საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჩვენც შეგვიძლია სვანურ კოშკებს მივეშველოთ, რომ არ წაიქცნენ

22:01 - 20 აგვისტო 2021 hits 34463

იციან, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების უნებართვოდ ჩატარება, თუნდაც ის ძეგლის გადასარჩენად აუცილებელი იყოს, დაჯარიმებას იწვევს 5000 ლარის ოდენობით. საჯარიმო თანხა 2.5-ჯერ მეტია იმაზე, რაც სვანური კოშკის ახლიდან გადახურვას დასჭირდა, წყალი რომ აღარ ჩავიდეს და არ დაინგრეს. ვიდრე უშგულში ახალგაზრდები უნიკალური კოშკების გადარჩენას საკუთარი ძალებით გადაწყვეტდნენ, სულ მცირე 10 წელი ელოდნენ, როდის შეასრულებდა მთავრობა დაპირებას. ამასობაში კულტურის მინისტრი ექვსჯერ შეიცვალა, მთავრობის მეთაური შვიდჯერ. არავინ იზრუნა X-XII საუკუნეებში აშენებულ კოშკებზე, მთელი ქვეყანა რომ ვამაყობთ და სავიზიტო ბარათად მოგვაქვს.

უშგულის თემის სოფლებში - ჩაჟაშში, ჩვიბიანში, ჟიბიანსა და მურყმელში სულ 41 კოშკი, 7 ეკლესია და 87 მაჩუბია შემორჩენილი. კოშკები ნაკლებად სავალალო მდგომარეობაში მხოლოდ ჩაჟაშშია. ეს სოფელი 1996 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და პერიოდულად UNESCO-ს ექსპერტები ამოწმებენ.

ჩვიბიანში, ჟიბიანსა და მურყმელში კოშკები თვალსა და ხელს შუა გვენგრევა. ჩვიბიანში ჩარკვიანების საგვარეულო კოშკი 2017 წლის 22 ივნისს ჩამოინგრა. დიდი ხნის განმავლობაში ბზარები ჰქონდა და გამაგრებას საჭიროებდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში იცოდნენ. ჩამონგრევის შემდეგ პირობა დადეს, რომ ჩარკვიანების კოშკს თავიდან ააშენებდნენ და მშენებლობა 2020 წელს დასრულდებოდა. ნანგრევები გაწმინდეს და ამ დრომდე ხუთსართულიანი კოშკის მხოლოდ ერთი სართულია აღდგენილი, ისიც არასწორად.

მურყმელში 2015 წლიდან ინგრეოდა ჩარქსელიანების საგვარეულო, ექვსსართულიანი კოშკი. ბოლოს 2019 წლის ივლისში ჩამოიშალა. მხოლოდ 2 სართულიღა დარჩა. მთავრობა ამ კოშკის აღდგენასაც დაგვპირდა. ესეც მხოლოდ ნანგრევებისგან გაასუფთავეს.

მოსე ჭელიძე 29 წლისაა. სვანეთში 11 წლის წინ დაბრუნდა. მისი ოჯახი მურყმელიდან ქვემო ქართლში 1987 წლიდან არის გადასახლებული. მაშინ მთიდან მოწყვეტილმა ზვავმა მაჩუბები დაანგრია და 7 ადამიანი მოკლა. სტიქიამ მურყმელს 1976 წელსაც შეუტია. სახლები მაშინაც დაანგრია, კოშკებს კი ვერაფერი დააკლო. მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, მთაზე ტყის საფარი არაა და დიდთოვლობის დროს, ზვავი პირდაპირ მურყმელს უმიზნებს. საფრთხის გამო ბევრი აიყარა სვანეთიდან, მურყმელში 3-4 ოჯახიღა დარჩა. 20 წელზე მეტი მაჩუბები და კოშკები მიტოვებული იყო.

სვანეთში დაბრუნების შემდეგ, მოსე, ჭელიძეების საგვარეულო კოშკის გადასარჩენად იბრძვის. რამდენჯერმე მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ადგილობრივ ხელისუფლებას - კოშკს ყავარით გადახურული სახურავი ჩანგრეული ჰქონდა. წვიმისა და თოვლის დროს, რომლის ნაკლებობასაც სვანეთი არ უჩივის, წყალი ჩადიოდა, კედლებსა და სართულთშორის გადახურვას აზიანებდა. ნგრევის პროცესში მყოფი კოშკები სახიფათოცაა - მართალია შიგნით აღარ ცხოვრობენ, მაგრამ კოშკებიდან მოწყვეტილი ქვები კოშკს მიდგმულ მაჩუბებზე, ეზოებში ან სოფლის ვიწრო ორღობეებში ვარდება. მურყმელი კი ცოცხალი სოფელია - ტურიზმის განვითარებამ სვანეთში ხალხი დააბრუნა.

რამდენიმე წლის წინ, მესტიის სოფლებში, განსაკუთრებით უშგულში, უმეტესად უნებართვო მშენებლობები დაიწყო, რამაც ძეგლებს ახალი საფრთხე შეუქმნა. ხალხი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ცდილობდა. 2017 წლის ივნისში, მთავრობამ უშგულში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი გამოაცხადა. ყველა მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო. მოსახლეობას დაპირდნენ, რომ შექმნიდნენ განაშენიანების გეგმას, რომელიც 2018 წლის გაზაფხულამდე მზად იქნებოდა. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი მოწყობის დოკუმენტი ამ დრომდე არ დაუმტკიცებია.

კვლევამ, რომელიც მურყმელში განაშენიანების გეგმაზე მუშაობისას ჩატარდა, აჩვენა, რომ მურყმელის მთავარი პრობლემა ზვავსაშიში ადგილია. სპეციალისტების რჩევით, პრობლემის გადასაწყვეტად ზვავარიდების ნაგებობა უნდა მოეწყოს. „ეს არის უპირობო იმისთვის, რომ ნებისმიერი ჩარევა, რეაბილიტაცია გამართლებული იყოს. ეს თუ არ გაკეთდა, ზვავს ნებისმიერ დროს შეუძლია დააზიანოს და ისევ დაანგრიოს. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს ამის მოწყობა“, - უთხრა „მთის ამბებს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ 2021 წლის იანვარში. კულტურის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა აპრილში ანთიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ მურყმელში ზვავარიდების ნაგებობის ასაშენებლად მათ არაფერი აქვთ დაგეგმილი.

მურყმელი სვანურად კოშკების სოფელს ნიშნავს (მურყვამ „კოშკი“). მე-19 საუკუნის მიწურულს აქ 80-მდე სვანური საბრძოლო კოშკი მდგარა. ახლა 10 კოშკიღაა. აქედან 8-ის სახურავი ჩანგრეული იყო.

ერთ-ერთი მოსეს კოშკია. წელს უთხრეს, რომ უშგულში ძეგლების რეაბილიტაცია კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მოსემ ზუსტად არ იცის, ნამდვილად იყო თუ არა გამოყოფილი ფინანსები, მაგრამ იმან, რომ პანდემიის გამო სვანეთში ტურისტების რაოდენობა ძალიან არის შემცირებული და ახალგაზრდებსაც მეტი თავისუფალი დრო დარჩათ, ახალ მოძრაობას დაუდო საფუძველი.

ერთ თვის წინ, უშგულში მცხოვრები ახალგაზრდები დაირაზმნენ, მორები მოზიდეს, დიდი სიპი ქვები შეაგროვეს და გაასუფთავეს. მოსემ იცის, რომ ძეგლზე უნებართვო სამუშაოები კანონით ისჯება:

„ორი კოშკი დაგვენგრა. მირჩევნია დამაჯარიმონ, ვიდრე ჩვენს თვალწინ ინგრეოდეს ჩვენი ისტორია. სულ მოლოდინში ვიყავით, გვპირდებოდნენ, მაგრამ ხომ უყურებთ, რა დღეშიცაა. ავდექით და ჩვენ თვითონ დავიწყეთ გადახურვა“.

იმ მასალების შეძენაში, რაც ადგილზე არ იშოვება, ახალგაზრდებს კაფე-ბარ „ენგურის“ დამფუძნებელი ირაკლი ჩარკვიანი დაეხმარა და ჭელიძეების საგვარეულო კოშკის გადასარჩენად 2000 ლარი გაიღო.

„ერთი კოშკით დავიწყეთ. კარგად გადავხურეთ, წყალი აღარ ჩავა, კედლები აღარ დაიბზარება და აღარ დაგვენგრევა. უფროსი ადამიანები დაგვეხმარნენ, ვისაც ამის გამოცდილება აქვს. ახლა სხვა კოშკებსაც გვინდა მივხედოთ“, - მინდია ჩარქსელიანმა თანამოაზრეებთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, უშგულის აღორძინებისა და განვითარების ფონდი დააფუძნა. კოშკების გადასარჩენად შემოწირულება შეგიძლიათ ამ ფონდის ანგარიშზე გააკეთოთ:

  • მიმღები: ააიპ უშგულის აღორძინებისა და განვითარების ფონდი
  • ს/კ - 435895471
  • საქართველოს ბანკი
  • GE41BG0000000524602553

ივლისის ბოლოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ზემო სვანეთში, ხალდეს აჯანყებიდან 145 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო და უშგულსაც ესტუმრა. მინისტრს უთხრეს, რომ დრო არ იცდიდა, კოშკები ინგრეოდა და გადარჩენაზე ზრუნვა თავად დაიწყეს. წულუკიანი მათ დაპირდა, რომ სამინისტრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა. სამინისტროს ინფორმაციით, არქიტექტორ-რესტავრატორების, ისტორიკოს-არქეოლოგისა და ხელოვნებათმცოდნისგან შემდგარმა ჯგუფმა 2-3 აგვისტოს სრულად შეისწავლა უშგულის თემის ოთხივე სოფელი, მათ შორის ახალი დასახლება ლამჯურიშიც.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ახლა უკვე წულუკიანი დაგვპირდა, რომ დაიწყო იმ შენობა-ნაგებობების წინასაპროექტო სამუშაოები, რომელთა შენარჩუნებაც გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს და უშგულის რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ზამთრის დადგომამდე უნდა შესრულდეს.

უშგულელები გაჩერებას არ აპირებენ. თანხა როგორც კი შეგროვდება, სოფელ ჟიბიანში შურა ნიჟარაძის კოშკს მიეშველებიან.

გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში