საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდაურში ხის კონტეინერებისგან დამზადებული სასტუმრო გაიხსნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:28 - 11 მარტი 2017 hits 10097

გუდაურში ხის კონტეინერებისგან დამზადებული, 11-ნომრიანი სასტუმრო Quadrum Ski and Yoga Resort გაიხსნა. პროექტის იდეა და დიზაინი ქართველ არქიტექტორებს სანდრო რამიშვილს და ირაკლი ერისთავს ეკუთვნით.

„Quadrum ლათინური სიტყვაა და კვადრატს ნიშნავს. ეს სიტყვა კარგად გამოხატავს პროექტის კონცეფციას. ჩვენი მიზანი მარტივი და ლანდშაფტზე კარგად მორგებული კონსტრუქციის შექმნა იყო. სასტუმრო მართლაც ასეთია. ის კარგად არის მორგებული გუდაურის ლანდშაფტს - შენობა იმეორებს მთის ფორმას. ნატურალური და მსუბუქი კონსტრუქციაა. მთავარ ხაზად ავირჩიეთ ხის მიმართულება. მშენებლობისთვის ძირითადად გამოყენებულია მუხა, თუმცა გვხვდება სხვადასხვა ხის მასალაც. მასალის 90% საქართველოშია დამზადებული, თვითონ კონტეინერები კი ქუთაისშია აწყობილი. მასალა ისეა შერჩეული, რომ მან ძლიერ ყინვას და დღე-ღამის განმავლობაში გუდაურში არსებულ დიდ ტემპერატურულ ცვლილებას კარგად გაუძლოს. ერთი კონტეინერის ფართი 21 კვადრატული მეტრია. სასტუმროში არის როგორც სტანდარტული ნომერი, ასევე ლუქსი დუპლექსით,“ - უთხრა „მთის ამბებს“ Quadrum Ski and Yoga Resort-ის მენეჯერმა დავით ხმიადაშვილმა.

სასტუმროს მშენებლობა 1 მილიონ 500 ათასი ლარი დაჯდა. ამ დროისთვის 600 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე 20 კონტეინერია განთავსებული. სასტუმროში 2 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 90 დოლარიდან იწყება და 230 დოლარს აღწევს.

„მომავალი სეზონისთვის სასტუმროს კიდევ უფრო გავაფართოვებთ. სასტუმროს გვერდით ახალი კონსტრუქცია მიემატება. ის განსხვავებული დიზაინის შენობა იქნება, უფრო მეტი ფართით. ეს იქნება 14-ნომრიანი ბუტიკი სასტუმრო, სპა ნომრებით და აუზებით, სადაც დამსვენებელი ამავე დროს იოგაშიც ივარჯიშებს. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებელი აქ მთელი წლის განმავლობაში მოვიზიდოთ და წლის ყველა სეზონზე მათ ხარისხიანი სერვისი შევთავაზოთ. ამიტომ დავარქვით სასტუმროს Quadrum Ski and Yoga Resort,“ - ამბობს ხმიადაშვილი.

გამორჩეული დიზაინის გამო Quadrum Ski and Yoga Resort უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში