საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შეაჩერებს თუ არა მოსამართლე მთიულეთში მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:57 - 23 მაისი 2017 hits 7068

25 მაისს გაირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე შეაჩერებს თუ არა გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის 2016 წლის 27 მაისის Nი-260 ბრძანების მოქმედებას, რომლის საფუძველზეც მთიულეთში, საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს, რუსეთის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს.

საქმის არსებითი განხილვა 22 მაისს დაიწყო. მოსარჩელეები ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, მოხევეები – ზაზა წიკლაური და შოთა ბუჩუკური არიან. ისინი გარემოს დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გაუქმებას ითხოვენ.

22 მაისის სხდომაზე „მწვანე ალტერნატივამ“ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაერთო.

„მწვანე ალტერნატივას“ დირექტორის ნინო გუჯარაიძის განცხადებით, ეს მტკიცებულებებია:

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 17 მაისის N4310 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ენერგოტრანსს“ არ აქვს შესრულებული არცერთი პირობა, რომელიც მშენებლობის დაწყებამდე უნდა შეესრულებინა;

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 მაისის წერილი N3888, რომლის თანახმად, „ენერგოტრანსს“ სამინისტროსთვის მშენებლობის დაწყების თაობაზეც კი არ უცნობებია;

შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის 2017 წლის 11 მაისის N376 წერილით წარდგენილი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების შესრულების სტატუსი“;

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, 2017 წლის 23 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაისხევის დასახლება ბანცურიანთკარში დათვალიერების შედეგად შედგენილი აქტი;

საინფორმაციო ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ მიერ გამოქვეყნებული რეპორტაჟი პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და მოსარჩელეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაურთო.

ამავე სხდომაზე მოსარჩელე ზაზა წიკლაურმა იშუამდგომლა, შეჩერდეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ის ბრძანება, რომლითაც გიგლა აგულაშვილმა მაღალი ძაბვის ხაზის განთავსების პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა დაამტკიცა.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლო 3 დღის განმავლობაში განიხილავს შუამდგომლობას და მიიღებს გადაწყვეტილებას.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლემ ზაზა წიკლაურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე უნდა შეჩერდეს.

შემდეგი სხდომა 2017 წლის 20 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.

მთიულეთისა და ხევის ტერიტორიაზე მშენებარე, ქსანი–სტეფანწმინდას 500 კილოვოლტიანი ხაზი დასახლებულ პუნქტებს რომ დააშორონ და სამუშაოები ისე აწარმოონ – მეწყრული პროცესების გააქტიურება რომ არ მოხდეს, ამ მოთხოვნით მთიულებმა და მოხევეებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

მთიულეთის და სნოს ხეობის მცხოვრებლები შიშობენ, რომ მაღალი ძაბვის ხაზებიდან ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივება ხელს შეუწყობს დაავადებების გავრცელებას.

ხანდოს ხეობაში გამართული აქციის 6 მონაწილე პოლიციამ დააკავა და 400–400 ლარით დააჯარიმა. მომდევნო დღეებში, სოფელ მუგუდაში, სასაფლაოს ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეებსაც ხელისუფლებამ პოლიციის და სპეცრაზმის მობილიზაციით უპასუხა.

იმის მიუხედავად, რომ დავა სასამართლოში მიმდინარეობს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი გასულ კვირაში დარწმუნებით აცხადებდა, რომ ქსანი–სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას წინ ვერავინ დაუდგება და ის აუცილებლად აშენდება.

მთიულებისა და მოხევეების პროტესტს საქართველოს კათოლიკო პატრიარქიც გამოეხმაურა. პატრიარქი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობის მოთხოვნებზე შემხვედრი ნაბიჯები გადადგას და სადაც შესაძლებელია, ხაზის გასაყვანად ალტერნატიული მარშრუტები შემუშავდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში