საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვაჟა-ფშაველა - ილია ჭავჭავაძე ვერ მოჰკლეს!

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:29 - 17 ოქტომბერი 2017 hits 22641

„ილია რო მოჰკლეს!“ - მითხრა ერთმა ჩემმა ნაცნობმა მწუხარე და თან გაკვირვების კილოთი.

თავზარი დამცა ამ ამბის გაგონებამ და ათასი კითხვა აღმიძრა: ვინ მოჰკლავდა, ნეტავ, ილიას? განა შეიძლება ამისთანა ადამიანის მოკვლა? ნუთუ ქართველებმა შეახეს ხელი თავის მამას, ქართველთათვის თავდადებულს, თავის ერისთვის მოჭირნახულე ადამიანს? იქნებ უცხოელებს შეჰშურდათ ჩვენთვის ეს მართლაც ერთადერთი ბურჯი ჩვენის ქვეყნისა, ბურჯი ჭკუით, ნიჭით და გამოცდილებით? ათასი ამისთანა კითხვა დამებადა თავში და დღესაც კი, დღეს, როცა ეს სტრიქონები იწერება, არ ვიცი მიზეზი ილიას სიკვიდლისა.

ვიცით მე და თქვენ, მკითხველო, მხოლოდ ფაქტი, რომ მოგვიკლეს საუკეთესო, პირველი ადამიანი, ჩვენის მწერლობის სულის ჩამდგმელი, მოღვაწე, დიდი მოამაგე ქართველ ერისა.

რომელი ერთი ჩამოვთვალო ილიას ღვაწლთაგანი? ეს ყველამ კარგად უწყის. საშინელი, მეტისმეტად ბარბაროსული მკვლელობაა, რომლის მსგავსი არსად, არა ქვეყანაში არ მომხდარა და არც მოხდება! მხოლოდ საწყალს, უბადრუკს, უბადრუკის შვილების პატრონს საქართველოში შეიძლება ამისთანა მკვლელობა...

საზარელი ფაქტია, საზარელი მოქმედებაა, საშინელი აზრის პატრონნი უნდა იყვნენ ამ მკვლელობის ჩამდენნი. აშკარაა და აშკარად ვიტყვი: ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავენ.

აბა კარგად ჩაუკვირდით საქმეს, თუ ასე არ არის, დიაღ, ასეა და ეს არის კიდეც უბედურება, დიდი უბედურება, ჩვენს თავზე მოვლენილი. უგუნურთ ნუთუ არ იციან, რომ საუკეთესო ადამიანების ხოცვა, კვლა, მოკვლაა მთელის ქვეყნისა. სოფელი ვინ და ერთი კაციო. ნუთუ იქამდის დავკნინდით, დავკარგეთ ადამიანობა, ნამუსი, დავიბრმავეთ გონება, რომ ამისთანა აზრები ღორძინდება საქართველოში?

ნუთუ ვისმე ფანატიკოსებს ჰგონიათ, რომ ილიების ხოცვით მოჰკლავენ თვით იდეას, რომელიც უკვდავია და რომელსაც მხოლოდ ილიასთანა ადამიანებს შეუძლიანთ ემსახურონ და არა უძლურთ, უნიჭოთ, უვიცთ და საზოგადოების ნაძირლებს!

ილიასთანა ადამიანებს სიცოცხლეშივე ძეგლებს უდგამენ უცხოეთში, ხოლო ჩვენ კოცონზე ვწვავთ, ვკლავთ, როგორც ავაზაკებს... საბრალო ჩვენო თავო, საწყალო საქართველოვ!

რა ვთქვათ მკვლელებზე, ამ საცოდავს მეოცე საუკუნის ჰეროსტრატებზე? რა ადამიანები უნდა იყვნენ ილიას მკვლელები? როგორ მოვიხსენიოთ ისინი? როგორ მოვექცნეთ ამ უბადრუკებს? ნუთუ ისე, როგორც გვირჩევს ამ დღეებში დაბეჭდილი მოწოდება ქართველთადმი - ცეცხლი და მახვილი მკვლელებსაო. ესღა გვაკლია, რომ ბარბაროსობას კიდევ სხვა ბარბაროსობა დავურთოთ ზედ, დავერივნეთ ერთმანეთს, ვხოცოთ, ვჟლიტოთ ერთმა მეორენი და გავახაროთ ისედაც ჩვენის უბადრუკობით გალაღებული მტერი? ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთმა გვაშოროს ამისთანა საქციელი...

ნაღვლით და ბოღმით აღსავსე მე ასე ვსჯი, რომ ილიას მკვლელნი შესაბრალისნი, ყოვლად საწყალნი, ყოვლად გამოთაყვანებულნი, უვიცნი, ზნეობით გათახსირებულნი და ბრმანი უნდა იყვნენ, სატირელნი და სავალალონი ჩვენ ქართველებისგან.

სხვა რა ვთქვათ? სხვა რა ვიფიქროთ? სისხლი სისხლისთვის? ცოდვა მივუმატოთ ცოდვას? სირცხვილს-სირცხვილი? განა იმათ ადამიანების ერთი ბეწო ნიშანწყალი რომ ჰქონდეთ, იზამდნენ ამას? მოჰკლავდნენ ამისთანა ადამიანს, რაც უნდა მისგან ნაწყენნიც იყვნენ? არა. არ არიან ისინი ადამიანები, უნდა შევრაცხოთ მხეცებად, პირუტყვებად, და პირუტყვებზე როგორ ვიძიოთ შური, ისე, როგორც ადამიანზე, ეს ხომ ჩვენივე სირცხვილია, ჩვენის ადამიანობის დამცირებაა?

მოჰკლეს ილია!.. მაგრამ ვერ მოჰკლეს, ვერა! მისი ხსოვნა უკვდავია, ვიდრე საქართველო იქნება. დიაღ, ვერ მოჰკლეს, რადგან თუ რამდენიმე, თითებზე დასათვლელი ადამიანი ხარობს ილიას სიკვდილით, ასი ათასი მისტირის ამ ჩვენს სასიქადულო მამულიშვილს და რამდენიც ხანი გაივლის, მით უფრო, დაკლების მაგივრად, გრძნობა სიბრალულისა და სიყვარულისა მოიმატებს ერის გულში.

„საწყალი ილია, საწყალი ილია!“ მესმის გულსაკლავად წარმოთქმული აქეთ-იქიდან სიტყვები მამათა და დედათა მიერ. საწყალი ილია? არ არის ილია საწყალი, ვინაიდან მან აასრულა თავისი მოვალეობა წინაშე თავისი ქვეყნისა. იბრძოლა, იღვაწა ჩვენს სასარგებლოდ და დაღლილ-დაქანცული მიებარა ცივს სამარეს, ჩაიყოლა თან ისევ ჩვენი დარდი, დარდი თავისი ქვეყნისა... გაიყოლა თან ის ტყვიები, რომლითაც ჩვენ იმას გაუმასპინძლდით, წყლულები ჩვენ მიერ დაჩნეული. ჩაიყოლა თან ყველა ეს ჩვენი მიერ მიძღვნილი, სასიქადულო ძღვენი, მაგრამ ილია იმდენად ჭკვიანია, იმდენად უყვარს ქართველები და საქართველო, რომ მამაპაპათა წინაშე დაჰმალავს ტყვიებსაც, წყლულებსაც, რომ ჩვენზე ცუდი არ ათქმევინოს და არ აფიქრებინოს, არ გააჯავროს ჩვენზე ისინი.

საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ჩვენო იმედო, ჩვენო საყვარელო ილიავ!

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში