საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შუქრუთის გოდება - რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:38 - 21 აპრილი 2021 hits 50370

სახლების ეზოებში გაჩენილ თვალუწვდენელ ღრმულებზე თუნუქი დაუფენიათ, რომ არ ჩავარდნენ. ვისაც წასასვლელი ჰქონდა ან ქირის გადახდა შეეძლო, სოფლიდან ბავშვებიანად გაიხიზნა. აყირავებულ და ნახევრად დანგრეულ სახლებში, მიწაში რომ იფლობა, მოხუცებიღა შემორჩნენ, ერთი-ორი ახალგაზრდაც. 65-ე დღეა, ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ კოროხნალის მაღაროსთან, საწარმოს კედელზე ფარდული აქვთ მიდგმული და აქციას არ წყვეტენ.

მარტში მაღარო პარალიზებულიც ჰქონდათ. შუქრუთის მცხოვრებლები მხოლოდ ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ, ცხოვრება უსაფრთხო ადგილას რომ გააგრძელონ. „ჯორჯიან მანგანეზის“ მოთხოვნით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო, ორგანიზატორები საწარმოს მუშაობაში ხელის შეშლის მიზეზით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, ნარკოტიკების ჩადებითა და რამდენიმეწლიანი პატიმრობითაც დაემუქრნენ.

ამ კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ლომინაძე, ცოტა ხნის წინ, მთავრობის მოთხოვნით, ნამახვანჰესის მშენებელი „ენკა რინიუებლზის“ დირექტორად გადაიყვანეს, გიგანტური ჰესის მოწინააღმდეგეებთან „კომუნიკაცია რომ გაეუმჯობესებინა“. სწორედ ამის შემდეგ რიონის ხეობის მცველებსაც პოლიცია და სპეცრაზმი დაერია - ნამოხვანიდან აყარეს, კარვები დაშალეს, დააჯარიმეს, დაიჭირეს, რიონის ხეობის შესასვლელ-გასასვლელში საპოლიციო ძალები ჩააყენეს და აქტივისტებს გადაადგილება შეუზღუდეს. ხელისუფლებამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ვერ აჯობა, ხალხმრავლობისა და ძლიერი სოლიდარობის გამო, შუქრუთის მოსახლეობას კი სანიმუშოდ ჩაგრავს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ შიშობს, რომ თუ შუქრუთელების მოთხოვნას შეასრულებს და საკმარის კომპენსაციებს ოფიციალურად გასცემს, პროტესტი ჭიათურაში დაზარალებულ სხვა სოფლებშიც დაიწყება.

„სოფლიდან აყრა ერთადერთი გამოსავალია“

დემურ ნეფარიძე 70 წლისაა. შუქრუთში, ეზოში, შუაზე გაყოფილ კაკლის ხეს გვაჩვენებს. ეს კაკალი 30 წლის წინ დაურგავს. ამ ადგილას მაშინ ვაკე იყო. ახლა აქ ღელეა, 6-7 მეტრიანი დახრილობით. ხის ერთი ნაწილი ღელეს ზემოდანაა დარჩენილი, მეორე ნაწილი მიწას გაჰყვა და ქვემოთ ჩაცურდა. „კაკალს ვინ ჩივის, სახლი გვენგრევა. სარდაფის ფანჯრები უკვე აღარ ჩანს, ერთი მეტრით მაინც მიწაშია ჩასული. კედლებიც გახსნილია. ბოლო ორი წელია ამ დღეშია. ძველი კი არაა ეს სახლი, 1980 წელს ავაშენე. ეს კუთხე, ნეფარიძეების უბანი ასე ვინგრევით“, - „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი +“ პირდაპირ არ აღიარებს, რომ სოფლის ქვეშ მადანის მოპოვება შუქრუთში სახლების ნგრევას იწვევს, მაგრამ დემურ ნეფარიძეს 45 ათასი ლარი მაინც გადაუხადეს.

ცოლ-ქმარს ეს თანხა იმაში ეყო, რომ შუქრუთისგან შორს, სახლის ასაშენებლად ნაკვეთი ეყიდათ და შემოეღობათ. შენობა ვეღარ ააშენეს და თავს ისევ შუქრუთში, ნახევრადდანგრეულ სახლს აფარებენ. „ახლა, აქ თავში აგური დაგვეცემა და ის მოგვკლავს თუ მიწა ჩავარდება და სახლი ჩაჰყვება, კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის“, - დემურ ნეფარიძე 45 წელი მაღაროში მუშაობდა, შუქრუთის ქვეშ არსებული მდგომარეობაც კარგად იცის: „კომუნისტების დროსაც გამოგვქონდა მადანი. როცა მიხვდნენ, რომ ეს სოფელი დაინგრევა და მეტის გამომუშავება აღარ შეიძლებოდა, მაღარო დახურეს, დააკონსერვეს და წავიდნენ. ჭიათურა მაღაროს ქალაქია, ყველა მხრიდან მაღაროა. რამდენიმე წელია კერძო კომპანია მოვიდა, ისევ გახსნეს კოროხნალის მაღარო, შევიდნენ და ეზიდებიან მადანს. სოფელს ძირს აცლიან და კი ვიძირებით ქვემოთ“.

გიზო გაფრინდაშვილი სახლის ეზოში ბოლო 3-4 წელში გაჩენილ ღრმულებს თუნუქის ფურცლებით ფარავს და ასე ცდილობს თავის დაცვას, შიგ რომ არ ჩავარდეს. ღრმულების გაჩენის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობამ იცის, მაგრამ გიზოსთვის ჯერ არაფერი შეუთავაზებიათ.

კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, შუქრუთის მოსახლეობამ საპროტესტო აქციები წინა წლებშიც არაერთხელ გამართა. მაღაროს შესასვლელიც რამდენჯერმე გადაკეტეს.

„2017 წლიდან, ჩვენი სოფლის ქვეშ, 12 ადგილას მუშაობენ.

შუქრუთი მთლიანად ალყაშია. მიწას ყველა მხრიდან გვაცლიან. როდესაც ქუჩაში გამოვედით, სახლებისა და ეზოების ნგრევა გავაპროტესტეთ, კომპანიის, სუსის, პოლიციის თანამშრომლები დაგვემუქრნენ. თავზე გვენგრევა სახლი, სოფელი, საფლავები ვარდება. იძულებელი გავხდით, რამდენიმე მიცვალებული სასაფლაოდან სხვა ადგილას გადაგვესვენებინა.

სოფელი მხოლოდ ხის ბოძებზე რჩება, გვირაბი რითაც გაჰყავთ და რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს მიწაში ფიჭვის ხემ? კომპანიასთან მოლაპარაკებას ვცდილობდით. ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორები მერაბ ლომინაძე და თემურ ხონელია, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, ახლა უკვე ყოფილი დეპუტატი სულხან მახათაძე. ყველა შეხვედრას ესწრებოდა პოლიციის უფროსი ფილიმონ აბრამიშვილი. რაღაც ეტაპზე მივდიოდით შეთანხმებამდე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერად. კომპანიას სასტიკად არ უნდოდა გაეფორმებინა ოფიციალური დოკუმენტი. ყველა ოფიციალური პირი იმას ამბობდა, რომ მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს სოფელ შუქრუთის მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემა, მაგრამ ეს რომ ოფიციალურად მოხდეს, დომინოს პრინციპით მიჰყვება მთელი სოფლები, სადაც მაღაროები მუშაობს და სხვებიც მოითხოვენ კომპენსაციას. სოფელი არ მეგულება, მადნის მოპოვება არ მიმდინარეობდეს, ზოგან ღია კარიერებით, ზოგან მაღაროებით. შუქრუთში დევიძეების უბანია. მეოთხე თუ მეხუთე წელია „ჯორჯიან მანგანეზს“ სასამართლო მოუგეს, მაგრამ კომპანიის იურისტები იმდენს ახერხებენ, რომ პროცესი აქამდე გაწელეს და აწვალებენ ამ ხალხს.

აქ გამოუვალ სიტუაციაში ვართ, თორემ არცერთ ჩვენგანს არ გვინდოდა, შუქრუთი ამ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო. ახლა მეტი გზა აღარ გვაქვს, გარდა იმისა, რომ აქედან ავიყაროთ. ხალხი შიშით ათევს ღამეს, ვისაც წასასვლელი არსად აქვს“

29 წლის გიორგი ნეფარიძე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე და ორგანიზატორია. ამბობს, რომ მისი მოსყიდვა სცადეს, უარის შემდეგ კი ჭიათურის პოლიციის უფროსი ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა:

„მე და რამდენიმე ახალგაზრდას გვეუბნებოდნენ, გაჩერდით, შუქრუთს შეეშვით და თქვენს კეთილდღეობას მიხედეთო. ეს ჩვენთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. როდესაც შუქრუთიდან მოხუცი ადამიანები, პენსიონერები, ავადმყოფები ჩამოდიოდნენ, ფარდულში ჩვენთან ერთად ღამეებს ათევდნენ, პენსიიდან 5 ლარი იქნება თუ 10, კარავში ტოვებენ, რომ საჭმელი და სამოძრაოდ საწვავი გვქონდეს, არასდროს ვიზამთ, რომ საქმეს ვუღალატოთ პირადი კეთილდღეობისთვის. ვერავის დავუხრით თავს, ვერც მუქარის გამო ავიღებთ ხელს ჩვენი ოჯახების დაცვაზე“.

გასულ წელს, აქცია ას დღეზე მეტხანს გაგრძელდა. 14 თებერვალს დაიწყეს და ივნისში დაიშალნენ. შპს „შუქრუთი +მა“ პირობა დადო, ზარალს 6 თვეში შეისწავლიდა და კომპენსაციებს გასცემდა. აქციის მონაწილეთა მონათხრობის თანახმად, დაგეგმილი იყო შუქრუთში მცხოვრები 285-ვე ოჯახის მდგომარეობის აღწერა, ზარალის დაანგარიშება, გადახდის გრაფიკის შედგენა და მოსახლეობისთვის გაცნობა. პირობის მიხედვით, კომპენსაციების გაცემა ნოზაძეების უბნიდან დაიწყებოდა და მას სხვა უბნებიც მიჰყვებოდა.

ახალი (ძველი) მოთამაშე „შუქრუთი +“

„შუქრუთი +“ 2020 წლის 20 მაისს არის რეგისტრირებული. წილის 50-50 %-ს ჯემალ ხარაიშვილი და ნოდარ მიქაბერიძე ფლობენ. ნოდარ მიქაბერიძე 2017 წლის 1-ელ მაისს რეგისტრირებული შპს „მანგანუმ ლოჯისტიკის“ 100 % -ის მესაკუთრე და დირექტორიცაა. „მანგანუმ ლოჯისტიკს“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მიქაბერიძე წვრილი კოოპერატორებისგან მადანს შედარებით იაფად ყიდულობს, ერთ ტონაში დაახლოებით 70-90 დოლარს იხდის, რეცხავს, ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ამუშავებს და მოგების სახით მილიონებს იღებს. 2020 წლიდან მადანს უკვე „შუქრუთი +იც“ მოიპოვებს.

ახალდაფუძნებული შპს-ს დირექტორი ნოდარ მიქაბერიძე აქციის მონაწილეებთან ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი იყო:

„ჯორჯიან მანგანეზმა“ რომ ვერ მოახერხა შეთანხმება, ჩვენ გუნდს 2 თვე მოგვიწია ამაზე მუშაობა, რომ მოსახლეობას მოვლაპაკებოდით და მუშაობა გაგვეგრძელებინა. 3500 კაცია დასაქმებული ამ კომპანიაში. როგორც კი ერთი თვე მაინც გაჩერდება, ჭიათურაში თავს იჩენს ბევრი ფინანსური პრობლემა. 2007 წლიდან ხომ მუშაობდა მაღაროები, ხომ გავიდა 13 წელი, ამ ხნის განმავლობაში 13 თეთრი არ მიუღიათ ადგილობრივ მცხოვრებლებს. ეს ტერიტორიები არის მეწყერული ზონა, მიწა არის მცოცავი, ადრე მანდ იყო მიწისძვრაც, რა დროსაც დაზიანდა სახლები. „შუქრუთი +მა“ ოპერირება შარშან დაიწყო და 1 200 000 ლარი მივიტანე 8 თვეში. გადახდილი გვაქვს 85 ოჯახისთვის, მაგრამ აქედან 9 ოჯახმა აიღო 100 %, ორმა თუ სამმა აიღო 80-85 % და დანარჩენმა ნაწილობრივ“.

ლევან შეყილაძეს ჯერ არაფერი ერგო. მისი ორსართულიანი სახლის ყველა კედელი გახსნილია და ინგრევა. ლევანმა საკუთარი სახსრებით თავისივე ეზოში ერთი ოთახი ააშენა. ორ თვეში ახალაშენებული კედლებიც დაიბზარა.

მიქაბერიძე არც ახალაშენებული სახლის ნგრევას უკავშირებს „შუქრუთი +ის“ საქმიანობას.

„სოფელ შუქრუთის ქვემოთ ტერიტორია გამომუშავდა 1960-80-იან წლებში. ორჯერ გამომუშავებული ველია. 4-5 მეტრია მაღაროს სიმაღლე, სადაც მუშაობა მიმდინარეობს. მის ზემოთ სოფელი შუქრუთი დაახლოებით 150 მეტრშია, ანუ 150 მეტრი მიწაა ზედაპირამდე. ეს მიწა ქვემოთ ნელ-ნელა იწევს. გეოლოგების დასკვნით, გააჩნია რა ქანებია შიგნით, 30-დან 70 წლამდე სჭირდება, რომ ჩამოიშალოს და დაჯდეს. სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, იქ ბეტონიზირებული მაღაროა და საფრთხე არ ემუქრებათ. სიკეთეს ვაკეთებთ, რომ ადამიანს სახლი დანგრეული აქვს, 13 წელი პატრონი არ ჰყავდა, გამოუჩნდი, მიხვედი, სოფელთანაც დალაგდი, კომპანიასთანაც დალაგდი, ფულის წყარო გამოვაჩინეთ, ვმუშაობთ, შეპირებულზე ორჯერ მეტი გადავიხადეთ და მე ვფიქრობ ეს იმ ხალხს ეკუთვნით, მორალურად ეკუთვნით“.

1 200 000 ლარიდან 9 ოჯახმა თუ სრული კომპენსაცია მიიღო (ჯამურად 400 000 ლარი), სამმა ოჯახმა ჯამში 105 ათასი ლარი და დარჩენილი თანხა (695 000 ლარი) 73 ოჯახზე განაწილდა, გამოდის, რომ თითო კომლს 9500 ლარი (დღევანდელი კურსით 2762 აშშ დოლარი) შეხვდა. ამ თანხით საცხოვრებლად ვარგისი სახლის შეძენა რაიონულ ცენტრს მოწყვეტილ სოფლებშიც კი შეუძლებელია.

მიქაბერიძე ამბობს, რომ არათუ ჭიათურაში, საჩხერის ცენტრში ახალაშენებული, გამართული ორსართულიანი სახლები 15-18 ათას აშშ დოლარად იყიდება, შუქრუთში კი 100 %-ით დაზარალებულ ოჯახს 40-45 ათასი ლარი ეძლევა.

მას მიაჩნია, რომ შუქრუთის ის მცხოვრებლები, რომლებიც ორ თვეზე მეტია კოროხნალის მაღაროსთან აქციას მართავენ, დესტრუქციული ჯგუფების მიერ იმართებიან. მიქაბერიძეს რაიმე მტკიცებულება ვერ მოაქვს და არც იმას აკონკრეტებს, ვის გულისხმობს დესტრუქციულ ჯგუფებში.

გიორგი ნეფარიძის და აქციის კიდევ სამი მონაწილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს. მათ სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. 2021 წლის მარტში შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტის გამო კოროხნალის მაღარო არ ფუნქციონირებდა. ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. აქციის ერთ-ერთ ღამეს პოლიციელები ფარდულშიც მივიდნენ და იქ მყოფი პირები კომენდანტის საათის დარღვევის მიზეზით, 2000-2000 ლარით დააჯარიმეს.

„მოდიოდა ქალაქის მერი და გვეუბნებოდა, რომ თურმე ჩვენს სოფელზე გადიოდა საქართველოს ბიუჯეტის 25 % და ჭიათურის მთლიანი ბიუჯეტი. თუ ასეა, თუ ბიუჯეტების შევსება ჩვენი სოფლიდან გატანილ ნედლეულზეა დამოკიდებული, მაშინ რატომ ვქმნით პრობლემას, იქ ცხოვრება ხომ აღარ შეიძლება, სადმე, უსაფრთხო ადგილას არსებობის შესაძლებლობა მოგვცენ.

- გიორგი, სახალხო დამცველს თუ მიმართეთ?

- სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოსული იყო, წინა საპროტესტო აქცია როცა გვქონდა. მოისმინა ჩვენი პრობლემები. მოვუყევით, რომ მოდიოდნენ სხვადასხვა უწყებიდან არ ერიდებოდნენ ზეწოლას, მუქარას, მაგრამ მხოლოდ მოისმინა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და რეალურად არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ შესახებ

„ჯორჯიან მანგანეზი“ უმსხვილესი მადანმომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. იმერეთში, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, 16 ათას ჰექტარზე წიაღის მოპოვების 40 წლიან ლიცენზიას ფლობს. აერთიანებს ჭიათურის სამთოგამამდიდრებელ კომბინატს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ვარციხე ჰესს, ზესტაფონში მდებარე კლინიკა ფერომედს.

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, მაღაროსა და ღია კარიერული წესით, წლის განმავლობაში მოიპოვებს და ამდიდრებს 1.3 მლ. ტონა მანგანუმის მადანს. კომპანია აწარმოებს ფეროშენადნობებს სილიკომანგანუმს, ფერომანგანუმს, ფეროსილიციუმს, რაც ექსპორტზე გააქვს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, რუსეთში. მას სამხედრო წარმოებაში იყენებენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ წილი ექსპორტში 10 %-ია, რაც წლიურად 100 მილიონ დოლარზე მეტია.

„ჯორჯიან მანგანეზს“ 2006 წლიდან „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედი“ ფლობდა. იმ პერიოდში ეს კომპანია ცნობილი ბრიტანული ჰოლდინგის შვილობილი იყო. იმავე წლის ბოლოს სტემკორმა ჰოლდინგის 75 % უკრაინულ „პრივატ ჯგუფს“ მიჰყიდა. ეს ჯგუფი, 2007-2014 წლებში, საქართველოში „ტაო-პრივატ ბანკის“ მფლობელი იყო. „პრივატ ჯგუფის“ დამფუძნებლები უკრაინელი მილიარდერები იგორკოლომოისკი და გენადი ბოგოლუბოვი არიან.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანგარიშის თანახმად, 2013 წელს „პრივატ ჯგუფმა“ „ჯორჯიან მანგანეზი“ (ყოფილი ჭიათურ მანგანუმი და ზესტაფონის ფერო) და „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული ვარციხე ჰესების კასკადი თავის ამერიკულ ჰოლდინგზე Georgia American Alloys-ზე გადააფორმა.

აშშ-ში რეგისტრირებული Georgia American Alloys Inc. საქართველოში ქონებას ლუქსემბურგის საჰერცოგოში (ოფშორში) რეგისტრირებული იმავე სახელწოდების კომპანიის Georgian American Alloys Sàrl-ის მეშვეობით ფლობს. საქართველოს სამეწარმეო რეესტრის თანხმად, „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“ არის შპს ჯორჯიან მანგანეზის (230085797), შპს ვარციხე 2005-ის (221297870) და შპს ჯი-ეი-ეი მენეჯმენტის(404414861) მფლობელი. თავის მხრივ, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 19 შპს-ს 100 % წილის მფლობელია. საგულისხმოა, რომ ამ კომპანიებს შორის 13 - შპს ჯმ 29, შპს ჯმ-კოროხნალი-დევიძეები, შპს გამამდიდრებელი კომპლექსი, შპს ჯმ ტექნიკა სერვისი, შპს ჯითიეს - ჯორჯია ტერმინალ სერვისი, შპს ჯმ-კონსტრაქშენი, შპს ჯმ-ვაკეტყე, შპს ჯმცდფ, შპს ჯმ-შუქრუთი, შპს ჯმ-ითხვისი, შპს ჯმ-პეროფი, შპს ჯმ-მაინინგ და შპს ჯმ-ცენტრალური ფაბრიკა - სპეციალური მართვის რეჟიმის მოქმედების პერიოდში დაარსდა.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის დანიშვნა 2017 წლის 10 მაისს მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მანამდე, სამინისტრომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 416 მილიონი ლარით განსაზღვრა. კომპანია შემოსავლების სამსახურმაც დააჯარიმა 200 მილიონი ლარით.

მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ დავა დაჩქარებული წესით განიხილა. მტკიცებულებების ჩათვლით შუამდგომლობა 1195 გვერდს შეადგენდა და სამართლებრივად რთული კატეგორიის საქმე იყო. მოსამართლემ დავა 24 საათში განიხილა და სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

კომპანიის სპეციალურ მმართველად, 3 წლის ვადით, ნიკოლოზ ჩიქოვანი დაინიშნა, რომელსაც საწარმოს მუშაობით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები, კომპანიის ხარჯებით რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეგვარებინა. აღარ უნდა დაბინძურებულიყო ნიადაგი, ჰაერი, მდინარე ყვირილა, უნდა მომხდარიყო ღია კარიერული წესით მადნის მოპოვებისას გადათხრილი ტერიტორიების რეკულტივაცია და სხვა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი 2003-2007 წლებში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი კაპანაძე იყო, იგივე „რიჟა“. კაპანაძე თბილისის მერის გიგი უგულავას საქმის მთავარი მოწმეა. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, უგულავა სწორედ მისი ჩვენებების შედეგად დააპატიმრეს.

გიორგი კაპანაძე „ჯორჯიან მანგანეზის“ გავლენიანი აქციონერი და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია. გარემოს დაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გვიდასტურებს, რომ ნიკოლოზ ჩიქოვანი „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველად, სწორედ „რიჟას“ მოთხოვნით დაინიშნა.

ჩიქოვანის მმართველობის პერიოდში კომპანიას დაკისრებული ჯარიმები მნიშვნელოვნად შეუმცირეს და გაუუქმეს. ეკოლოგიური პრობლემები კვლავ მოუგვარებელი დარჩა. მდინარე ყვირილა ნარეცხი წყლების ჩაღვრით ისევ ბინძურდება. ახალი შლამსაცავები არ აუშენებიათ, ძველი დამაბინძურებელი ფაბრიკები კვლავ მუშაობს. ჭიათურის სოფლები კვლავ გადათხრილია.

ჩიქოვანს სპეციალური მმართველის უფლებამოსილება 2020 წლის 9 მაისს ეწურებოდა. 7 მაისს მან გარემოს დაცვის სამინისტროს წერილი მისწერა და ვადის გაგრძელება კიდევ 3 წლით ითხოვა. ჩიქოვანმა 14 პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც უმეტესად 3 წლის წინ ნაკისრ და ამ დრომდე შეუსრულებელ სამუშაოებს მოიცავდა. სამინისტრომ სასამართლოს მიმართა, მოთხოვნა ისევ დაკმაყოფილდა.

ბოლო 4 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტროს „ჯორჯიან მანგანეზი“ არცერთხელ არ შეუმოწმებია.

ავტორები: გელა მთივლიშვილი, გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში