საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მესტიაჭალაზე ჰესი არ უნდა აეშენებინათ - მყინვარული მდინარეა, პროგნოზი შეუძლებელია“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:15 - 25 ივლისი 2019 hits 23031

„ლეხზირი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რთული მყინვარია. გუშინ მოწყდა მყინვარი, წარმოქმნა დაგუბება, რომელიც გვიან ღამით გაარღვია და ღვარცოფული მასის სახით წამოვიდა მესტიაჭალას ხეობაში. გზად რაც დახვდა, დაანგრია და წაიღო ყველაფერი. ანალოგიური შემთხვევა იყო 2017 და 2018 წლებშიც, მაგრამ მაშინ ამხელა ზიანი არ ჰქონია“, - უთხრა „მთის ამბებს“ გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა.

მისივე თქმით, მდინარე მესტიაჭალაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არ შეიძლებოდა. „ჰესი სტიქიასთან არაფერ შუაშია, ჰესი არის ქვემოთ, მაგრამ მაგ ხეობაში ჰესის მშენებლობა არ შეიძლებოდა. სტიქიამ ამ ჰესს აქამდეც შეუტია და კიდევ შეუტევს. სხვადასხვა დროს ამ მყინვარიდან ჩამოტანილი უზარმაზარი ლოდები ლატალში და კიდევ უფრო ქვემოთ არის ჩატანილი. არათუ ჰესი, მაგ ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც კი საშიშია. მოვარდნა იმდენად სწრაფად იცის, ადამიანებმა შეიძლება ვერ გაასწრონ“, - აღნიშნავს გიორგი დვალაშვილი.

„არაერთხელ ვთქვი, რომ გამოსულიყვნენ მაქედან, არ შეიძლებოდა იქ ჰესის მშენებლობა,

ეს არის მყინვარული მდინარე, განსაკუთრებით საშიშია, მისი პროგნოზირება შეუძლებელია მითუფრო გლობალური დათბობის პირობებში.

გამოვიდეს ახლა ზაქარია ქუცნაშვილის მამა და შენ რა იციო, შემიტიოს! ქუცნაშვილის მამა იმ კომპანიის მფლობელია, რომელიც ჰესებზე გეოლოგიას აკეთებს,“- ამბობს თეა გოდოლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

დაბა მესტიაში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლეხზირის ხეობაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია მესტიაჭალა ჰესის შენობაც, თუმცა ჰესის მფლობელი კომპანიის „სვანეთი ჰიდროს“ განცხადებით, პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ, ჩვეულებრივ გააგრძელებს ფუნქციონირებას. კომპანია აცხადებს, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს, კომპანიის ცნობით, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია.

სტიქიის შედეგად დანგრეულია ხიდი და ჰესის შენობასთან ახლოს მდებარე რამდენიმე ნაგებობა. ჰესთან გაჩერებული მანქანები, რომლითაც ადგილობრივებს ტურისტები ლაშქრობაზე ჰყავდათ, მდინარემ წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის რატი მუჯირის განცხადებით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი 5 ტურისტი მაშველებმა უკვე გამოიყვანეს, დაშავებული ან გარდაცვლილი საბედნიეროდ არავინ არის.

დაზიანებულია წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალის ორი მილიც. ამ დროისთვის დაბა მესტიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სასმელი წყალი არ მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები დაზიანების ადგილზე მისვლას ჯერ ვერ ახერხებენ. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია. მესტიაში ისევ გადაუღებლად წვიმს.

სტიქიამ სვანეთში სოფლებიც დააზარალა. როგორც „მთის ამბებს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, ნინო ვიბლიანმა უთხრა, ხაიშის თემში შემავალი სოფელი ვედი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარემ სოფელთან მისასვლელი გზა წაიღო და ელექტროენერგიის საყრდენი ბოძებიც დაგლიჯა. მდინარემ სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს სამაგრები გამოაცალა, სოფლისკენ გადაადგილება ამ დროისთვის შეუძლებელია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისის დილის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ამ თემაზე: 

სტიქიის დროს მოსახლეობა წალეკვას ჰესმა გადაარჩინა - მესტიის მერი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში