საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ქეთო – ყველაზე პატარა ბავშვი მუცო-არდოტის ხეობიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:49 - 11 ივნისი 2017 hits 42472

ექვსი წლის ქეთო დაიაური მუცო-არდოტის ხეობის ყველაზე პატარა ბავშვია. გზად ძმასთან და ორ უზარმაზარ ძაღლთან, ბოთესთან და ჭრელოსთან ერთად გვხვდება. მანქანას ვაჩერებთ, ვინაობას ვეკითხებით.

- მე ქეთო დაიაური ვარ, ეს ჩემი ძმა აბულეთია, ძროხების საძებრად მივდივართ. სულ ცამეტი გვყავს, უნდა ვნახოთ ტყეში მგლებმა ხომ არ შეჭამეს.

თმა შუბლთან ბოლომდე მოუკვეცავს უსწორმასწოროდ. კნაჭა გოგოა, კიკინებიანი. დაუზარებლად მოხტის ჩვენთან ერთად არდოტის მთებზე. ათას რამეს ვეკითხებით. ყველაფერზე სხაპასხუპით გვპასუხობს, მზეს სახეზე ხელით იჩრდილავს და ეშმაკური, ციმციმა თვალებით გვაკვირდება.

რეკლამა

კამერის ჩართვამდე კაბას კოხტად ისწორებს მუხლისთავებზე. ემზადება, მაგრამ მოუსვენრადაა და ძაღლს თვალს არ აშორებს.

მერე თავის ძროხას მოკრავს თვალს მთის ძირში მიმავალ ბილიკზე, სულ ავიწყდება კამერა და ჩვენი კითხვები, სიხარულს ვერ მალავს:

აგე, ერთი ძროხა გამოჩნდა!

ექვსი წლის ქეთო წესით ბაღში უნდა დადიოდეს, მაგრამ პირიქითა ხევსურეთში საბავშვო ბაღი არსად არის.

- არ ვიცი რატომ, მაგრამ აქ ბაღი არ არის. მინდა რომ იყოს, ბავშვებს ვეთამაშებოდი. ხანდახან მარტოც ვთამაშობ, ან ხანისძირში მივდივარ ავთო ბიძიას შვილთან.

აი, ამხელა გზაა იქამდე! - ამბობს ქეთო და ხელებს შლის რამოდენაზეც შეუძლია - ჩემს ძმას, აბოსაც ვეთამაშები ხოლმე ბურთს, მაგრამ ბევრს არ მეთამაშება, არა სცალიან, მამა მწყემსად ატარებს.

ქეთოს ძმა, აბო, თოთხმეტი წლისაა. ბევრი საქმე აქვს. მამას უნდა დაეხმაროს და ზამთრისთვის შეშა მოზიდოს მთებიდან. საქონელი უნდა მწყემსოს და მგლებისგან დაიცვას. გზად საზვავეებს უნდა მოერიდოს. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კი ბიჭმა 12 კილომეტრი უნდა იაროს ყოველდღე, მუცოდან შატილის სკოლამდე რომ მივიდეს. იქამდე ხან მესაზღვრეებს მიჰყავთ მანქანით, ხან მამას, ხანაც ფეხით უწევს სიარული.

წელს შატილის სკოლა-პანსიონში ქეთოც ივლის და ერთადერთი პირველკლასელი იქნება.

- წამოვა ვინმე წელს შენთან ერთად სკოლაში?

- არა, მარტო მე და ჩემი ძმა აბო ვივლით ერთად.

და-ძმა მთელი კვირა შატილის სკოლა-პანსიონში დარჩება და შაბათ-კვირას დაბრუნდებიან შინ.

შატილის სკოლას წელს ორი ბავშვი ამთავრებს. სკოლის დირექტორის, მაყვალა დაიაურის თქმით, 2017–2018 სასწავლო სულ ექვსი ბავშვი ისწავლის. მეხუთე კლასში - კონსტანტინე ჭინჭარაული, მეშვიდეში - კონსტანტინეს ძმა, მანგია ჭინჭარაული, მერვეში - გიორგი დაიაური, ასევე მეათეკლასელი აბულეთ დაიაური და მეთორმეტეკლასელი გიორგი შეთეკაური. პირველ კლასში მხოლოდ ქეთო დაიაური ივლის, ის სკოლის ერთადერთი მოსწავლე გოგონა იქნება. პირიქითა ხევსურეთში სულ ექვსი ბავშვია და ყველა მათგანი შატილის სკოლა-პანსიონის მოსწავლეა.

ქეთო ოცნებებზეც გვიყვება.

ყოველდღე ვხატავ, ვთამაშობ, მულტფილმებს ვუყურებ, მაგრამ მე ის მინდა ჩემი და ჩემს გვერდით იყოს ყოველთვის. ახლა გამარჯვებაშია და სანამ სწავლა არ დამთავრდება, არ მოვა. კიდევ მინდა კარგ სახლში ვიცხოვრო, ტყეში დავსეირნობდე. კიდევ ბევრი ბანანები მინდა ვჭამო, აქ მხოლოდ წვენი და შოკოლადებია.

- შენს ძაღლებს რატომ ქვიათ ბოთე და ჭრელო?

ჭრელოს ჭრელო ჰქვია, იმიტომ რომ ჭრელია, ბოთეს ბოთე - რადგან თეთრია! - გვიხსნის და თეთრ, ფუმფულა ნაგაზს ეფერება.

მე ვერავინ მომიტაცებს, მე ხომ ძაღლები მდარაჯობენ! - ამთავრებს „მთის ამბებთან“ ტიტინს ქეთო დაიაური.

ჩვენთვის ასე არ უთქვამს, მაგრამ მუცოში ამბობენ, იქ ჩამსვლელებს გოგონა ყოველთვის ასე ეცნობაო: გამარჯობა, მე ქეთო ვარ, მუცო-არდოტის ხეობის პრინცესა!

თამუნა ნერგაძე

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. ფილოლოგი ფრანგული ენის განხრით. მუშაობდა ქართული ენის ტრენერად სომხურენოვან სკოლაში.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში