური და ხელოვნური კლდეები. 

  ხუთსართულიანი კორპუსის სიმაღლის ხელოვნური კლდე, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორია. ფოტო ©მთის ამბები

ტყეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლს ესაზღვრება, რეესტრის თანახმად, ფლობს შპს „აბასთუმანი 2019“, რომელსაც თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი“ ფლობს.

„აბასთუმანი 2019-სა“ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაში წერია, რომ მოიჯარეს ტერიტორია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გადასცეს. აქ კომპანიას სულ მცირე ორი მოსასვენებელი ფანჩატური და ტურისტული ბილიკები უნდა მოეწყო. კადრებში, რომლებიც დრონით გადავიღეთ, ჩანს რომ ტყეში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ, მართლაცაა ორი ფანჩატური, რომლებიც საგუშაგო კოშკის ფუნქციას ასრულებს.

12 000 კვ.მ დაცული ტერიტორიის 45 წლით სარგებლობის სანაცვლოდ, კომპანია სახელმწიფოს ყოველწლიურად 8 200 ლარს უხდის.

რატომ ეზღუდება მოსახლეობას ამ ტერიტორიაზე გადაადგილება, აქვს თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს და თუ მოჰყოლია ამ ფაქტს რაიმე რეაგირება, - ამის გასარკვევად „მთის ამბები“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ კითხვებზე წერილობით გვიპასუხებდნენ, თუმცა პასუხი წერილის მიღებიდან ერთი თვის შემდეგაც არ ჩანს.

 როგორ გაიცემა ტყე იჯარით

საქართველოში ტყეების იჯარით გაცემა, 2020 წლიდან, ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ გამარტივდა. თუ მანამე ტყის იჯარით აღებას მთავრობის ნებართვა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სჭირდებოდა, ახალი კანონით, იჯარებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ტყის მართვის ორგანოზე გადავიდა. შეიცვალა ადმინისტრაციული წარმოების სახეც და საჯაროს ნაცვლად, ეს პროცესი მარტივი წესით იწარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს.

საქართველოს კანონმდებლობით, ტყით სპეციალური სარგებლობის ფორმებია: 

  • სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადება;
  • ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;
  • პლანტაციური მეურნეობის მოწყობა;
  • სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;
  • საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა;
  • თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა;
  • ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა;
  • ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება;
  • სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა;
  • განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა.

საქართველოში, უშუალოდ იმ ტყეებზე, რომლებიც ეროვნული პარკის, ან სხვა დაცული ტერიტორიის საზღვრებში ექცევა, დაცული ტერიტორიების სააგენტოა პასუხისმგებელი. სხვა დანარჩენი ტყის მართვა ეროვნული სატყეო სააგენტოს ვალდებულებაა.

ტყითსარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს უნდა მიმართოს განაცხადით, რომელშიც მიუთითებს, ტყე რა საქმიანობისთვის სჭირდება. განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. თუ სააგენტო მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ის ტყის ნაკვეთს აუქციონზე გაიტანს, აუქციონის დასრულების შემდეგ კი გამარჯვებულსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულება ფორმდება.

რის მიხედვით წყვეტს სააგენტო, ტყის რომელი მონაკვეთი უნდა გასცეს იჯარით და რომელი არა - სააგენტო გასაიჯარებელ ნაკვეთს ტყის მართვის გეგმის საფუძველზე უნდა არჩევდეს. კოდექსის მიხედვით, ამგვარი ათწლიანი გეგმა უნდა არსებობდეს ქვეყნის ყველა სატყეო უბნისთვის.

ეროვნული სატყეო სააგენტო 1,993,900.0 ჰექტარ სახელმწიფო ტყეს მართავს, აქედან ტყის მართვის გეგმები მხოლოდ დაახლოებით 20 %-ზე - 396,154.0 ჰექტარზეა მომზადებული.

„მთის ამბებმა“ სააგენტოდან ბორჯომ-ბაკურიანისა და ადიგენის სატყეო უბნების მართვის გეგმები გამოითხოვა.

ბორჯომ-ბაკურიანის ტყითსარგებლობის გეგმა სატყეო სააგენტოს 2014 წელს აქვს მიღებული. 220-გვერდიან დოკუმენტში, ძირითადად, აღწერილია ტაქსაციური ინფორმაცია, ცნობები ხეების ჯიშებსა და მათ სამერქნე რესურსად გამოყენებაზე. მასში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რომელი მონაკვეთის იჯარით გაცემა შეიძლება და რომლის არა.

მსგავსი გეგმა ჯერ არ არსებობს ადიგენისთვის. „ამ ეტაპზე, „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF) პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ტყის მართვის გეგმის შემუშავება. გეგმის დასრულების შემდგომ ჩატარდება მისი საჯარო განხილვა და განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე“,- მოგვწერეს სააგენტოდან.

 საზოგადოებრივი სიკეთე საზოგადოების გარეშე

გარემოსდამცველი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო განხილვაც და ტყის გაიჯარების პროცედურებიც, რეალურად, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და მოსახლეობის მონაწილეობა მასში მინიმალურიც კი არაა.

წინა კანონმდებლობით, ხე-ტყის ლიცენზიების გაცემამდე, ეწყობოდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომ სახელმწიფოს მიეღო გადაწყვეტილება, ესა თუ ის უბანი ღირს თუ არა აუქციონზე გასატანად. ამისთვის საჭირო იყო საჯარო განხილვების მოწყობა, დასაბუთება, რომ ამა თუ იმ ტყის მონაკვეთს უკეთესი გამოყენება ექნება თუ აუქციონზე გავიტანთ. სამწუხაროდ, ახალ კოდექსში ეს საკითხი ამოვარდა. დღეისთვის, ტყითსარგებლობის სხვადასხვა ფორმაა განსაზღვრული.“

 ტყითსარგებლობის ამ ფორმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება არა საჯარო, არამედ მარტივი ადმინისტრაციული წესით, ანუ საზოგადოების მონაწილეობის, აზრის მოსმენისა და საჯარო განხილვების გარეშე.“

ირაკლი მაჭარაშვილი იხსენებს, რომ ტყის ახალი კოდექსის მიღებისას, გარემოსდამცველთა შიშების გასაბათილებლად, კანონმდებლები სწორედ ტყის გეგმების არსებობას იშველიებდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ეს გეგმები, რომლებიც საჯარო ადმინისტრაციული წესით დამტკიცდებოდა, საზოგადოების მონაწილეობას უზრუნველყოფდა.

ტყის მართვის გეგმები, პრაქტიკაში, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ შორსაა საზოგადოების ნამდვილი მონაწილეობისგან. შესაძლებელია, ფორმალურად ჰქვია, რომ საჯარო ადმინისტრაციული წესით ხდება დამტკიცება, მაგრამ არანაირი საჯარო განხილვა და არანაირი მონაწილეობა პრაქტიკულად არ არის. დღეს სადაც იჯარით არის გაცემული ტყეები, შეიძლება, ამ ტერიტორიებზეც დამტკიცებული იყოს მართვის გეგმები, მაგრამ არ მგონია, რომ ამ გეგმების დამტკიცებისას საზოგადოებას მიეღო აქტიური მონაწილეობა ან საზოგადოების მიერ გამოთქმული მოსაზრებები რამენაირად ასახულიყო. ისეთი ენითაც არის დაწერილი, ძალიან ტექნიკური, მეტყევური ენით, რომელიც არასპეციალისტისთვის გაუგებარია, თუნდაც ამ არასპეციალისტის მნიშვნელოვან, გარემოსდაცვით სოციალურ და ეკონომიკურ ინტერესებს ეხებოდეს ეს გეგმა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღესდღეობით, რომ შესაძლებელია, ამა თუ იმ ტერიტორიაზე გაიჯარება მოხდეს, კანონი არ დაირღვეს, მაგრამ ნაცნობობა, საქმის ჩაწყობა და გავლენის სხვა ფორმით გამოყენება კანონის დარღვევის გარეშეც შეიძლება.“

აქვს თუ არა უფლება მოიჯარეს, რომელიც ტყეს სარეკრეაციო მიზნებით იღებს, შემოღობოს ტერიტორია და მოქალაქეებს მისით სარგებლობა შეუზღუდოს? – „მწვანე ალტერნატივას“ ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს:

ტყის კოდექსი განსაზღვრავს სარგებლობის ასეთ ფორმას, რომელსაც ჰქვია ტყით საერთო სარგებლობა, რაც გულისხმობს დასვენებას, რეკრეაციას, ხილის, სოკოს შეგროვებას. მოკლედ, ადამიანს ნებისმიერ ადგილზე შეუძლია ისარგებლოს ამ საერთო ფორმით.

არათუ იჯარით გაცემულ ტყეში, არამედ კერძო საკუთრების ტყეშიც არ შეუძლია მესაკუთრეს, შეზღუდოს ასეთი სარგებლობა.“

ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ტყით, როგორც საჯარო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვა ნიშნავს კონსტიტუციით მინიჭებული იმ უფლების შეზღუდვას, რომელიც ამბობს, რომ საჯარო სივრცეში გადაადგილება შეუძლია ყველას.

რას ამბობს სტატისტიკა

საქართველოში, ტყეს, ძირითადად, საკურორტო და რეაკრეციული მიზნებით იღებენ. 2017 წლიდან დღემდე, იჯარით გაცემულია 99,997.0 კვ.მ ნაკვეთი. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ამით სახელმწიფო ყოველწლიურად 55 000 ლარზე მეტ თანხას იღებს და მის ინტერესშია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გამოთქვას ტყის იჯარით აღების სურვილი. თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსურველების დიდ ნაწილს სააგენტო უარით ისტუმრებს.

სახელმწიფო ტყის იჯარის ყველაზე მეტი აუქციონი ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2021 წელს გამოაცხადა. სააგენტოს ინფორმაციით, ამ წელს, ტყითსარგებლობის უფლება 173-მა ადამიანმა ითხოვა, მათგან მხოლოდ 18 საქმე მივიდა აუქციონამდე. საბოლოოდ კი, გაფორმდა 13 ხელშეკრულება, მათ შორის ერთი - პრემიერის მეუღლესთან.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სატყეო სააგენტომ სულ 16 ხელშეკრულება დადო ტყეების მოიჯარეებთან. მხოლოდ სამ შემთხვევაში ჰყავდა გამარჯვებულს კონკურენტი, დანარჩენ შემთხვევებში, განმცხადებლები აუქციონის ერთადერთი მონაწილეები იყვნენ.

 

სატყეო სააგენტო განმარტავს, რომ სხვადასხვა პერიოდში, ათობით მსურველს ეთქვა უარი ტყის ფართობის იჯარაზე. „ტყით სპეციალური სარგებლობის მიზნით მოთხოვნილ ფართობებზე, უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ სარგებლობის სახისა და მისი გეოგრაფიული არეალის მიხედვით, იჯარით გაცემაზე შეთანხმება ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან. მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქონების ეროვნული სააგენტო და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია არგუმენტირებული უარის საფუძველი, ხდება მისი გათვალისწინება წარმოების პროცესში,“ - ვკითხულობთ სატყეო სააგენტოს წერილში.

ტყის მოიჯარეები საქართველოში

ტურისტული და სარეკრეაციო მიზნით, სახელმწიფო ტყის მოიჯარეა თბილისის ყოფილი მერისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მოქმედი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მეუღლის კომპანიაც. თბილისის მახლობლად, საბადურის ტყეში, 10 ჰექტარი შპს „საბადური ვილაჯეს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან 40-წლიანი განკარგვის უფლებით გადაეცა. კომპანიამ ყოველწლიურად ამაში 160 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.

„საბადური ვილაჯეს“ აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყო, რაშიც არანაკლებ 4 მილიონი უნდა დაეხარჯა, თუმცა 2019 წელს აღებული ვალდებულება კომპანიას დღემდე არ შეუსრულებია.

ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების დროულად ვერშესრულების შემთხვევაში, კომპანიამ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20-ლარიანი ჯარიმა უნდა გადაიხადოს. კონტრაქტში წერია ისიც, რომ სააგენტომ კომპანიას ახალი ვალდებულებების შესასრულებლად ახალი გონივრული ვადა უნდა განუსაზღვროს. საბადურის ტყე დაცული ტერიტორიების სააგენტოს პასუხისმგებლობის ქვეშაა. სააგენტოში „მთის ამბებს“ უთხრეს, რომ კომპანია მხოლოდ ჯარიმას იხდის და მისთვის ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვადა განსაზღვრული არაა. შესაბამისად, უცნობია, კომპანია დაკისრებულ ვალდებულებებს როდის შეასრულებს.

„მთის ამბებმა“ იმ ადამიანებისა და კომპანიების შესახებაც გამოარკვია, ვინც 2017 წლიდან დღემდე სატყეო სააგენტოსთან ტყითსარგებლობის ხელშეკრულება გააფორმა. ასეთი სულ 16 მოიჯარეა. აქედან 13 ხელშეკრულება 2021 წელს გაფორმდა.

ერთ-ერთი ასეთი მოიჯარე გოჩა ზეიკიძეა - მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, რომელსაც 684 კვ.მ ტერიტორია 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული, წელიწადში 205 ლარად. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მან აქ არანაკლებ 50 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. სატყეო სააგენტომ გოჩა ზეიკიძესთან ხელშეკრულება 2021 წელს გააფორმა.

ტყითმოსარგებლეებს შორისაა ქართული ოცნების ერთ-ერთი უმსხვილესი შემწირველი, ბიზნესმენი დავით თოფურიძეც, რომელსაც 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით, მცხეთაში, მუხათწყაროს ტერიტორიაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გადაეცა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, დავით თოფურიძე წილს ფლობს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებში: „ტიფლისი დისტილერი“, „ბარაკონი“, „ტიფლისი“, ასევე, კომპანიაში „კოკა-კოლა სამხრეთ ჯგუფი“. ეს კომპანიები ალკოჰოლური სასმელების წარმოებითა და ექსპორტითაა დაკავებული. დავით თოფურიძის „ტიფლისმა“ 2019 წელს „ქართულ ოცნებას“ 100 ათასი ლარი შესწირა. მანამდე, 2018 წელს, მან 80 ათასი ლარით დააფინანსა „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია.

წელიწადში 500 ლარის სანაცვლოდ მოიპოვა იჯარის უფლება მცხეთაში, სოფელ წოდორეთში, თამთა დემურიშვილმა, რომელიც 2015 წლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა 2022 წლის თებერვლის ჩათვლით. პირობების თანახმად, მან 186 კვ.მ ტერიტორიაზე ფუტკრის განსათავსებელი ადგილი უნდა მოაწყოს. იჯარის ვადა 5 წელია.

299 კვ.მ ტყის ფართობი გაიფორმა 49 წლით ამირან გუნცაძემ. 2000 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. მისი შვილი, გიორგი გუნცაძე, ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილეა. მანამდე ის მანდატურის სამსახურის სამმართველოს უფროსი იყო.

ტყის ფონდში შემავალი მიწის ნაკვეთის მოიჯარეა ხულოს მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, ზვიად თავართქილაძის მამა. სულიკო თავართქილაძემ იჯარის უფლება 2021 წლის ოქტომბერში მოიპოვა. პირობების თანახმად, მან კურორტ ბეშუმში ტურისტული სარეკრეაციო სივრცე და კოტეჯები უნდა მოაწყოს.

საკუთარი სახლის მიმდებარედ, 49 წლიანი იჯარით მიიღო სახელმწიფო ტყე ნათია ლაზაშვილმა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2-ის“ წამყვანმა. მისი მეუღლე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრია. 1 522 კვ.მ ტერიტორიის სანაცვლოდ მან სახელმწიფოს ყოველწლიურად 4 566 ლარი უნდა გადაუხადოს.

2017 წლიდან 2020-ის ჩათვლით, სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამი ხელშეკრულება გაფორმდა. სამივე დაინტერესებული პირი კომპანია იყო.

2017 წელს მხოლოდ ერთი აუქციონი შედგა - მარტვილში საქონლის დროებითი სადგომის მოსაწყობად გაიცა 3 115 კვ.მ ტერიტორია 10-წლიანი სარგებლობისთვის. ყოველწლიური იჯარის თანხა - 140 ლარი. გაიმარჯვა შპს როიალ დენტმა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ბიზნესმენი ირაკლი ლომაიაა. 2021 წელს მან „ქართულ ოცნებას“ ჯამში 50 ათასი ლარი შესწირა.

2018 წელს აუქციონი არ გამოცხადებულა, ხოლო 2019 და 2020 წლებში სასოფლო-სამეურნეო მიზნით ორი მიწის ნაკვეთი გაიცა იჯარით, ორივე ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამარჯვებული ორივე შემთხვევაში შპს ღვინის გზა 2017 გახდა. მისი მესაკუთრე ახალგაზრდა ბიზნესმენი ომარ ხატიაშვილია.

ჩვენ მიერ მოპოვებული და სტატიაში მოყვანილი მონაცემები მხოლოდ ტყეების სპეციალური სარგებლობის ფორმებს ასახავს, თუმცა აუქციონი ტყის მიღების ერთადერთი გზა არაა. 2020 წელს, ტყის გაცემის პროცდურების გამარტივების გარდა, ახალ კოდექსში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა - საქართველოს საპატრიარქოს მიეცა უფლება, ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყე საკუთრებად დაიკანონოს. ამისთვის ეკლესიას არც აუქციონი სჭირდება და არც საჯაროობა.

საპატრიარქოსთვის ამ უფლების მინიჭებამ, კანონის მიღებისას, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. სამოქალაქო სექტორი, ამ ჩანაწერს სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ დისკრიმინაციულად აფასებდა, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო.

დღეისათვის, იმის ზუსტად თქმა, თუ რამდენ ტყეს ფლობს საპატრიარქო, შეუძლებელია. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად იღებს უძრავ ქონებას სახელმწიფოსგან - მიწის ნაკვეთებსა და შენობა ნაგებობებს. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, დღემდე სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული ქონება, დაახლოებით, 64 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, რაც ვატიკანის, მონაკოს, ნაურუსა და ტუვალუს ერთობლივ ფართობს უდრის.

ავტორი: რობი ზარიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში