საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:53 - 14 თებერვალი 2018 hits 15547

სვანეთში ლამპარს წელიწადში სამჯერ ანთებენ. პირველად წმინდა გიორგის ანუ მამაკაცებისა და ვაჟკაცების ლამპრობის დროს, შემდეგი ლამპრობა მირქმას უკავშირდება, კიდევ ერთი - ზეცის ლამპრობა თებერვლის ბოლოს იმართება.

„მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდების“ ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“. ასე აღწერს წმინდა გიორგის ლამპრობას, ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“.

წელს, სვანეთში, მირქმის ლამპრობა 14 თებერვალს აღინიშნება. ამ დღეს მოსახლეობა ცეცხლს საფლავებზე ანთებს. ისინი ღმერთს მიცვალებულების იმქვეყნიურ კეთილდღეობას სთხოვენ.

კიდევ ერთი, ზეცის ლამპრობა თებერვლის ბოლოს იმართება. მისი მიზანი მოსავლიანობის გაზრდა, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვაა.

ლამპრობის შესახებ პირველი ცნობები „ქართლის ცხოვრებაშია“ აღწერილი. ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად კი, ლამპრობა მთელ საქართველოში გავრცელებული ტრადიცია იყო, თუმცა რიტუალმა პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთში შეინარჩუნა.

 

რიტუალის ატრიბუტიკა

არყის ხის ლამპრები - სვანები შემოდგომაზე ტყეში გადიან და არყის ხეს ჭრიან. ხისგან კი იმდენ ლამპარს ამზადებენ, რამდენი მამაკაციცაა ოჯახში. ლამპარი თებერვლამდე უნდა გამოშრეს, დღეობაზე კარგად რომ დაიწვას.

რატომ არყის ხე? თქმულების თანახმად,  ქრისტეს ავაზაკები დაედევნენ. ბოროტმოქმედებისგან ის გზაზე მდგარმა არყის ხემ დაიცვა, ტოტები ჩამოუშვა და მაცხოვარი შეიფარა. ქრისტემ ხე დალოცა და აღუთქვა, რომ მას ადამიანის სულის მოსახსენილებლად გამოიყენებდნენ.

ლემზირები - დღეობისთვის სვანეთში ოჯახის დიასახლისი ლემზირებს ამზადებს. ლემზირი რომელიმე ღვთაების ან მფარველი არსების სახელზე შესაწირი პურია. სვანური ლემზირები ყველის გულსართით ცხვება.

ლამპრობისთვის სვანეთში განსაკუთრებით ემზადებიან. სავალდებულოა ოჯახში სიმშვიდე იყოს. სვანებს სჯერათ, რომ ამღვრეული გულით მიტანილ ლამპარს ღმერთი არ შეიწირავს.

14 თებერვალს, საღამოს, მირქმის ლამპრობას მესტიაშიც აღნიშნავენ. როგორ შეძლებთ მესტიაში აღმოჩნდეთ და ლამპრობას დაესწროთ, ამაში „მთის ამბების“ გზამკვლევი დაგეხმარებათ.

მგზავრობა

ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები ყოველდღე სრულდება შაბათის გარდა. ფრენის ხანგრძლივობა 1 საათია. რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის 65 ლარი, 12 წლამდე ბავშვებისთვის 45.50 ლარია.

ქუთაისი - მესტია და მესტია - ქუთაისის მიმართულებით ავიარეისები ორშაბათსა და პარასკევს სრულდება. ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა 12:00 საათზეა, ფრენის ხანგრძლივობა 30 წუთია. ბილეთის ღირებულება 40 ლარი.

თბილისიდან მესტიამდე, საავტომობილო გზით 463 კილომეტრის გავლა მოგიწევთ. მგზავრობას მიკროავტობუსით 7-8 საათი სჭირდება, საკუთარი ავტომობილით 6-7 საათი. თბილისიდან მესტიის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გადის. მგზავრობის ღირებულება 30 ლარია.

სად ვათევთ ღამეს

საოჯახო სასტუმრო „ნესგუნში“ ღამეს 20 ლარად გაათევთ. ოთახში დაგხვდებათ ორკაციანი საწოლი და უფასო უსადენო ინტერნეტი. ისარგებლებთ საერთო აბაზანით და ისაუზმებთ დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში.

საოჯახო სასტუმრო „ბაპშა“-ში, ღამის გათევის ღირებულება 80 ლარია. ფასში შედის საუზმე, უსადენო ინტერნეტით სარგებლობა, პარკირება და ტრანსფერი აეროპორტიდან.  სასტუმრო Booking.com-ზე 9 ქულითაა შეფასებული.

განთავსებასა და სამჯერად კვებას 67 ლარად, დამსვენებლებს სასტუმრო „ლენჯერი“ სთავაზობს. ღირებულებაში უსადენო ინტერნეტი, უფასო პარკირება და შინაური ცხოველების განთავსება შედის. Booking.com-ზე მისი შეფასება 9.1-ია.

სასტუმროს ნომერი ხედით, ტელევიზორით, უსადენო ინტერნეტით, საუზმით, სააბაზანო აღჭურვილობით, უფასო პარკირებით - სასტუმრო „თეთნულდში“ 216 ლარი დაგიჯდებათ.

კვება

ტრადიციული სვანური და ევროპული კერძები - მესტია დამსვენებლებს მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს. საოჯახო სასტუმროებში სადილი საშუალოდ 10 ლარი ღირს, კაფე-ბარებსა და სასტუმროს რესტორნებში კი 15-20 ლარი.

ალტერნატიული გზა

ლამპრობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტურისტული სააგენტოები სპეციალურ ტურებს აწყობენ. ტურის პროგრამა სამდღიანია და მგზავრობას, სასტუმროში განთავსებას, გიდის მომსახურებასა და ტრადიციულ სვანურ ტრაპეზს მოიცავს. ღირებულება 100-დან 120 ლარამდე მერყეობს.

ლამპრობა მოძრავი დღესასწაულია და მთვარის კალენდრით დგინდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში