საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უჩას გოგოები - ექვსი და მარგველანი იფრალიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:01 - 05 ივნისი 2019 hits 38722

ექვსნი არიან, დები მარგველანები. ვერც სამმეტრიანი თოვლი აშინებთ და ვერც უგზოობა. სოფელს დედასთან ერთად პატრონობენ. მშობლიური იფრალი მაშინაც კი არ დაუტოვებიათ, როდესაც საზარელმა სტიქიამ სვანეთის სოფლები დააცარიელა.

მარგველანების ოჯახში 1987 წელი მძიმედ ახსოვთ. დიდთოვლობის გამო მესტიის რამდენიმე სოფელში ჩამოწოლილმა ზვავმა მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. „ჩვენ აქ, სოფელში დავრჩით. მამამ გადაწყვიტა, მთავარანგელოზის ტაძარს არ მოშორებოდა. პირობა მისცა, ნუ მიმატოვებ და არ მიგატოვებო“, - იხსენებს შუათანა და, ნაზო. 

მამას ხშირად ახსენებენ. უჩა მარგველანი სვანური ადათებისა და წესების კარგი მცოდნე და გამორჩეული მედიატორი ყოფილა. 

„მამამ გაგვზარდა საჯუნგლედ. ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ ნებისმიერ პირობებში უნდა შეგვძლებოდა თავის გატანა, ცხოვრების მოწყობა, სიცოცხლის გაგრძელება. მამა ჩვენთვის გადაშლილი წიგნი იყო, მთის, ჩვენი სოფლის, ადამიანების სიყვარულს გვასწავლიდა“, - გვიყვება ნაზო.

კალაში სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესში სწავლა ექვსივე დამ გააგრძელა და თბილისიდან სვანეთშიც ექვსივე დაბრუნდა.

„ერთი წამით არ გვიფიქრია მამის და რასაკვირველია სოფლის მიტოვება. მთელი ჩემი არსებით, მთელი გულითა და გონებით მიყვარს აქაურობა. მინდა, ჩავეხუტო და ბოლომდე შევიგრძნო სითბო და სიყვარული. ალბათ, მხოლოდ აქ მცხოვრებლებს შეუძლიათ ეს შეგრძნება. არ ვიცი, ვფიქრობ თქვენც შეძლებთ ამას თუ ისე შეხედავთ, ჩემი თვალით“, - ამბობს ნაზო.

იფრალი კალის თემის სოფელია, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე. სოფელში მე-11 საუკუნის ეკლესია დგას, კედლის გარეთა ნაწილზე შემორჩენილი უძველესი ფრესკებით.

ტურისტები იფრალში ძირითადად სოფელ ადიშიდან ხვდებიან. ადიშიდან ჩხუტნიერის გადასასვლელის შემდეგ, საიდანაც იალბუზის წვერიც კი ჩანს, ხალდესჭალაში ეშვებით. გზად ტრაგიკული ისტორიით ცნობილ სოფელ ხალდეს დაათვალიერებთ და შემდეგ იფრალში მიხვალთ. ადიშიდან იფრალამდე ცხენით და ფეხით 5-6 საათის სავალია.

იფრალიდან დასავლეთით, ენგურის გაღმა, დაახლოებით 1,5 კილომეტრში მოჩანს სვანეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავი – წმინდა კვირიკეს ეკლესია. იფრალიდან ტურისტული მარშრუტი უშგულისკენ მიემართება, შუასაუკუნოვანი კოშკების სამყაროში. ცხენით ან ფეხით დაახლოებით 4-5 საათის სამგზავროა.

უშგულში გამგზავრებამდე, ძალების მოსაკრებად მოლაშქრეები იფრალში, უჩას გოგოების საოჯახო სასტუმროში ჩერდებიან.

მცირე ბიზნესი 8 წლის წინ დაიწყეს. ნაზო გვიყვება, რომ ხალხისგან დაცლილ სოფელში სტუმრები უხაროდათ, მასპინძლობდნენ, სვანეთის ისტორიასა და ტრადიციებს აცნობდნენ: „ერთხელ ტურისტების დიდი ჯგუფი გადმოვიდა და მათ შემოგვთავაზეს, რომ საოჯახო სასტუმრო მოგვეწყო. ამანაც სტიმული მოგვცა, ქალაქში წასვლაზე უარი რომ ვთქვით“.

სახლი შეაკეთეს, ძველი ნივთები შეაგროვეს და ეთნოგრაფიული მუზეუმიც მოაწყვეს. ყველაფერი საკუთარი ხელით და თანხებით გააკეთეს. სახელმწიფოსგან რაიმე მხარდაჭერა არ ჰქონიათ, თუმცა, ნაზოს თქმით, მიკროგრანტების პროგრამამ ბოლო პერიოდში სვანეთის რამდენიმე სოფელი გამოაცოცხლა: „მთელი კალა თითქმის დაცლილი იყო. სულ რაღაც 20 ოჯახიღა ვიქნებოდით თემში. ტურიზმის განვითარებამ დაბრუნების, დაფუძნების ბიძგი მისცა ხალხს. დღეისათვის კალის თემში 6 ოჯახი უკვე დაბრუნდა. ხალდეშიც არიან ზაფხულობით. ჩვენთვისაც მეტი სიძლიერეა“.

კალის თემში 8 სოფელია: ლალხორალი, აგრაი, დავბერი, ვიჩნაში, იფრარი (იგივე იფრალი), ლასკრალი, ხალდე, ხე. ლასკრალი და აგრაი ნასოფლარებია.

„ცოტა პირი იბრუნეს და სოფელი იჩაგრება ამის გამო, მაგრამ აუცილებლად შეივსება. ცოტაც და მოვა ეს დრო. თუნდაც იმიტომ, რომ

ქალაქი ვერ იარსებებს სოფლის გარეშე, გამორიცხულია. თანადგომა სჭირდება სოფელს. ზამთრის პერიოდში გზა რომ არ ჩაიკეტოს და მისვლა-მოსვლა შევძლოთ, კავშირი რომ არ წყდებოდეს რაიონულ ცენტრთან. ყველაზე მთავარი ეს არის.

ზამთრის პირობებია აქ ძალიან ძნელი, მკაცრი. დიდთოვლობაა და იანვარსა და თებერვალში გზები იკეტება. სამ მეტრამდე აღწევს თოვლი. შეგუებულები კი ვართ, მაგრამ ძნელია ოჯახებისთვის რამე რომ დაგჭირდეს“.

ნატო, ნინო, ნაზო, მარი, ფიქრია, თინო მარგველანები, დედა ლამარა გულბანი - იფრალი სწორედ ამ შვიდმა ქალმა და მათ მეზობლად მცხოვრებმა პირველების ოჯახმა შეინარჩუნა.

ქალები ისევ მამის ნათქვამს იხსენებენ: „მამა ამბობდა ხოლმე, ოჯახის საყრდენი ბოძი ქალიაო. ქალი დიდი ძალაა ოჯახშიც და სოფელშიც“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში