საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი ომარ თურმანაული გარდაიცვალა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:43 - 26 მარტი 2019 hits 7033

60 წლის ასაკში ქართველი პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი ომარ თურმანაული გარდაიცვალა სტრასბურგში, სადაც ის 1995 წლიდან ცხოვრობდა.

„მიწად იქცევიან ეს ჩემი ხელები,

მიწად იქცევიან ეს ჩემი თვალები,

მიწად იქცევიან ეს ჩემი ბაგენი,

მიწად იქცევა ეს ჩემი... ეს ჩემი...

მარა, ამ ჩემ ფეხებს... (რომლებიც ასევე მიწად იქცევიან)!

***

ჩვენ ჩვენი წილი ვიდარდეთ,

დანარჩენი კი, იდალგო,

როცა ჩვენ გაგვასვენებენ,

გამსვენებლებმა იდარდონ“...

ომარ თურმანაული დაიბადა 1959 წლის 25 მაისს, ფშავში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხილიანაში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი, ფრანგული ენის სპეციალობით. მისი პირველი პოეტური კრებული „დღე-ღამის დედა“ 1984 წელს დაიბეჭდა.

მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, იქიდან დაბრუნების შემდეგ გამოსცა ომის დღიურები „აფხაზეთი... ჯარისკაცის ჩანაწერები“ (1993).

წერდა პროზას ფრანგულ ენაზე. 1998 წელს საფრანგეთში დაიბეჭდა მისი რომანი: „ქვრივი, მერცხალი და ნათელმხილველი“.

ქართულად თარგმნიდა ფრანგულ პოეზიას, ხოლო ფრანგულად კი ქართულ პროზას. ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა ბესიკ ხარანაულის რომანი „წიგნი ამბა ბესარიონისა“. თარგმნიდა ბესიკ ხარანაულის მომდევნო წიგნს „ეპიგრაფები მივიწყებული სიზმრებისათვის“.

„ომარ თურმანაულს, ფშაველს, უცხო მიწაზე გადახვეწილს, რომელთანაც ერთხელ ცოდვები გავაზიარე“ - ასეთი მიძღვნა ექნება ჩემს ბოლო წიგნს, რომლის დედანსაც ომარი კითხულობდა ბოლო დღეებში... თარგმნაც დააპირა, მაგრამ ორშაბათს დამირეკა: ვერ ვასწრებ, ბესიკო... სიტყვები არ მყოფნის“... - წერს ბესიკ ხარანაული.

ომარ თურმანაულის ხსოვნისათვის

საკმაოდ გარჯილი და კეთილად-ნამოღვაწევი მიდის ომარ თურმანაული ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში:

ბარაქიანი და საკუთარი მწერლური დამღის მქონეა მისი სალიტერატურო ნამუშაკევი.

ერთნაირად ძლიერია მისი კალამი ვერლიბრის, კონვენციური ლექსის, კაფიისა თუ პროზის წერისას.

საინტერესო და უაღრესად სასარგებლოა მისი მთარგმნელობითი საქმიანობა ქართულიდან ფრანგულად და ფრანგულიდან - ქართულად.

ის გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ბობოქარი ეპოქის ორომტრიალშიც ისევე მთელი არსებით აღმოჩნდა ჩართული, როგორც პოეზიის ცეცხლ-ღადარში და სამშობლოსათვის უანგარო თავგანწირვამ აფხაზეთში გამძვინვარებული ომის მონაწილედაც კი აქცია.

დიახ, ალალი და უანგარო იყო მისი ცხოვრების ყოველი ეტაპი და, ალბათ, სწორედ ესეც შეიქმნა იმისი მიზეზი, რომ პუტჩისშემდგომ ქაოსში ჩაძირულ ქვეყანაში ცხოვრება ვეღარ მოახერხა და იძულებული გახდა ლუკმაპურის საშოვნელად საფრანგეთში გადახვეწილიყო.

თუმცა, არც უცხოეთიდან გაუწყვეტია კავშირი სამშობლო ქვეყნისა და აქაური სალიტერატურო ცხოვრების მაჯისცემასთან. მეტიც, ის იყო ამ ორი მძლავრი იმპულსის მარადიულად მატარებელი და ორგანულად განმცდელი.

ქვეყანა, რომ ქვეყნობდეს და ადამიანსა და შემოქმედს აქ შესაბამისი დაფასება ჰქონდეს, ახლა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მისი ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებასა და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვაზე!

მიხეილ ღანიშაშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში