საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„თუ მთავრობამ შეღავათები არ დააწესა, მეცხვარეობა ვერ გადარჩება“ - ილია ჯაგოდანიძე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:59 - 09 მარტი 2017 hits 14271

„მწყემსებს, რადგან ცხრა თვე არ ცხოვრობენ მთაში, მთის კანონი არ ეხებათ. მთის კანონი რომ შეგვეხოს კიდეც, დიდი შედეგი არ ექნება: არც თუშეთში და არც შირაქში არც გაზია და არც ელექტროენერგია. ხელფასი ჩვენ არ გვაქვს, რომ საშემოსავლო არ დაგვიქვითონ. სხვა სიკეთე კი მთის კანონს ჯერჯერობით არც მოაქვს“, - ამბობს ილია ჯაგოდანიძე, თუში მეცხვარე.

„დღეს ფერმერობა, მეცხვარეობა ძალიან დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამ საქმის კეთებას აზრი აღარ აქვს. ახალგაზრდები აღარ ირჩევენ მეცხვარეობას, რატომ წამოვლენ? შემოვასალი არ არის და დარგი წამგებიანია. თუ ვინმეა შემორჩენილი, მათი ასაკის არიან“, - ამბობს ილია და ხელს იშვერს მასთან მომუშავე მწყემსებისკენ - ლუხუმ მესაბლიშვილისა და ელგუჯა გამხიტაშვილისკენ. ისინი ათეული წლებია ცხვარში არიან და, ცხადია, კარგად იციან მეცხვარეების გასაჭირი.

მისი განმარტებით, მეცხვარეობა და მომთაბარეობა დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული: დანაკარგი, დანახარჯი, დახოცილი საქონელი - ყველაფერი მძიმედ აწვებათ.

„მიწის კოდექსის მიხედვით, 1 ჰექტარ საძოვარზე სახელმწიფოს 3 ლარს ვუხდით, თუმცა, 2003 წლის მერე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მისცეს საძოვრების განკარგვის უფლება და ისინი გაქირავებისას თვითნებურად ადებენ ფასს, როგორც მოინდომებენ. ზოგან 9, ზოგან 10-11 და 12 ლარსაც კი ახდევინებენ ხალხს. ბევრი საძოვარი კერძო პირებმა ჩაიგდეს ხელში, ისინიც აქირავებენ, ანუ კიდევ უფრო ძვირდება ფასი. 

აქ, ჰექტარზე 3 ლარს სახელმწიფოს ვუხდი, ამას ემატება 6 ლარი - ადგილობრივი გადასახადი, ანუ 9 ლარი გამოდის ჰექტარზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ დაახლოებით 300 ჰექტარი მაქვს, ნახავთ, რომ ჩემი შემოსავლის დიდი ნაწილი მიდის ამ გადასახადში“, - ამბობს ილია ჯაგოდანიძე .

ზამთრის საძოვრებიდან თუშეთში საქონლის გადარეკვას ერთ თვეს ანდომებენ, ერთი თვეც უკანა გზაზე სჭირდებათ.

„მომთაბარეობა დიდ სირთულეებთან და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გზაზეც ხომ უნდა საქონელს კვება და იქ კერძო პირებისგან ვქირაობთ საძოვარს. ცხადია, ესეც გვიძვირებს ხარჯს. დარგი წამგებიანი გახდა. ამიტომ ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, შეძლებისდაგვარად, მთაშიც და შირაქშიც საძოვრების გადასახადის გადახდისას შეღავათი უნდა დაუწესონ მწყემსებს“.

მეცხვარეები რომ არ ყოფილიყვნენ, ეს შირაქ-სამუხიც და თუშეთის ტერიტორიებიც შეიძლება დაკარგულიყო, რადგან წლებია, ამ მხარეებში მეცხვარეები უიარაღო მესაზღვრის ფუნქციასაც ასრულებენ“, - ამბობს ილია ჯაგოდანიძე.  

ზოგადად საძოვრების სიმცირეა. ახლა მოუსავლიანობის გამო ცოტაა ბალახი და ისედაც ითვლება, რომ ჰექტარზე 2-4 ცხვარზე მეტი არ უნდა ძოვდეს, რადგან მეტის ძოვება ნიადაგის ეროზიას და შესაბამისად, უბალახობას იწვევს. რადგან შირაქი და ელდარის ვაკე ნახევრადუდაბნოს მიეკუთვნება, ეს მაჩვენებელი, ანუ ჰექტარზე ცხვრის რაოდენობა კიდევ უფრო მცირე უნდა იყოს, 1-2-იც კი.

„მე 500-მდე ცხვარი, 80-მდე ძროხა და 30-მდე ცხენი მყავს. მიუხედავად იმისა, რომ 300-მდე ჰექტარი მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ საძოვარი არ მყოფნის“, - გვეუბნება ილია.

თუშეთში მეცხვარეობა, ტრადიციულად, ვაჟკაცურ  საქმედ ითვლებოდა. „ვინაც კარგი ვართ, ცხვარში ვართო“, - ამბობდნენ თუშები. მეცხვარის ყოფა კი რთულია. ოჯახური გარემო, თბილი ლოგინი უცხოა მწყემსისთვის.

„გვიან დავქორწინდი, პატარა შვილები მყავს და ბიძას მეძახიანო“, - სინანულით ამბობს ილია. დოლის მერე ორ-ორი კვირით თუ მიდიან ხოლმე მეცხვარეები შინ, ასეა მთიდან  დაბრუნებისასაც.

მიუხედავად ამდენი შრომისა, მეცხვარეების თქმით, სულ უფრო მცირდება ცხვრის ფასი და, შესაბამისად, შემოსავალიც. თუ ორი წლის წინ თოხლი 100 დოლარის ეკვივალენტი, ანუ დაახლოებით 180-200 ლარი ღირდა, ახლა ეს თანხა 80-90 ლარამდე დავიდა.

წელს ომალოში, თუშეთობაზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ.

„ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მთავრობის ხელმძღვანელი შეგვხვდა, რადგან კომუნისტებიდან მოყოლებული არავინ პირადად არ დაინტერესებულა ჩვენი ყოფით.  კვირიკაშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რაღაცები ჩაინიშნა და დახმარებას დაგვპირდა.

მოკლედ, ყოფნა-არყოფნის წინაშე დგას მეცხვარეობა. ბანკები რომ არ იყოს, ცხვარი და მეცხვარე არც იქნებოდა. ყველა, მეცხვარეების 100-ვე პროცენტი ბანკზეა დამოკიდებული, გამოაქვთ კრედიტი და მერე შემოდგომით ფარავენ. არის შემთხვევებიც, როცა ვერც ფარავენ,  წელსაც ძალიან გაუჭირდებათ სესხების დაფარვა, რადგან ცხვარი მასობრივად დაიხოცა. უმოსავლობა, უბალახობა, ნადირი, ზვავი - ყველაფერი ზარალია მეცხვარისთვის“, - ამბობს ილია ჯაგოდანიძე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში