საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

105 წლის სოფო ბებო გუდამაყრიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:34 - 18 აპრილი 2018 hits 28781

„ავაჰმეე! ეს სიტყვა რაღაცით ჰგავს გუდამაყრელ დედაკაცებს, თუკი შეიძლება სიტყვა ადამიანს ჰგავდეს და მსგავსება ზოგად სახეს ატარებს.

ავაჰმეე!

ეს სიტყვა დადის სახნავ-სამკალზე, სათიბ-სახვეტზე.

დადის წელში ოდნავ მოხრილი. შავი სამოსი აცვია ტანზე. გუდამაყრელი დედაკაცების მსგავსება ამ ერთ სიტყვაშია მომწყვდეული. ცადაზიდული მთებით არის შემოფარგლული ეს სიტყვა. აქ, გუდამაყრის ვიწრო ხეობაში არის მისი საუფლო“.

გოდერძი ჩოხელი, „გუდამაყრელი დედაკაცები“

მასაც შავი აცვია: კაბაც, შემოსაცმელიც, წინსაფარიც შავი. წელშიც მოხრილია. გუდამაყრის „ცადაზიდული“ მთების ძირას ერთ გუდამაყრულ სოფელში ცხოვრობს და წვალებით გააქვს წუთისოფელი.

„სხვაგან ვერ ვიცხოვრებ, შვილო. აქ ბნელში ყოფნა მირჩევნია. ქალაქი? არა, არა, ვერ გავძლებ, არ მეხილება. ქალაქსა აქაობა სჯობია“ - ზამთარში შვილთან იყო გაღმა სოფელში, მაგრამ იქაც, სხვაგან გული არ უჩერდება, შინ ურჩევნია და აკი წამოვიდა კიდეც.

ხელი სტკიოდა და წელს კვერცხი თავად ვერ შეღება, ვერც ნამცხვარი გამოაცხო. სააღდგომოდ ვერც მეუღლისა და სიძის საფლავზე გავიდა. შორს სიარული უჭირს უკვე. სახლში კი მაინც ყოჩაღობს: ჩვენ რომ მივედით, კარტოფილს თესდა, მერე შინაც შეგვიპატიჟა და მაგიდაზე შვილის მიერ მოტანილი წითელი კვერცხი და ნამცხვარი დაგვიდო: „მიირთვით, შვილო, შორი გზიდან მოდიხართო“.

სოფიო აფციაური-ჩოხელი გუდამაყრის ხეობის სოფელ ჩოხში ცხოვრობს ფარღალალა, ნახევრად ჩამონგრეულ სახლში - ძველი კანტორის შენობაში. იქ ცხოვრება სახიფათოა. დაპირების მიუხედავად, დუშეთის გამგეობიდან სახლის გასამაგრებლად დახმარება არ მიუღია:

„გინდა დღეს მოვკვდე, გინდა ხვალა, ვის ვაგონდები ნეტა რა. იშლება ეს სახლი... დამიტანს. რომ გაემაგრებინა ვისმე, მაგრამ ვინ არის ჩემთვის მოწყალე. არც ვინ მამის სახლშია მყავს, არც ისეთაი ვინმე, რომ ყურადღება მომაქციონ“.

პირადობის მოწმობის მიხედვით, 1913 წლის თებერვალშია დაბადებული. ფიზიკურად ჯერ ყოჩაღადაა, სმენა კი დააკლდა „სუ გაირინდნენ ეს გაჩანაგებული ჩემი ყურები. რატო მომივიდა ასე, არ ვიციო“, - ამბობს.

მთელი ცხოვრება გუდამაყარში გაატარა. ჩოხის გაღმა, დუმაცხოში დაიბადა, თავად აფციაურია, „იქ მამის სახლში აღარვინ დამირჩნენ“, - თვალში სევდა უდგება საუბრისას.

ახლა დაცარიელებულია დუმაცხო, ზამთარში არავინ ცხოვრობს, ზაფხულობით 2-3 ადამიანი თუ ადის საქონლით, ეგ არის და ეგ. მის ბავშვობაში, 20-30-იან წლებში და მერეც ბევრი იყო ხალხი.

„25 კომლი მაინც ვიქნებოდით. მაშინ იქ სკოლაც იყო და ოთხ კლასამდე იქ ვსწავლობდით. ოთხი მასწავლებელი გვყავდა: სონა, ოლღა, ნუციკო და რუსუდან მასწავლებლები. მოსწავლე რამდენი იყო? ზუსტად არც ვიცი. 20-30? იქნებ მეტიც... ათნოხელები, ბურსაჭირელებიც იქ დადიოდნენ. დილას დავიღლივებდით ერთ შეშას და სკოლაში მიგვქონდა“, - იგონებს იმ დროს სოფო ბებო.

სკოლის შემდეგ კოლმეურნეობაში დაიწყო მუშაობა.

„ვმკიდიკე, ვთიბავდიკე, 15 ძროხასაც ვუვლიდი, ხბოებსაც ვზრდიდი... ძლიერი კოლმეურნეობა გვქონდა“, - გვიამბობს.

19 წლის გათხოვდა, მისი მეუღლე ჩოხელი იყო, სოფელ ჩოხიდან. მაშინ სოფელი ზემოთ იყო, ეკლესიის სიახლოვეს. ჭალაში, პირიმზის მინდვრისკენ, მერე, გვიან ჩამოვიდნენ.

სოფო ბებოც მერე დასახლდა ძველი კანტორის შენობაში.

„აბა ჩემსავით ბეჩავ ყოფაში გინახავთ ვინმე?“, - გვეკითხება. ფოტოების გადაღებასაც გვიპროტესტებს: „ეგრე ბეჩაობითა ვცხოვრობ. ჩემნაირ ბებერს და ბეჩავს რა სურათების გადაღება უნდა“...  

სულ ხუთი წელი იცხოვრა მეუღლესთან. 25 წლისა დაქვრივდა, მაშინ მისი გოგონა სამი წლის იყო. მას მერე ებრძვის წუთისოფელს. რაც თავი ახსოვს, შრომობს, ჯაფაში გალია დღენი.  

ერთი შვილი ჰყავს და სამი შვილიშვილი. ორი-სამი წელია საქონელს ვეღარ უვლის, აღარ აქვს ძალა. თუმცა საჭმელსაც აკეთებს, ბოსტანსაც უვლის, საკუთარი ხელით გათოხნა და კარტოფილიც თავად დათესა.

აკითხავენ შვილი, შვილიშვილები, მეზობლები. თუმცა, მეზობლებიც სად არიან, დაცარიელებულია გუდამაყარი. ალაგ-ალაგ თუ არის ვინმე შერჩენილი: „ერთი დედაკაცი ცხოვრობს ქვემოთ, გამგებლის დედა. ეგეც ქვემოთ იყო ნათესავებთან:

„ზამთარში არვინ არის აქ. აბა, მარტუაი შენ, ზოგჯერ შუქიც არ არის, იყავ ბნელშია. ტელევიზორიც მოშლილია, არ აჩვენებს. დაღამდება გათენება არა მგონია და გათენდება დაღამება, ან ეხლა მოვკვდები ან ეხლა და დავიკარგები“.

ისევ ავაჰმე მახსენდება.  

ავაჰმეე!

ეს სიტყვა რაღაცით ჰგავს გუდამაყრელ დედაკაცებს, თუკი შეიძლება სიტყვა ადამიანს ჰგავდეს და მსგავსება ზოგად სახეს ატარებს“.

გოდერძი ჩოხელზევ ვეკითხებით. „ჩვენ თვალწინ გაიზარდა, ერთად ვცხოვრობდით. ახლოს იყო ჩვენი სახლები. წვალებით გამოზარდა დედამ. ეგეთაი, არც ვინ არის აქა, როგორც გოდერძი იყოო“, - დარდობს.  

დამშვიდობებისას გულში გვიხუტებს, გვაცილებს და საგზლად სააღდგომო წითელ კვერცხებს გვატანს.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში