საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხევსური დასტაქარი, რომელიც თავის ქალის ოპერაციებს ხელნაკეთი იარაღებით აკეთებდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:08 - 14 მარტი 2019 hits 69023

„97 წლის მოხუცი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანითა და ღონით სავსე. ჭრილობის შეხვევისას იგი მუშაობდა, როგორც კარგად ნაწვართი ხელოვანი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ მისთვის ნაცნობი იყო ყოველი ნაკეცი ტვინისა. საითგან? ვეკითხებოდი ჩემ თავს. ჩემი რწმენა, რომ ხევსურები დანაშთია რომელიღაც კულტუროსანი ხალხისა, აქ ნათლივ მტკიცდებოდა. სხვა ახსნა შეუძლებელი იყო. თვალს ვერ ვაცილებდი ამ ჯადოსანს, რომელიც იდგა ჩემ წინ, ვითარ ლანდი პრეისტორიული ხანიდან. მას ჰქონდა ცოდნა, რომელიც საუკუნეებს ვერ წაეშალათ“, - წერს გრიგოლ რობაქიძე 1932 წელს გამოცემულ მისტიკურ რომანში - „ენგადი“.

ხევსური დასტაქარი, რომელსაც რობაქიძე ჯადოსანს უწოდებს, მგელიკა ლიქოკელია. იგი ხევსურეთში 1870-1930 წლებში ექიმობდა.

ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მგელიკა ლიქოკელი თავის ქალის ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე აკეთებდა, ვინმეს დახმარების გარეშე და ოთხ საათში ამთავრებდა პაციენტის თავის ქალის ტრეპანაციას. „მას ოპერაცია გაუკეთებია მკერდის არეში ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული ქალისთვის, 7 ნეკნი ამოუჭრია და ის სრულიად ჯანმრთელია, აგრეთვე მუცლისა და გულმკერდის არეში ტყვიით დაჭრილი ბევრი განუკურნავს“.

„ახლა ამ მოხუცი ექიმის ქირურგიულ იარაღებს აღარ იკითხავ? ღმერთმანი, როცა მისი უბრალო ჩაქუჩები, მახათები, დანები ვნახე, მეწაღედ უფრო ვიწამე, ვინემ ექიმად. ამ იარაღებით მას თავის ქალის ტრეპანაცია გაუკეთებია.

მგელიკას თურმე არასოდეს უსწავლია. სახელგანთქმულ მამამისს ეხმარებოდა ექიმობაში და შემდეგ თვითონაც ექიმობა ირჩია“, - წერს მწერალი და ჟურნალისტი ჰელენა ბობინსკა.

ხევსურ ექიმთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასტაქრის, მგელიკა ლიქოკელის შესახებ დაწვრილებითი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული ექიმ გიორგი თედორაძეს თავის წიგნში „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“. გიორგი თედორაძე ხევსურეთში სამუშაოდ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მიუვლენიათ. მაღალმთიან ხევსურეთში დასტაქრობის ტრადიცია ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. ეს მხარე თითქმის მთელი წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს, ზვავების და უგზოობის გამო.

როცა თედორაძე მგელიკას შეხვდა, ლიქოკელი უკვე 83 წლის იყო და მაშინაც მეტად რთულ ოპერაციებს აკეთებდა. გიორგი თედორაძე გაოცებულა ლიქოკელის ღრმა, თავისებური ცოდნით. მაგალითად, ავადმყოფ ბიძურა არაბულს, თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო მოძრაობის უნარი დაკარგული ჰქონდა, კიდურები დადამბლავებული. გიორგი თედორაძეს იგი თბილისის ნეიროქირურგიულ საავადმყოფოში გაუწერია. რამდენიმე ხნის შემდეგ ავადმყოფს შემთხვევით შეხვედრია და გაკვირვებული დარჩენილა, ასეთი ტრავმის შემდეგ მორჩენილი რომ უნახავს. გამოურკვევია, რომ არაბული თბილისში კი არ წასულა, მისთვის ოპერაცია მგელიკას გაუკეთებია.

მგელიკა ლიქოკელი ოპერაციებს ფოლადისგან და ძვლისგან დამზადებული ხელნაკეთი ინსტრუმენტებით აკეთებდა. ამ ნივთებსაც თავად ამზადებდა და რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც შემორჩა, კორშას მუზეუმშია დაცული.

440 ადამიანი განუკურნავს. განსაკუთრებული ცოდნის გამო, ის გადაჰყავდათ გუდამაყარში, ფშავში, თუშეთსა და ქისტეთშიც.

„წამლებსაც თვითონ ამზადებდა. ფეხის ამპუტაციაც გაუკეთებია. მგელიკას ძმას, ბაბოს, ხე დაეცა ფეხზე, მოტეხა და შემდეგ ამ ფეხზე განგრენა განუვითარდა. ბოლოს მგელიკამ მოაჭრა ფეხი, უმკურნალა ძმას და მოარჩინა. დიდხანს უცოცხლია იმ კაცს“, - გვიამბობს შოთა არაბული, კორშას მუზეუმის დამფუძნებელი.

მგელიკა ლიქოკელის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. ღრმად მოხუცებული თვითონ გამხდარა ავად. ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და საკუთარ თავს ვეღარ უშველა. ტკივილს ძალიან შეუწუხებია და თავი მოუკლავს.

გადმოცემის მიხედვით, დასტაქართა უმრავლესობამ წერა-კითხვაც კი არ იცოდა. ცოდნას ზეპირსიტყვიერად გადასცემდნენ. 1960-70-იან წლებში ორი ხევსური ექიმიღა ყოფილა - ჯუთაში ბეწინა არაბული და შატილში ბაზია ჭინჭარაული. თავის ქალის ტრეპანაციას შატილიონი დასტაქარიც აკეთებდა. დასტაქრობა არ გააგრძელა, მაგრამ ბაზიას შვილმა, მიხეილ ჭინჭარაულმა სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და ქირურგად დაიწყო მუშაობა. დღეს იგი პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი ექიმია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში