საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საერთაშორისო მოგზაურებისგან საქართველომ იანვარში 114 მილიონი დოლარი მიიღო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:49 - 17 თებერვალი 2022 hits 2319

ყველაზე მეტი თანხა ქვეყანაში რუსეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლევანდელი იანვრის შემოსავალი, 114 მილიონი აშშ დოლარი, 104 მილიონით მეტია, ვიდრე შარშან ამავე თვეში მივიღეთ, თუმცა 79 მილიონით ჩამოუვარდება 2020 წლის იანვრის შემოსავლებს. 

უცხოელი ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხები ქვეყნების მიხედვით:

  • რუსეთი - $18,7 მილიონი
  • უკრაინა - $14,2 მილიონი
  • თურქეთი - $12,8 მილიონი
  • ისრაელი - $9,1 მილიონი
  • საუდის არაბეთი - $5,1 მილიონი
  • სომხეთი - $5 მილიონი
  • აზერბაიჯანი - $4,9 მილიონი
  • ირანი - $2,8 მილიონი
  • ევროპული ქვეყნები - $13,6 მილიონი
  • სხვა ქვეყნები - $27,9 მილიონი

2022 წლის იანვარში, საქართველოში 199, 393 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. მათგან 163, 615 ტურისტული მიზნით. ვიზიტების რაოდენობა 471 %-ით გაზრდილია 2021 წლის იანვართან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებია 2020 წლის ამავე თვის მაჩვენებელზე. 2020 წლის იანვარში ქვეყანაში 363,614 ტურისტი შემოვიდა, საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლის საერთო მაჩვენებელი კი 633 201 იყო.

10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა:

  • თურქეთი - 31,775
  • რუსეთი - 28,381
  • საქართველო (არარეზიდენტი) - 22,119
  • სომხეთი - 19,606
  • უკრაინა - 12,631
  • ისრაელი - 8,240
  • აზერბაიჯანი - 7,221
  • ყაზახეთი - 4,552
  • საუდის არაბეთი - 4,439
  • ირანი - 4,083

გასულ წელს, საქართველოში სულ 1, 881, 271 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, მათგან 1, 577 463 ტურისტი იყო. შარშან მიღებულმა შემოსავლებმა კი 1, 244, 941 მილიარდს მიაღწია.

თუკი 2019, 2020 და 2021 წელსაც ვიზიტორთა უმრავლესობა სახმელეთო გზით შემოდიოდა, 2022 წლის იანვარში საჰაერო და სახმელეთო გზით ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა თითქმის თანაბარია.

საქართველოს ტურისტული სექტორში ვარდნა კოვიდპანდემიის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. 2020 წლის თებერვლის ბოლოდან საქართველოს ხელისუფლებამ ეტაპობრივად დაიწყო შეზღუდვების დაწესება და ზოგიერთ ქვეყანასთან მიმოსვლა შეაჩერა, 18 მარტიდან დროებით ჩაიკეტა საქართველოს საზღვრები, რამდენიმე დღეში კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

2020 წლის ზაფხულიდან, შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმებასთან ერთად ქვეყანა უცხოელი ვიზიტორებისთვისაც გაიხსნა, თუმცა კოვიდრეგულაციები ამ დრომდე მოქმედებს.

კოვიდვაქცინით უცხოელთა შემოსვლა საქართველოში - რეგულაციები Stopcov.ge-ს მიხედვით:

საჰაერო გზით - ვალდებულია წარადგინოს ერთ-ერთი: ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბოლო 100 დღის პერიოდში Covid-ინფექციის გადატანის (დადასტურებული დადებითი PCR-ტესტი) და ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა, ამასთან აცრიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 14 დღისა.

სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლისას, მოთხოვნები იგივეა, თუმცა მათ კიდევ ერთი, 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულება ემატება.

განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს იმ უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში კოვიდვაქცინის გარეშე შემოდიან.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში