საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

1 დაღუპული და 8 დაშავებული - აფეთქება ტყიბულის შახტში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:12 - 31 იანვარი 2022 hits 5139

ტყიბულში წუხელ მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მეშახტეები თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. 8 დაშავებულიდან სამის მდგომარეობა მძიმეა.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულმა მეშახტეებმა დაზიანებები, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს.

„სამი მათგანი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. აქედან, ერთი მათგანის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. დანარჩენი ხუთი პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა ადგილის ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობები.

ამ წუთებში უტარდებათ კვლევები და გარკვეული სამედიცინო ჩარევები. იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, საკმაოდ სერიოზულია, ერთ-ერთ მათგანს 60%-ით დაზიანება და თერმული დაზიანება აღენიშნება. ყველა მათგანი არის კონტაქტური და ადეკვატური“, - უთხრა ჟურნალისტებს ცენტრის ხელმძღვანელმა.

თბილისში ვერ მოასწრეს კიდევ ერთი მეშახტის გადაყვანა. ის წუხელვე, ტყიბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულებს პირველადი დახმარება ტყიბულში გაუწიეს, თუმცა აფეთქებისას მიღებული დამწვრობების გამო, მათი დედაქალაქში გადაყვანა გახდა საჭირო.

აფეთქება მინდელის სახელობის შახტში 30 იანვარს, დაახლოებით 22.00 საათზე მოხდა. შემთხვევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც კომპანია "საქნახშირის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, უსაფრთხოების სპეციალისტებმა მომხდარისთანავე დაიწყეს ადგილზე მუშაობა და ინციდენტის მიზეზების მოკვლევა.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

„მთის ამბების“ მიერ შეგროვებული და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან მიღებული მონაცემებით, 2010-2022 წლებში ტყიბულის შახტებსა და კარიერებზე 38 მეშახტე დაიღუპა:

  • 2010 წელს - მინდელის შახტში 8 მეშახტე დაიღუპა;
  • 2011 წელს - 5;
  • 2013 წელს - 1;
  • 2014 წელს - 1;
  • 2015 წელს -1;
  • 2016 წელს - 1;
  • 2017 წელს - 5;
  • 2018 წელს - 12 (აქედან, შახტში 10, კარიერზე 2);
  • 2019 წელს - 1;
  • 2021 წელს – 2 (კარიერზე);
  • 2022 წელს - 1;

შპს „საქნახშირი“ 2006 წელს არის რეგისტრირებული. 2010-2019 წლებში კომპანიას „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფი ფლობდა, რომლის ხელმძღვანელიც პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ბეჟუაშვილი იყო. 2019 წლიდან „საქნახშირის“ მესაკუთრე შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი-ა“, რომლის 100 % წილსაც გიორგი ჭელიძე ფლობს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ჭელიძე 18 კომპანიასთანაა დაკავშირებული. იგი არის 2019 წელს დაფუძნებული შპს „ჯორჯია ტერმინალ სერვისის“ დირექტორიც, რომლის მესაკუთრე შპს „ჯორჯიან მანგანეზია“. ამ კომპანიას ჭიათურისა და საჩხერის ტერიტორიებზე მანგანუმის მოპოვების 40 წლიანი ლიცენზია აქვს 16 430 ჰექტარზე.

გიორგი  ჭელიძეს 2017 და 2020 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ 120 ათასი ლარი აქვს შეწირული. 2018 წელს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურად 60 ათასი ლარი შეწირა.

ამავე თემაზე: დარღვეული იყო უსაფრთხოების წესები - შრომის ინსპექცია მინდელის შახტზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში