შრომის ინსპექციის სამსახურმა ტყიბულის შახტში მომხდარი ინციდენტის მოკვლევა ღამითვე დაიწყო. „მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვა დარღვევებიც:
„დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა“.
შრომის ინსპექციის სამსახურის გადაწყვეტილებით, ის უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა, დაიხურა.
"ძალიან საშინელი ფაქტია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. გუშინდელი დღიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს, - განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ. მისი თქმით, კომპანიამ შახტის სამი დღით გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ტყიბულში, მინდელის შახტში აფეთქება 30 იანვარს, დაახლოებით 22.00 საათზე მოხდა. 9 დაშავებულიდან, ერთი ტყიბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 8 მეშახტე, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სამის მდგომარეობა სერიოზულია.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
„მთის ამბების“ მიერ შეგროვებული და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან მიღებული მონაცემებით, 2010-2022 წლებში ტყიბულის შახტებსა და კარიერებზე 38 მეშახტე დაიღუპა.
ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელ სამუშაოებს შპს „საქნახშირი“ აწარმოებს. 2010-2019 წლებში კომპანიას „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფი ფლობდა, რომლის ხელმძღვანელიც პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ბეჟუაშვილი იყო. 2019 წლიდან „საქნახშირის“ მესაკუთრე შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი-ა“, რომლის 100 % წილსაც გიორგი ჭელიძე ფლობს.
ამავე თემაზე: 1 დაღუპული და 8 დაშავებული - აფეთქება ტყიბულის შახტში