ახმეტის საარჩევნო ოლქის 30 უბნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 25 უბნის შედეგია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა ხმების 47.01 % (5454 ხმა) მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსი ფიცხელაურმა 52.99 % (6147 ხმა). ახმეტაში მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.
მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება თიანეთის რაიონში. 20 უბნიდან ყველას შედეგი გამოქვეყნებულია. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლევან წიკლაურს 43.19 % აქვს (2726 ხმა); მეორე ადგილაზეა თამაზ მეჭიაური 30.09 %-ით (1899 ხმა); პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატს თამაზ იარაჯულს 8.64 % აქვს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ილია არჩემაშვილს 18.08 %.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მანანა ნარიმანიძემ მერის არჩევნები პირველივე ტურში მოიგო დუშეთში. 51 საარჩევნო უბნიდან გამოქვეყნებულია 45 უბნის შედეგები, რომლის მიხედვითაც ნარიმანიძეს 65.53 % აქვს (6067 ხმა), „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლეონიდე კვირკვეიშვილს 23.3 % (2157 ხმა), გახარიას პარტიიდან თენგიზ ჟამუტაშვილს 11.18 % (1035 ხმა).
მეორე ტური არ იქნება არც ყაზბეგში. ამომრჩეველთა ხმების 65.8% (1703 ხმა) მიიღო „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა. 11 საარჩევნო უბნიდან ათი უბნის შედეგია გამოქვეყნებული. პარტიიდან „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა მანუჩარ დვალიშვილმა ხმების 21.14 % (547 ხმა) დააგროვა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ იმედა შიოლაშვილმა 5.26 % მიიღო (136 ხმა).
ბორჯომის 31 საარჩევნო უბნიდან 26 უბნის შედეგია გამოქვეყნებული. „ქართული ოცნებიდან“ ოთარ არბოლიშვილს 69.14 % აქვს (7285 ხმა); „ნაციონალური მოძრაობიდან“ გივი ჯოლბორდს 30.86 % (3251 ხმა).
წალკაში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ილია საბაძემ მერის არჩევნები პირველივე ტურში მოიგო ხმათა 55.86 %-ით (4874 ხმა). 44 უბნიდან ყველას შედეგია გამოქვეყნებული. „ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსლან ხუციშვილმა 23.61 % დააგროვა (2060 ხმა), პარტიიდან „კანონი და სამართალი“ კანდიდატმა ემზარ დიმიტრაძემ 16.99 % (1477 ხმა);
ადიგენის 19 საარჩევნო უბნიდან ცესკოს ვებგვერდზე 15 უბნის შედეგია გამოქვეყნებული. „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატს გოჩა ქიმაძეს 65.63 % აქვს (4736 ხმა), „ნაციონალური მოძრაობიდან“ მარეხ დათიაშვილს 34.37 % (2480 ხმა).
ახალქალაქში მერის არჩევნები სრული უპირატესობით, 82.22 %-ით (14082 ხმა) „ქართული ოცნების“ კანდიდატს მელქონ მაკარიანს აქვს მოგებული. 71 საარჩევნო უბნიდან 69 უბნის შედეგია გამოქვეყნებული. „ევროპული საქართველოდან“ არსენ კარაპეტიანს 9.9 % აქვს (1695 ხმა), „ნაციონალური მოძრაობიდან“ მელიქ რაისიანს 7.88 % (1350 ხმა).
ნინოწმინდაშიც ხმების 82.53 % აქვს (8874 ხმა) „ქართული ოცნების“ კანდიდატს ანივარდ მოსოიანს. მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სურენ მოსოიანმა 12.85 % (1382 ხმა) მიიღო, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ავაკ ბდოიანმა 4.62 % (497 ხმა). ნინოწმინდაში 38 უბნიდან ყველას შედეგია გამოქვეყნებული.
ონში 24 საარჩევნო უბნიდან 21-ის შედეგია გამოქვეყნებული და ხმების 55.41 % (144 ხმა) „ქართული ოცნების“ კანდიდატს სერგო ხიდაშელს აქვს მიღებული. 32.04 %-ით (835 ხმა) მეორე ადგილზეა გახარიას პარტიის კანდიდატი იმედა მეშვილდიშვილი. „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობის კანდიდატმა ვაჟა ცეცაძემ 12.55 % (327 ხმა) მიიღო.
ამბროლაურში მერის არჩევნები პირველივე ტურში მოიგო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზვიად მხეიძემ. 37 საარჩევნო უბნიდან ყველას შედეგია გამოქვეყნებული. მხეიძეს ხმების 59.53 % აქვს (4499 ხმა). პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა ფარნაოზ ბაკურაძემ 19 % დააგროვა (1436 ხმა); „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა გურგენიძემ 15.69 % (1186 ხმა); „ევროპული საქართველოდან“ მაია კაციტაძემ 5.78 % (437 ხმა).
ცაგერში მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. 42 უბნიდან ყველა უბნის შედეგია გამოქვეყნებული. „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი ნემსაძეს 49.34 % აქვს (3277 ხმა). მეორე ტურში მისი კონკურენტი გახარიას პარტიიდან ბესარიონ ბენდელიანი იქნება, რომელმაც პირველ ტურში ხმების 35.02 % მიიღო (2326 ხმა). „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მადონა ბენდელიანმა 15.63 % დააგროვა (1038 ხმა).
ლენტეხში მერის არჩევნები პირველი ტურში მოიგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გია ონიანმა 78.93 %-ით (2491 ხმა). გახარიას პარტიიდან ჯამლათ გვიდიანმა 21.07 % მიიღო (665 ხმა). 24 უბნიდან ყველას შედეგი გამოქვეყნებულია.
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მოიგო მერის არჩევნები მესტიაშიც. ცესკოს ვებგვერდზე 41 უბნიდან 38-ის შედეგია გამოქვეყნებული. ჟორჟოლიანს 64.34 % აქვს (2943 ხმა). „ლელოდან“ გეგი გულედანმა 10.65 % დააგროვა (487 ხმა); დამოუკიდებელმა კანდიდატმა გიორგი რატიანმა 9.01 % (412 ხმა); გახარიას პარტიიდან მალხაზ უდესიანმა 8.66 % (396 ხმა); პარტიიდან „ანა დოლიძე ხალხისთვის“ კანდიდატმა ბექა დადეშქელიანმა 7.35 % (336 ხმა).
ჭიათურაში 59 უბნიდან გამოქვეყნებულია 53 უბნის შედეგი. „ქართული ოცნებიდან“ გივი მოდებაძეს ხმების 55.41 % აქვს (9862 ხმა), დამოუკიდებელ კანდიდატს ნოდარ ჩაჩანიძეს 35.65 % (6345 ხმა). გახარიას პარტიიდან უსუპ ბიწაძემ 8.94 % მიიღო (1592 ხმა);
ტყიბულში 38 საარჩევნო უბნიდან 37-ის შედეგია გამოქვეყნებული. „ქართული ოცნების“ კანდიდატს დავით ჩერქეზიშვილს 53.77 % აქვს (5997 ხმა); „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ ზოზიაშვილს 37.02 % (4129 ხმა); გახარიას პარტიიდან სანდრო სახვაძეს 5.71 % (637 ხმა); „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ფორჩხიძეს 2.85 % (318 ხმა); თამაზ მეჭიაურის პარტიიდან გელა ჩივაძეს 0.65 % (72 ხმა).
მერის არჩევნები პირველივე ტურში მოიგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ ხულოში 54.26 %-ით (7905 ხმა); 55 უბნიდან ყველას შედეგია გამოაქვეყნებული. „ნაციონალური მოძრაობიდან“ გოგიტა სოლომონიძემ ხმების 36.41 % მიიღო (5304 ხმა); გახარიას პარტიიდან გია აბულაძემ 9.33 % (1360 ხმა).
მეორე ტური არ იქნება არც შუახევში. 50 უბნიდან 49 უბნის შედეგია გამოქვეყნებული. „ქართული ონებიდან“ ომარ ტაკიძეს 57.09 % აქვს (5313 ხმა); „ნაციონალური მოძრაობიდან“ როინ ზოიძეს 33.03 % (3074 ხმა); გახარიას პარტიიდან შალვა გოგიტიძეს 8.41 % (783 ხმა); „პატრიოტთა ალიანსიდან“ გიორგი ტარიელაძეს 1.46 % (136 ხმა).
ცესკოს ვებგვერდზე ქედას 32 საარჩევნო უბნიდან 30-ის შედეგია გამოქვეყნებული. მერის არჩევნებს პირველივე ტურში იგებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი როლანდი ბერიძე 56.66 %-ით (5458 ხმა). „ნაციონალური მოძრაობიდან“ რამინ ბერიძეს 35.51 % აქვს (3421 ხმა); გახარიას პარტიიდან ელგუჯა ნაკაშიძეს 7.83 % აქვს (754 ხმა).
მერის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.