საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მეშახტეებს უსაფრთხოების ნორმები არ დაურღვევიათ - პროფკავშირი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:17 - 31 იანვარი 2022 hits 2088

აფეთქება მეშახტეების მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას არ გამოუწვევია - ასე აფასებს პროფკავშირები აფეთქებას, რომლის შედეგადაც ერთი მეშახტე დაიღუპა და 8 დაშავდა.

30 იანვარს, მინდელის შახტის მე-2 უბანზე მომხდარ უბედურ შემთხვევას განცხადებით გამოეხმაურნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი.

„შახტის შრომის უსაფრთხოების სისტემა აღჭურვილია მეთანის კონცენტრაციის გაზომვის როგორც ხელოვნური, ასევე ავტომატური საშუალებებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ყოველი ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს დაწყებისას იყოს ცნობილი, თუ რამდენია მეთანის კონცენტრაცია კონკრეტულ სამუშაო ლოკაციაზე და თუ კონცენტრაციის მაჩვენებელი ნორმაშია, მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს დაწყების ნებართვა შახტის დისპეჩერის მიერ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მეშახტეების ბრიგადას შრომის უსაფრთხოების ნორმები არ დაურღვევია - ფეთქითი მასალის ნახშირის ფენებში დამონტაჟების წესებიც ზედმიწევნით იყო დაცული, დეტონატორის ელექტრო-სადენიც საჭირო სიგრძის იყო და აფეთქების მომენტშიც უსაფრთხო პოზიციებზე იდგნენ.

ეს ყოველივე მიგვანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული ფაქტის კვლევა უნდა წარიმართოს შემდეგი მიმართულებით:

ჰქონდა თუ არა შახტის სადისპეჩეროს ინფორმაცია მეთანის მაღალი კონცენტრაციის შესახებ და თუ ასეთი ინფორმაცია არსებობდა, რატომ, ვის მიერ და ვისი ბრძანებით გაიცა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს დაწყების ნებართვა“, – აცხადებს პროფკავშირი.

პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი მიიჩნევენ, რომ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ნომერ პირველი გამოწვევაა და მიუხედავად იმისა, რიგითი დასაქმებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი, თუ კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაქსიმალურად უნდა გამოიკვლიონ მომხდარის მიზეზები და დადგინდეს როგორც ბრალეულობა, ისე ბრალეულობის ხარისხი.

ტყიბულში, მინდელის შახტში აფეთქება 30 იანვარს, დაახლოებით 22.00 საათზე მოხდა. 9 დაშავებულიდან, ერთი ტყიბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 8 მეშახტე, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სამის მდგომარეობა სერიოზულია.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შრომის ინსპექციის სამსახურის პირველადი შეფასებით, მინდელის შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციით, აკრძალულია ბურღვა და აფეთქებები მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

უწყების ინფორმაციით, პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვა დარღვევებიც: „დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა“.

შრომის ინსპექციის სამსახურის გადაწყვეტილებით, ის უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა, დაიხურა. 

"ძალიან საშინელი ფაქტია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. გუშინდელი დღიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს, - განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ. მისი თქმით, კომპანიამ შახტის სამი დღით გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„მთის ამბების“ მიერ შეგროვებული და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან მიღებული მონაცემებით, 2010-2022 წლებში ტყიბულის შახტებსა და კარიერებზე 38 მეშახტე დაიღუპა.

ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელ სამუშაოებს შპს „საქნახშირი“ აწარმოებს. 2010-2019 წლებში კომპანიას „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფი ფლობდა, რომლის ხელმძღვანელიც პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ბეჟუაშვილი იყო. 2019 წლიდან „საქნახშირის“ მესაკუთრე შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი-ა“, რომლის 100 % წილსაც გიორგი ჭელიძე ფლობს.

ამავე თემაზე: 1 დაღუპული და 8 დაშავებული - აფეთქება ტყიბულის შახტში

დარღვეული იყო უსაფრთხოების წესები - შრომის ინსპექცია მინდელის შახტზე

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში