საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთებთან მებრძოლი მამაცი ექიმი - National Geographic-ის რეპორტაჟი ირაკლი ხვედაგურიძეზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:28 - 23 მარტი 2022 hits 13169

„ზაფხულში და ადრიან შემოდგომაზე, ვიდრე მთების მწვერვალები თოვლით შეიმოსება, ირაკლი ხვედაგურიძე პაციენტებთან თავისი თეთრი ცხენით, ბიჭოლათი მიდის. როდესაც თოვლი იმხელაა, რომ ცხენს გავლა უჭირს, ირაკლი ხვედაგურიძე თავის ფეხსაცმელებს თხილამურებად აქცევს, არყის ხის ფიცრებისგან შეკრულ ხელნაკეთ თხილამურებად. როდესაც თოვლი მის მუხლებს ასცდება, ირაკლი ხვედაგურიძეს მხოლოდ ფეხით სიარული შეუძლია.

ყოველთვის, როდესაც პაციენტთან მიდის, თან მიაქვს დანა, ასანთი, საჭმელი, რომელიც სულ მცირე ორი დღე მაინც გაძლებს და სანადირო თოფი - რა თქმა უნდა, თავის სტეთოსკოპთან და სამედიცინო ჩანთასთან ერთად“, - ასე იწყება National Geographic-ის ვრცელი ფოტორეპორტაჟი 80 წლის ირაკლი ხვედაგურიძეზე, თუშეთის 52 სოფლის ერთადერთ ექიმზე.

22 მარტს გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ჟურნალისტი ნადია ბერდია, თბილისში მცხოვრები ჟურნალისტი და პიანისტი. ის წლებია, საერთაშორისო გამოცემებისთვის წერს, მათ შორისაა Reuters, The Guardian, The Independent, The Telegraph, The Calvert Journal. რეპორტაჟში გამოქვეყნებული ფოტოები კი ეკუთვნის ისრაელელ ფოტოდოკუმენტალისტს, ტომერ იფრას, რომელიც ბოლო ათი წელია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობს. ნადია ბერდსაც და ტომერ იფრასაც არაერთი რეპორტაჟი აქვთ მომზადებული საქართველოს შესახებ.


ირაკლი ხვედაგურიძე. ფოტო ©️ ტომერ იფრა / National Geographic

„ირაკლი ხვედაგურიძე, ერთადერთი ლიცენზირებული ექიმია თითქმის 386 კვადრატული მილის რადიუსში. ის ერთადერთი იმედი და მაშველია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაახლოებით 8 თვის განმავლობაში დანარჩენ ქვეყანას სრულიად მოწყვეტილია. „ყოველთვის, როცა გარეთ გადიხარ, სულერთია წლიწადის რა დროა და როგორი ამინდია, იცი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - ამბობს ირაკლი ხვედაგურიძე, - „შეიძლება კლდიდან გადავარდე, რამე იტკინო. ეს ველური ბუნებაა.“

ავტორი წერს, რომ თუშეთის ერთადერთმა ექიმმა, წლების განმავლობაში, ათობით ადგილობრივის სიცოცხლე გადაარჩინა. ახლა, ამ პერიოდში კი, ძირითადად, ყოველდღიურ ამბებზე უწევს სიარული: მეცხვარეებს ზურგი სტკივათ, მოხუცები გულის აჩქარებას უჩივიან, ტურისტებს ხიფათი შეემთხვათ.  

„დეკემბერში, როდესაც ირაკლი ექიმი ხეობის მეზობელ სოფელში თავის მეგობართან იყო სტუმრად, 112-დან დაურეკეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ სოფელში კაცი აჩქარებულ გულისცემასა და მკერდის არეში ტკივილს უჩიოდა. მაშინ ირაკლი ხვედაგურიძემ, 7.5 მილი ფეხით გაიარა ამ პაციენტთან მისასვლელად.

ხვედაგურიძე ბოჭორნაში ცხოვრობს, სოფელში სადაც ასე 10-მდე სახლია. მისი ორსართულიანი კოტეჯი ნაცრისფერ-ყავისფერი ფიქალისა და ხისგანაა აგებული და ფართო, მწვანე ველს გადაჰყურებს“

სტატია გვიყვება, რომ თბილისის სამედიცინო უნიევრსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1970 წელს, ირაკლი ხვედაგურიძემ, მუშაობა ქვეყნის ერთ-ერთ კლინიკაში დაიწყო. 1979-ში, როდესაც მისმა წინამორბედმა თუშეთი დატოვა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ექიმმა სეზონურად დაიწყო თუშეთში ჩასვლა და მორიგეობა. 2009-ში კი სამსახური მიატოვა და იმის ნაცვლად, რომ პენსიაზე გასულიყო, თუშეთში სამუშაოდ დაბრუნდა.

„მისი სამედიცინო მარაგები მწირია - სტეთოსკოპი, ტკივილგამაყუჩებლები, მცირე ქირურგიული კომპლექტი ჭრილობის გასაკერად, კუნთის სპაზმის მოსახსნელი ინექციები - ეს ყველაფერი პირველადი დახმარების გერმანულ სამხედრო ჩანთაში, რომელსაც წითელი ჯვარი ახატია. ირაკლი ხვედაგურძე თავის საქმიანობას ასე აღწერს, - „შუამავალი ღმერთსა და ავადმყოფს შორის“.

„ჩემთვის არც დღეა და არც ღამე. თუ დამირეკავენ, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა,  წვიმს, თოვს, დღეა თუ ღამე - მე უნდა წავიდე. თუნდაც 90 წლისა ვიყო, თუკი იქნებიან ადამიანები, ვისაც ვჭირდები, მე წავალ მათ დასახმარებლად. ეს ჩემი ვალია“, - ეუბნება ირაკლი ხვედაგურიძე ჟურნალისტს.

ფოტორეპორტაჟი ირაკლი ხვედაგურიძის პაციენტებზეც მოუთხრობს მკითხველს, მის მეზობლებზე, მეცხვარეებზე, ვის დასახმარებლადაც ირაკლი ექიმი მუდმივად მზადაა.

ექიმი და მისი პაციენტი. ფოტო ©️ ტომერ იფრა / National Geographic

სტატიის დამასრულებელ ქვეთავს „გაურკვეველი მომავალი“ ჰქვია, ავტორი რეპორტაჟსაც ამ შეკითხვით ამთავრებს.

„წლის დასასრულს, როდესაც გზა იკეტება, მთის ექიმის მშობლიური ადგილი თითქმის დაცარიელებულია, ხალხისგანაც და პირუტყვისგანაც. სადღაც შორს მხოლოდ მცირერიცხოვანი ფარა მოჩანს და ძველისძველი ჯიპი, რომელიც სქელ რუხ კვალმს აყენებს, ვიდრე თოვლში გაუჩინარდება.

თოვლის მოსვლა ძალიან სწრაფად ამხელს, თუ რა მწირია თუშეთის ინფრასტრუქტურა. გადაადგილება ამ დროს განსაკუთრებულ ფიზიკურ ძალას ითხოვს. უახლოესი ონკანიდან ან ნაკადულიდან წყლის მოტანა მთელ დილას წაიღებს. საწვავს ვერსად იშოვი. სამხედრო ვერტმფრენებს მოაქვთ საჭმელი და სხვა საჭირო ნივთები, რომლებსაც ბარში მცხოვრები ნათესავები ატანენ.

„ზოგჯერ მგლის ყმუილი მესმის შორიდან, - ამბობს ირაკლი ხვედაგურიძე, - ამით ვხვდები, რომ სადღაც შორს სიცოცხლე არის.“

უფრო იოლი ცხოვრება ექნებოდა სხვაგან, მაგრამ თუშეთის დატოვება ვერ წარმოუდგენია. ვერ წარმოუდგენია კავშირის გაწყვეტა წინაპრების მიწასთან და თავის პაციენტებთან.

მისი თავდადების მიუხედავად, ოდესღაც დადგება დრო, როდესაც ამ საქმის კეთებასა და აქ დარჩენას ვეღარ შეძლებს, - „მე წავალ, მაგრამ არ ვიცი, შემდეგი ექიმი გაწირავს კი თავს აქაურობისთვის?“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში