საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ხევის დაცლა“ – მე რომ აღარ ვიქნები, გამაიხედავენ და შუქი აღარ იქნება...

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:39 - 14 ნოემბერი 2013 hits 6350

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სტეფანწმიდა“ ხევის დაცლაზე ფილმი გადაიღო. 9 წუთიანი ფილმი ყაზბეგის რაიონში არსებულ საგანგაშო დემოგრაფიულ მდგომარეობას ასახავს. ფილმში სხვადასხვა ასაკის ადამიანები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელთა გამოც მოსახლეობა ხევს ტოვებს. ფილმში რესპოდენტები ამბობენ, რომ ახალგაზრდები ყაზბეგიდან ცუდი საყოფაცხოვრებო პირობების და უმუშევრობის გამო მიდიან.

ფილმი ყაზბეგის რაიონის ორ სოფელში, ცდოსა და ქოსელშია გადაღებული. ცდოში ზამთარში 3-4 ადამიანი რჩება, ქოსელში კი მხოლოდ ერთი ადამიანიღა ცხოვრობს - ვახტანგ ფიცხელაური. ქოსელის ერთადერთი მკვიდრი ფილმში ამბობს, რომ მარტოობას შრომა და სოფლის სიყვარული უმსუბუქებს.

„რაც მე მახსოვს, 30-28 კომლი ვიყავით. ხალხი საქონლით ცხოვრობდა, სახნავ-სათესი ჰქონდა, ეს მთები სულ გადახნული იყო. პური თავისი ჰქონდა, შრომას მიჩვეული ხალხი იყო. დღეს რას დღეიჩი ვართ? 100 კილოზე მეტია „ამბალი“, დილით გამოვა და საღამომდე შინ არ შადის. განა იმის ბრალია, სამუშაო არა აქვს, არც თვითონ ეძებს. მეტი წილი ეგრე გახდა. შენ შენი შვილი თუ შრომას არ მიაჩვიე, აემ სოფლის სიყვარულს თუ არ მიაჩვიე, ის გაგონილით ვერ შაიყვარებს, გამორიცხულია... მარტო ისაა, ვისაც საქმე არა აქვს. მე არ მცალია. მე მეშინია დაღამების, რომ დავწვე და ფიქრი დავიწყო. უნდა იმოძრავა, უნდა სულ იმაზე ფიქრობდე, რომ რაიღაც გააკეთო. ვინც კარგა მიცნობს ის ჩემს სატკივარს გაიგებს. მე მტკივა იმის გამო, რომ მიყვარს, ამის დაკარგვა არ მინდა. რომ წარმოვიდგენ ამ სოფელს, მე რომ აღარ ვიქნები, გამაიხედავენ და შუქი აღარ იქნება... ძნელია მარტო ყოფნა, მაგრამ იმედი მაინც გაქვს“, - ამბობს ფილმის გმირი ვახტანგ ფიცხელაური.

„ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ჩვენთან, ბევრი კარგად სწავლობს, მაგრამ იმიტომ მიდის უმრავლეობა, რომ აქ სამუშაო ნაკლებია. ვერ იშოვი სამუშაოს, რომ თავის რეალიზება მოახდინო. არც იმდენი შემოსავალია აქ, ოჯახს რჩენა უნდა. იძულებულები არიან თბილისში წავიდნენ. არანაირი პერსპექტივა არ არის, ახალგაზრდობას მოტივაცია არ აქვს, რომ აქ იცხოვროს“, - აღნიშნავს ფილმში 20 წლის გია გუჯარაიძე.

ორგანიზაცია „სტეფანწმიდას“ ხელმძღვანელის შოთა ბუჩუკურის თქმით, ფილმის მიზანი მთავრობისთვის და საზოგადოებისთვის იმ სერიოზული პრობლემის ჩვენება იყო, რომლის წინაშეც ხევი დგას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში