საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მიხა ხელაშვილი დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლოა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:20 - 27 იანვარი 2017 hits 17983

ბოლო წლების ტრადიციისამებრ, 25 იანვარს ჩარგალში მიხაობა აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათი იყო, ფშავის სოფლებიდან, თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან არაერთი ჯგუფი ჩავიდა ჩარგალში. ფშავის ეს სოფელი უცნაურად გამოარჩია განგებამ. ვაჟა-ფშაველა ხომ აქ დაიბადა და მეორე დიდმა ფშაველმა პოეტმა აქ, ჩარგლის სასაფლაოზე ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. სწორედ აქ, დედის საფლავისა და ტაძრის გვერდით დაკრძალეს შეფიცულთა რაზმის წევრი, „მეგობართაგან“ ღალატით მოკლული „ველის პოეტი“ - მიხა ხელაშვილი.

მიხაობა ნამდვილი სახალხო ზეიმია, აქ არასოდეს არის წინასწარ გაწერილი სცენარი, პროგრამა, რომელშიც საგანგებოდ მოწვეული მსახიობ-მომღერლები მონაწილეობენ. აქ ნაკლებად არის ხოლმე თბილისური საღამოების ბომონდი.

„მე ფშაველი ვარ და მიხარია, რომ დღეს აქ ამდენი ხალხია. ამდენმა ადამიანმა იცის მიხას გმირობის ამბავი. ყველა მიყვარს, ვინც აქ არის“, - გვეუბნება მაღაროსკარელი მარიამ ცაბაურაშვილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ვიდეომასალა.

იქნებ ბევრმა არც იცის, ვინ იყო მიხა ხელაშვილი? შევეცდებით, მამატიანეების მიერ გადმოცემული ინფორმაციით გიამბოთ პოეტზე.

უკანაფშავში, ფშავის მთავარი სალოცავის - ლაშარის მოპირდაპირე მხარეს მთაზე არის სოფელი, უფრო სწორად ახლა უკვე ნასოფლარი - ახადი.  

აქ სამანქანე გზა დღემდე არ არის და სოფელში რომ ახვიდე, დღესაც, ისევე როგორც საუკუნის წინ, ტყის ბილიკს უნდა შეუყვე.

მიხას წინაპრები გოდერძაულნი ყოფილან. გვარიდან გამორჩეულა ბეწუნა - თიკუნათ ხელაი, მის შთამომავალთ ხელაიშვილებად მოიხსენიებდნენ, მიხას მამა კი უკვე ხელაშვილად დაწერილა. ახადში, ზურაბ ხელაშვილის ოჯახში დაბადებულა მიხა ხელაშვილი 1900 წლის 25 იანვარს (ზოგიერთი მონაცემით, ცოტა ადრეც). აქვე გაუტარებია ბავშვობა.

ზამთარში ახადში ასვლა რთულია, ამიტომ იუბილეს აღნიშნავენ ხოლმე ჩარგალში,  რომელიც მეორე მშობლიურ სოფლად იქცა მიხასთვის.

ახადში მდგარა ხელაშვილების ორსართულიანი ქვითკირის სახლიც.  

„სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გათხოვდებოდეო“, - ამბობს პოეტი თავის ყველაზე პოპულარულ ლექსში „ლექსო, ამოგთქომ, ოხერო“

ამ ორი ოცნებიდან არცერთი არ აუსრულდა, მიტოვებული სახლიც დაინგრა და ძალიან ადრე დაქვრივებული ცოლიც გათხოვდა...  

აქვე, თავის სოფელთან ახლოს, გამოღმა მისრიათ მხარეს, თამარ-მეფის (თამარ-ღელის) სალოცავში მიუღია დაწყებითი განათლება. საყდარში მოღვაწე მღვდელ ილარიონ მოსანთლიშვილს (თუ მოსანთლიაშვილს) უსწავლებია წერა-კითხვა ბიჭუნასთვის. ყმაწვილისთვის ნიჭიერება რომ შეუნიშნავს, მასწავლებელს მამისთვის რჩევა მიუცია, შვილი სასწავლებლად გაეგზავნა და თბილისის ორწლიანი სადიაკვნო სასწავლებელი მიუსწავლებია.

სწავლის ფული რომ სჭირდებოდა, ზურაბს ხარები „პატიოსანა“და „თვირთვილა“ გაუყიდია,  რასაც მიხას ბიოგრაფების თქმით, იმდროინდელ ფშავ-ხევსურეთში იშვიათად თუ ვინმე გააკეთებდა, რადგან ბალღის „ქაღალდისაც ჩახედვა“ დედაჭუაობად მიაჩნდათ.

1915 წელს სასწავლებლის დამთავრებისთანავე, მიხა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში გაუნაწილებიათ დიაკვნად, სადაც დიდი სიყვარული დაუმსახურებია.  

1919 თუ 1920 წელს ჩარგლის ეკლესიაში მღვდლად უკურთხებიათ მიხა ხელაშვილის დის ქმარი, სოფელ აფხუშოში (ჩარგლის ფუძე სოფელი) მცხოვრები თევდორე ჟამიაშვილი, რომელსაც ცოლის ძმა თავისთან გადაუყვანია.

და მიხა, როგორც მისი ბიოგრაფები წერენ, სასიამოვნო გარემოში აღმოჩენილა. აქ მოღვაწეობდა მასწავლებლად ნიკო მაკალათია (სერგი მაკალათიას ძმა, რომელიც შემდეგ თავის ცოლის ძმა ლადო ბალიაურთან ერთად ყარაგანდაში გადაასახლეს ათი წლით), ვაჟა-ფშაველას შვილი ვახტანგი, ვანო ხორნაული (მეზობელ კაწალხევიდან), ასევე ლუკა მარცვალაშვილი, ლევან გარსევანაშვილი.

აქვე, ჩარგალში,  უპოვია მიხას თავის სიყვარულიც - დედუნა ბაჩიაშვილი, რომელთანაც შემდეგ ქალიშვილი - თამარი შეეძინა.

სასულიერო პირი იყო, მაგრამ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიხა ხელაშვილი იძულებული გახდა, მიეტოვებინა ტაძარი და ცხენზე ამხედრებულიყო. ის ქაქუცა  ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი გახდა. ჩოლოყაშვილიც განსაკუთრებით ენდობოდა ფშაველ ახალგაზრდას. „კარის პოეტი ხარო“, - ეუბნებოდა თურმე ქაქუცა და გამარჯვების შემთხვევაში კარგი სწავლა-განათლების მიღებასაც პირდებოდა.

„კარის კი არა, ველის პოეტი ვარო“, - პასუხობდა თურმე მიხა, რომელიც ხან ფშავში იყო, ხან ხევსურეთში, ალავერდსა თუ ხაშმში. ის არც უცხოეთში გაყოლია სხვა შეფიცულებს.

კახა შალამბერიძის ლექსს თუ დავესესხებით:

„გმირი არა მწამს მე გაქცეული! დე, მაპატიონ ყველა წასულთა...

ხარ პირნათელი და ღირსეული მომავალთან თუ გმირულ წარსულთან...

მოგკლეს!... სიკვდილსაც დედა უტირე - შენ ხომ ჭაბუკი დარჩი მარადის!...

დარჩა და პოლიციელ-კომკავშირლებს თავსატეხად ექცათ მიხა ხელაშვილი. თავად მას რომ ვერაფერი დააკლეს, აფხუშოდან ახადში მიმავალ დედამისს დაუხვდნენ, ჯერ ხანჯლის წვერებით დაჩხვლიტეს და მერე ტყვია ჰკრეს და მოკლეს.

გადმოცემით, ძალიან ცოტა ხანს მივიდაო დედის გასვენებაში მიხა ხელაშვილი, თავით ფეხამდე იარაღში ჩამჯდარი მზად იყო, თუ რამეს დაუპირებდნენ, თავადვე მოეკლა თავი. პოლიციელებით იყოო სავსე ჩარგლის მიდამოებიც, მაგრამ გასვენებისას ვეღარავინ შებედაო სროლა.   

ცოლ-შვილის დაწიოკებასაც ერიდებოდა და მათთან მისვლას ვერ ბედავდა და ისე შორიდან თუ დახედავდაო...

- არ გათხოვდეო! - ეს ყოფილა უკანასკნელი თხოვნა სატრფოსადმი.

მაინც ჩარგალში სტუმრობა აღმოჩნდა საბედისწერო. „გულღიად“ დახვედრიან „მეგობრები“ -   ლუკა მარცვალაშვილი და ლევან გარსევანაშვილი: ხინკალიც ჩაუყრიათ, არაყიც დაულევიათ, ღამით სტუმარი თითქოს უსაფრთხოებისთვის საბძელში დაუძინებიათ... შუაღამისას კი თავად დასდგომიან იარაღით და ღალატით მოუკლავთ.

პოლიციას სროლა აუტეხავს, ვითომ მათ მოკლეს მიხა ხელაშვილი, შემდეგ გვამი დუშეთში გადაუტანიათ და პოლიციის ეზოში მიუგდიათ სხვების დასაშინებლად.

მიხას დას, სალომეს, ნაცნობი პოლიციელის დახმარებით მისი გვამი მოუპარავს, ნაწილ-ნაწილ ჩაუწყია ხურჯინში და ბევრი კაცი რომ ვერ იზამდა, თავად წაუღია ჩარგალში. დედის საფლავის გვერდით დაუკრძალავს ველად გაჭრილი დიაკვან-პოეტი.

მიხა ხელაშვილის „ლექსო, ამოგთქომ“ პირველად ვახტანგ კოტეტიშვილმა შეიტანა 1934 წელს გამოცემულ „ხალხურ პოეზიაში“. მისთვის ლექსი ვანო ხორნაულს მიუწოდებია. ეს ორივესგან უკვე დიდი სითამამე იყო, რადგან მიხას და მიხასნაირების სახელის ხსენებაც კი იკრძალებოდა. ვანო ხორნაულისთვის კი შესანახად და გადასარჩენად ეს ლექსები მიხას დას მიუბარებია.

„იკრძალებოდა, მაგრამ ფშავში არასოდეს ჩამკვდარა მიხა ხელაშვილის სახელი. ბავშვობიდან მესმოდა ეს ლექსებიც, მამაჩემმა უმეტესობა ზეპირად იცოდა“, - გვითხრა რამდენიმე წლის წინ პოეტმა ჯარჯი ფხოველმა.

***

არდავიწყების ზეიმია სწორედ მიხაობაც. დღე, როდესაც ფშავში პოეზიისა და ქართული სულის ზეიმი იმართება. წელსაც აქ მრავლად იყვნენ პოეტები, მსახიობები.

„წელიწადში ორი გამორჩეული დღე გვაქვს ჩარგალში. ზაფხულში ვაჟაობა და ზამთარში - მიხაობა“, - ამბობს ვაჟას მუზეუმის ყოფილი დირექტორი ლელა რაზიკაშვილი.

მიხაობაზე აუცილებლად სრულდება ფერხისა, ისმება კაი ყმის შესანდობარი.

„მიხა ხელაშვილი არის ვაჟკაცობის, გაუტეხელობის მაგალითი. მიხა არის დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო. ის კარგი ყმა იყო და აჩვენა, რომ მარტო კაცსაც შეუძლია უზარმაზარ იმპერიასთან ბრძოლა. მარტო კაცსაც შეუძლია, არ დამარცხდეს, როცა ყველა შეეგუება და თავს წაუხრის, ახალ დროებას მოერგება. ერთ კაცსაც შეუძლია, არ გატყდეს და მარტომაც იბრძოლოს საქართველოსთვის...

ჩვენ მოვდივართ აქ იმიტომ, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს, კარგი ყმების სახელი არ იკარგება. ჩვენს შვილებს ეცოდინებათ, რომ არ უნდა აპატიონ მტერს, ჩვენი ხეობების აოხრება და სოფლების დაქცევა“, - გვითხრა ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტმა ნუკრი მჭედლიშვილმა. ის ყოველწლიურად თავის თბილისელ თუ ფშაველ შეგირდებთან ერთად ადის ჩარგალში.

ფშავის 12-ვე თემის დროშებით ადიან ხოლმე პატარა ფშავლები მიხას საფლავზე.  

„მიხარია, რომ ყოველ წელს 25 იანვარს სულ უფრო მეტი ადამიანი მოდის ჩარგალში. მახსოვს, 10 წლის წინ, პირველად სულ 10-იოდ კაცი ვიყავით, დღეს კი, ხედავთ, რამდენი ხალხია.

წლევანდელი მიხაობა სხვა მხრივაც არის გამორჩეული. ჩვენ ვაყალიბებთ მიხა ხელაშვილის საზოგადოებას და გვინდა, მივმართოთ დუშეთის რაიონის გამგეობას, კულტურის სამინისტროს, რათა, ყველამ ერთად შევძლოთ და აღვადგინოთ ახადში მიხას სახლ-მუზეუმი. ეს შენობა დღეს აღარ არსებობს. თუმცა თუ გვინდა ეს მოხდეს, აუცილებელია ახადში გზის გაყვანა“, - ამბობს პოეტი და მიხაობის ერთ-ერთი ინიციატორი მიხეილ ღანიშაშვილი.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში