საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ტყვიის საგანგაშო შემცველობა ბავშვების სისხლში - სპეციალური რეპორტაჟი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:00 - 08 აგვისტო 2021 hits 69534

11 წლის გიას სისხლში ტყვიის შემცველობა 20-ჯერ მაღალია და ბავშვებისთვის განსაზღვრული ნორმის, 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე) ნაცვლად, 104-ია. ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღურბლს 12-ჯერ აღემატება 9 წლის გიორგის სისხლშიც. ორივე ბავშვი ლიმბახის ლაბორატორიამ გამოიკვლია, რომელიც ევროპაში წამყვანი დიაგნოსტიკის ჯგუფია. ფოთში, ჯავახიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები სხვა ბავშვების სისხლშიც, ტყვიის შემცველობა ნორმის ზედა ზღვარს, 2-6 ჯერ აღემატება.

ბავშვის ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის ერთ-ერთი წყარო დაბინძურებული ჰაერია. ასევე, ტყვიის შემცველი საწვავი და საღებავები, რომლის დაშლის მომენტში ტყვია გამოიყოფა.

ჯავახიშვილის 30-ში, დევნილების ორი კორპუსი ფოთის სამეწარმეო ზონის გვერდით მდებარეობს. აქვეა „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურიც“, სადაც, ღია ცის ქვეშ, ყოველდღიურად ცლიან და ტვირთავენ გოგირდის ფხვნილს, ალუმინის ოქსიდს, სპილენძის კონცენტრატს, კარბამიდს და სხვა მასალებს, სიმინდს და ხორბალსაც კი.

კარბამიდი სასუქისა და ბომბების დასამზადებლად გამოიყენება. სწორედ ამ მასალის დაუდევრად შენახვას უკავშირებენ 2020 წლის 4 აგვისტოს, ძლიერ აფეთქებას ბეირუთის ნავსადგურში, რომელსაც 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით დაშავდა, პორტის ტერიტორია განადგურდა, ქალაქის შენობების მესამედი კი დაინგრა. საშიში გვარჯილა ბეირუთის ნავსადგურში აფეთქებამდე 7 წლის წინ აღმოჩნდა, როდესაც ის ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს. კონფისკაციის მიზეზი გემთმფლობელის დავალიანება იყო. ათასობით ტონა კარბამიდი ფოთის ნავსადგურში, ღია ცის ქვეშაა განთავსებული.

ქარიან ამინდში ზღვის მხრიდან გოგირდის და სხვა ქიმიური ნივთიერებების მტვერი პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს ეყრება. ნავსადგურიდან სხვადასხვა სახის ტვირთი, ამტვერებადი მასალები, მათ შორის, კონცენტრატები გადაუხურავი ავტომობილებით გააქვთ შპს „ტრანსფორდს“, შპს „ჩენელ ენერჯი ლიმიტედ საქართველოს“ და სხვა კომპანიებს. ღამითაც, ასობით დატვირთული მანქანა მაღალი სიჩქარით გადაადგილდება და მთელ ქუჩას ქიმიური მასალების მტვრით ფარავს.

დევნილთა საცხოვრებლის გარშემო წყლის გუბეები გოგირდის აპკებითაა დაფარული, კორპუსის სახურავები სავსეა დახოცილი მტრედებით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მოპოვებული ოქმების მიხედვით, ნალექიანი ამინდის დროს, ნავსადგურის ტერიტორიაზე წარმოქმნილი, სხვადასხვა ნარჩენითა და ნივთიერებით დაბინძურებული წყალი შავი ზღვის აკვატორიაში ყოველგვარი გაწმენდისა და სანიაღვრე სისტემის გავლის გარეშე ჩაედინება.

ჯავახიშვილის ქუჩაზე დევნილთა ორ კორპუსში ასამდე ოჯახი ცხოვრობს, 52 ბავშვია. ნუკრი ჟვანიას მას შემდეგ ურჩიეს, მისი შვილის, 12 წლის გიას სისხლი გამოეკვლიათ, რაც ბავშვს ყურადღების დაქვეითება შეამჩნიეს. პირველივე ლაბორატორიული შემოწმების პასუხში სისხლში ტყვიის ძალიან მაღალი რაოდენობა იყო ნაჩვენები. ეჭვი შეიტანეს და გადაამოწმეს. გერმანიის ლიმბახის ლაბორატორიიდან საგანგაშო დასკვნა მიიღეს - ტყვია სისხლში 5 მკგ/დლ-ს ნაცვლად, 104.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაწყებული მოძრაობის - „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ დახმარებით, ტყვიაზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები კიდევ რამდენიმე ბავშვი შეამოწმეს. ტყვიასთან ერთად, სისხლში ვერცხლისწყლის გადაჭარბებული რაოდენობაც გამოვლინდა.

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ფოთის საკრებულოს პეტიციით მოსთხოვეს კორპუსებთან ახლოს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი განეხორციელებინათ და 52-ვე ბავშვის ლაბორატორიული გამოკვლევისთვის, ბიუჯეტიდან თანხა გამოეყოთ. ამ მოთხოვნებით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, ჩაკეტეს ნავსადგურთან მისასვლელი გზაც. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე ჰაერი მძიმე ლითონებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს შეიცავს.

2020 წლის ივლისში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური თბილისიდან ფოთში გადაიყვანა და ჯავახიშვილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის ტერიტორიაზე განათავსა. „მთის ამბების“ მიერ, გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 20 ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება 45 შემთხვევაში დაფიქსირდა და უმეტესად 1.3-ჯერ, 1-4-ჯერ და 1.7-ჯერ აჭარბებდა. გამოვლენილი დარღვევები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა საყურადღებოდ მიიჩნია. ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10) მაღალი კონცენტრაციები განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობის ისეთი დაზიანებების განვითარებას, როგორიცაა თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე, შესაძლოა მძიმე ლითონებით მოწამვლა და სხვა. გამყრელიძემ ქალაქ ფოთის მერიას მიუთითა, შესაბამის უწყებებთან ერთად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა შეექმნათ.

2021 წლის 22 იანვარს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე განთავსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური სადგური გამორთო. სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი „მთის ამბებისთვის“ გამოგზავნილ წერილში სადგურის გამორთვის მიზეზს ასე ხსნის: „ფოთში სადგურის განთავსების დღიდან არაერთხელ განვუმარტეთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ გადაუდებელ აუცილებლობას და საჭიროებას წარმოადგენს, სადგურის პერიოდული ტექნიკური დათვალიერება, დაკალიბრება და სადგურის სათანადო ფუნქციონირებისათვის შესაბამისი სამუშაოების/მომსახურებების გაწევა. აღნიშნული მომსახურებების/ღონისძიებების განხორციელების პროცესში მოსახლეობამ ხელი შეგვიშალა, შექმნეს წინააღმდეგობა. სადგური დანიშნულებისამებრ ვეღარ ფუნქციონირებდა, ტექნიკური დათვალიერება და სერვისული მომსახურება ვერ განხორციელდა. სადგურზე განთავსებული აირ ანალიზატორების დისტანციური დათვალიერებით დგინდებოდა, რომ ისინი დეკემბრის თვიდან უკვე ფუნქციონირებდნენ ე.წ. გაფრთხილების რეჟიმში. შესაბამისად, ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის მიერ მოწოდებულ მონაცემებს სააგენტო ვეღარ განიხილავდა სანდოდ. გაიზარდა მობილურ სადგურზე განთავსებული ძვირადღირებული აირ ანალიზატორების დაზიანების რისკი. მიმდინარე წლის 22 იანვარს, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციით შესაძლებელი გახდა ჯავახიშვილის ქუჩაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგურის გამორთვა. სადგური საჭიროებს ტრანსპორტირებას ქალაქ თბილისში და დეტალური დიაგნოსტიკის ჩატარებას“.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეს ერთადერთი მობილური სადგურია საქართველოში. დანარჩენი 7 სადგური უძრავია და სხვადასხვა ადგილას არის განთავსებული, მათ შორის, სამეგრელოში არცერთი.

„მოვიდნენ ტექნიკოსები და ფილტრების შეცვლა უნდოდათ. მანამდე გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან გვქონდა ჩართვა, სადაც გვითხრეს, რომ დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები საჰარის უდაბნოს ქარიშხლის ბრალია და ახალი ფილტრები უნდა დაეყენებინათ. ეჭვი გაგვიჩნდა, რომ მონაცემების შეცვლას აპირებდნენ და არ მივეცით ამის საშუალება“, - ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ვანო კუკულავა ამბობს, რომ სააგენტოსგან და მერიისგან მანამდე არაერთხელ ითხოვდნენ შემოწმების შედეგების გასაჯაროვებას, რაც არ გააცნეს, ამან კი უწყებების მიმართ უნდობლობა გამოიწვია.

5 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ფოთის მერიას აცნობა, რომ ჰაერის ხარისხის მართვის გეგმას ვერ შეიმუშავებდნენ ორი მიზეზით: პირველი - ჰაერის ხარისხის შეფასება უნდა მოხდეს წლიურ ჭრილში, ჰაერის ხარისხი უნდა იზომებოდეს უწყვეტად, მინიმალური რაოდენობა კი უნდა შეადგენდეს 329 დღის მონაცემებს. ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის შემთხვევაში მხოლოდ 4 თვის მონაცემები გვაქვს. მეორე - ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავების ვალდებულება 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

გარემოს დაცვის სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა: ქუჩის რეგულარული დასუფთავება სველი წესით, რომელიც არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მორწყვით; ქუჩაზე საავტომობილო ნაკადების რაოდენობის შემცირება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის მაქსიმალურად შეზღუდვა; ამტვერებადი მასალების ტრანსპორტირების დაშვება მხოლოდ გადახურული სატრანსპორტო საშუალებებით.

რეკომენდაციების გაცემიდან 5 თვე გავიდა. ჯავახიშვილის ქუჩაზე საავტომობილო ნაკადი არ შემცირებულა. ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას განმარტებით, ალტერნატიული გზა არ არსებობს, თუმცა დააყენეს სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშანი 30 კმ/სთ. ამ შეზღუდვას ავტომანქანების მძღოლები არ იცავენ. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ამტვერებადი მასალები ისევ გადაუხურავი მანქანებით გადააქვთ. მერიამ ქუჩის მოსარწყავი მანქანის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ 16 აგვისტომდე უნდა მიაწოდოს. ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ბავშვების ლაბორატორიული შემოწმებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გამოიყო. შემოწმება „ევექსის ჰოსპიტლებმა“ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მონაწილეობით ჩაატარა. მძიმე მეტალებზე მერიის დაფინანსებით გაკეთებული ანალიზის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.

ანჟელა ბეჭვაიამ, რომელიც ასევე ფოთში ცხოვრობს, დევნილთა დასახლებიდან მაქსიმუმ ათი წუთის სავალზე, არ იცის, მისი 9 წლის შვილის, გიორგის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა 2022 წლის 1-ელ სექტემბრამდე მოიცდის თუ არა. ლიმბახის ლაბორატორიის დასკვნით, გიორგის სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ს ნაცვლად, 65-ია, 12-ჯერ მეტი. ბავშვი თვეში ორჯერ გონებას კარგავს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში დადგენილი არ არის. თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

ჭავჭავაძის 277-ში, ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ და შპს „კავკასიან მეტალს ტერმინალის“ საწარმოების გარემოცვაშია. პირველი მეტალურგიული ქარხანაა. შავი ლითონის ჯართის გადადნობით ლითონის სხმულებს აწარმოებს. მეორე პოლიმეტალის კონცენტრატებს ამუშავებს.

ანჟელა ბეჭვაიას 4 შვილთან ერთად, ამ კორპუსში კიდევ 16 ბავშვი ცხოვრობს. კორპუსის ეზო, გზა და მიმდებარე ტერიტორია ხშირადაა დაფარული მეტალურგიული ქარხნის გამონაბოლვით, რომელიც თვალებს აღიზიანებს, ცრემლდენას იწვევს და სუნთქვას აძნელებს.

გადამუშავებული ტვირთის მტვერით ჰაერის დაბინძურების გამო ჭავჭავაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლები უჩივიან „Caucasian Metals Terminal“-საც.

საწარმოს 15 % წილის მფლობელი ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელიაა. ფოთის მოქმედი მერი 3.5 - 3.5 % წილებს ფლობს შპს „მეტალექს+“-სა და შპს „მეტალექს ტრანსში“. ორივე კომპანიაში 52.5 – 52.5 %-იან წილებს ფლობს შპს „ტრანსფორდი“, ფოთის ნავსადგურში ჯავახიშვილის ქუჩის გავლით სხვადასხვა ამტვერებადი ქიმიური მასალები რომ გადააქვს გადაუხურავი მანქანებით. შპს „ტრანსფორდის“ დირექტორი 2013 წლის 08 იანვრიდან 2020 წლის 4 დეკემბრამდე აპალონ ბჟალავა იყო. ბჟალავა ფოთის საკრებულოს მოქმედი წევრია „ქართული ოცნებიდან“.

„ანალიზების პასუხები რომ გავიგე, ბავშვი მერიაში მივიყვანე. ვაჩვენე, დახმარება ვთხოვე. რა სჭირს შენს ბავშვებს, მშვენიერ ფერზე არიანო, მითხრეს. რას ვითხოვ? მილიონებს ხომ არა? გამასახლონ აქედან. მკურნალობას რა აზრი აქვს? თუ ისევ ეს ჰაერი უნდა ისუნთქონ“, - ანჟელა ბეჭვაია დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სთხოვს.

ჯავახიშვილის ქუჩისგან განსხვავებით, ჭავჭავაძის ქუჩაზე ჰაერის ხარისხის შესამოწმებლად ფოთის მერიას გარემოს დაცვის სამინისტროსთვის არცერთი წერილით არ მიუმართავს. არც ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ბავშვების ლაბორატორიული გამოკვლევა დაუფინანსებიათ მძიმე მეტალებზე.

ავტორები: ლაშა ორჯონიკიძე, გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში