საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მწვანე ალტერნატივა“ ნენსკრა ჰესის მშენებლობას ბერნის კონვენციაში ასაჩივრებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:54 - 12 დეკემბერი 2016 hits 8391

„მწვანე ალტერნატივა“ ნენსკრა ჰესისთვის სამშენებლო ნებართვის მიცემას და 2016 წლის იანვარში პოტენციური დაცული ტერიტორიის შემადგენლობიდან (Emerald site) დაცული ტერიტორიის - „სვანეთი 1-ის“ ამოღებას ბერნის კონვენციაში ასაჩივრებს. ეს საქართველოდან ბერნის კონვენციაში საჩივრის შეტანის პირველი შემთხვევაა.

„საქართველოს მთავრობა არღვევს ბერნის კონვენციას (Article 4, point 1 and 2, Article 5 and Article 6) ნენსკრა ჰესისთვის ნებართვის მიცემით, ვინაიდან ნადგურდება კონვენციით დაცული ჰაბიტატები და სახეობები, რომლებიც გვხვდება პოტენციურ დაცულ ტერიტორიაზე - „სვანეთი 1“, რომელიც 2016 წლის იანვარში პოტენციური დაცული ტერიტორიის შემადგენლობიდან (Emerald site) ყოველგვარი შეფასების გარეშე ამოიღეს. მსოფლიო ბანკის „დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტის, „ზემო სვანეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა (2008)“ თანახმად, ნენსკრასა და ნაკრას ხეობები სვანეთის ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონაშია მოქცეული. ნენსკრა ჰესის მშენებლობა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს ბერნის კონვენციით დაცულ ისეთ სახეობებზე, როგორებიცაა ჯუჯა არწივი, წავი, ფოცხვერი, მურა დათვი, გრძელყურა მღამიობი, კავკასიური შურთხი, კავკასიური ჯვრიანა და ორაგული“, - ამბობს www.mtisambebi.ge-სთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი, დავით ჭიპაშვილი.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, ჰესის მშენებლობა, მისი მასშტაბის, დიზაინისა და საპროექტო ტერიტორიის მდებარეობის გამო, ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას გამოიწვევს. პროექტის დიზაინი კი ისეთია, რომ მოიცავს ყველა იმ უარყოფით ზემოქმედებას, რომლებიც ახასიათებთ წყალსაცავიან და დერივაციულ ჰესებს: მდინარის ჰაბიბატის გაწყვეტა მაღალი კაშხლით, ხმელეთის ჰაბიტატების ფრაგმენტაცია წყალსაცავით, დატბორვა, ტყისა და სხვა ხმელეთის ეკოსისტემების განადგურება, მდინარის ჰაბიტატის დეგრადაცია მდინარისკალაპოტში მხოლოდ სანიტარული ხარჯის დატოვების შედეგად და სხვა.

280 მგვტ სიმძლავრის „ნენსკრა ჰესს“ სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე, კორეული კომპანია K-water საპარტნიორო ფონდთან ერთად აშენებს. ჰესის პოტენციური გამომუშავება წელიწადში 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა 2021 წელს დასრულდება, თუმცა, ელექტროენერგიის გამომუშავებას ის 2019 წლიდან დაიწყებს.

ჰესის წყალსაცავში, რომელიც 200 ჰა ტერიტორიას დაფარავს, 182 მილიონი ტონა წყალი დაგროვდება. წყლის ამ მარაგს საქართველო ზამთრის პრობლემურ სეზონზე გამოიყენებს: 135 მეტრის სიმაღლის ნენსკრას კაშხლის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ, რომელიც მთლიანად საქართველოში დარჩება, ადგილობრივ ბაზარზე ზამთრის განმავლობაში იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის ნაწილი უნდა ჩაანაცვლოს. „ნენსკრა ჰესის“ მიერ გამომუშავებული 1 კვტ დენის ფასი, სავარაუდოდ, 6,5-7 აშშ ცენტი იქნება.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი დოლარია. მის დაფინანსებაში მონაწილეობენ: EBRD, აზიის განვითარების ბანკი -ADB და კორეის ექსიმ ბანკი. უშუალოდ ჰესის მშენებლობაზე 575 მლნ დოლარი დაიხარჯება, მისი შენახვისა და 35-წლიანი მართვის განმავლობაში კი დამატებით კიდევ 430 მლნ დოლარი. „ნენსკრა ჰესი“ ექსპლუატაციის პირველი 35 წლის მანძილზე კერძო საკუთრება იქნება, შემდეგ კი ინვესტორი კომპანია მას საკუთრებაში სახელმწიფოს გადასცემს. ჰესის სამშენებლო სამუშაოებს იტალიური კომპანია - SALINI IMPREGILO შეასრულებს. კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სვანეთში ამჟამად ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ბერნის კონვენცია „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელს, სავარაუდოდ, 2017 წლის მარტში განიხილავს. სწორედ ამ დროს გადაწყდება, მიიღებს თუ არა კონვენცია სარჩელს წარმოებაში. ბერნის კონვენციაში გასაჩივრების შემდეგ მაკედონიაში 70 მგვტ-იანი ჰესის - Boskov most-ის მშენებლობა შეჩერდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში