საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კობსა და თრუსოს ახალი მიზიდულობის ცენტრებად ვაქცევთ - მინისტრი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:22 - 30 იანვარი 2019 hits 18156

„გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა მოიცავს მიმდებარე არეალების ათვისების და განვითარების გეგმასაც, კერძოდ სეთურების, კობის და თრუსოს დაცული ტერიტორიის“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.

„გუდაურის სათხილამურო პოტენციალის შეფასებისას, არქიტექტურული და სივრცითი მოწყობიდან გამომდინარე, თვალსაჩინო გახდა, რომ გუდაური თავისი ლანდშაფტიდან და უკვე არსებული განაშენიანებიდან გამომდინარე სრულად ვერ უზრუნველყოფს გაზრდილ მოთხოვნებს, ამიტომ მოხდა დამატებითი არეალების შესწავლა. სწორედ, ასეთი გენგეგმის ანალიზით და სივრცითი მოწყობის პროცესში მივიღეთ გადაწყვეტილება კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობის თაობაზე. ცოტა ხნის წინ ჩვენ უკვე გავხსენით კობი-გუდაურის 7,5 კილომეტრიანი საბაგირო გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონულ ჭრილში. 111 გონდოლიანი 3 საბაგირო გზა, 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება. საბაგირო საათში 2800 მგზავრს მოემსახურება. ახალი საბაგირო გზა, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, ადგილობრივ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობის შემდეგ, კობი, როგორც ჯერ კიდევ აუთვისებელი ახალი მთის კურორტი, ახალი მოზიდულობის ცენტრი ხდება - სადაც შესაძლებელია სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარება.

„კერძოდ, ეს არის ახალი, დაახლოებით 1800 საწოლიანი ადგილი. ჩვენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან,

2019 წელს კობში ვგეგმავთ საზოგადოებრივი პარკინგის მოწყობას იმისათვის, რომ უკვე კობი გახდეს მათ შორის მომსახურე არეალი გუდაურისთვისაც და ის ხალხი რომელიც ჩრდილოეთიდან მოდის, მათ შეეძლებათ კობში გააჩერონ ავტომანქანები და ისე მოხვდნენ გუდაურში, მოიხსნება სატრანსპორტო კოლაფსიც რაც გვაქვს ხოლმე პიკურ სეზონებზე“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა თრუსოს დაცულ ტერიტორიაზეც, როგორც ახალ ტურისტულ შესაძლებლობაზე - „თრუსოს ტურისტული და ინფრასტრუქტურული განვითარება მოხდება იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაცულ ტერიტორიასთან მიმართებაში.

თრუსოს ხეობაში დაგეგმილი გვაქვს ვიზიტორთა მცირე ცენტრის, პატარა გასაჩერებელი ადგილების მოწყობა და შესასვლელი გზის მოწესრიგება, მოეწყობა ბილიკებიც.

ასფალტით და მაგისტრალებით არ შევალთ და გავუფრთხილდებით იმ ლანდშაფტს, რომელიც არის. ყაზბეგს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს და ახალი ლოკაციების შექმნა იძლევა შესაძლებლობას, უშუალოდ კობში და მიმდებარე დასახლებებში, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ბიზნესი. ეს არის ის რეგიონული განვითარების ხედვა, რომელსაც ჩვენ, ამ პროცესში ჩართული ყველა უწყება ვცდილობთ, რომ მივყვეთ“ - აღნიშნა მინისტრმა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში