საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შატილის გზა გაიხსნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:17 - 10 მაისი 2017 hits 12557

პირიქითა ხევსურეთთან, შატილთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის 92–ე კილომეტრზე, „გუროს კლდეებთან“ მცირე რაოდენობით ზვავია დარჩენილი, თუმცა მაღალი გამავლობის მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან. შატილს იქით გზა ღია მუცოს ჭალამდეა, მუცომდე 6 კილომეტრია დარჩენილი.

როგორც „მთის ამბებს“ საგზაო სამსახურის წარმომადგენელმა ზურა არაბულმა უთხრა, „გუროს კლდეებთან“, თოვლისგან გზის გაწმენდას ორ დღეში მთლიანად დაასრულებენ.

„მუხოს ჭალის იქით გზის გაწმენდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიას არ ევალება. ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის 106–ე კილომეტრიდან გზის მოვლა–პატრონობას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს. რადგან ჩვენი ტექნიკა იქ არის, შესაძლოა გამგეობამ ჩვენი ტექნიკა გამოიყენოს. სოფელ მუცოსთან, ციხის მოპირდაპირე მხარეს დიდი ზვავი იყო ჩამოსული, რამაც მდინარე არღუნის დაგუბება გამოიწვია. დაახლოებით 50 მეტრიანი მონაკვეთი გზა წყალმა წაიღო და თავიდან არის გასაკეთებელი. ამიტომ, მუცოს იქით, არდოტისკენ სამანქანე გზა ჯერ არ არის და გარკვეული დრო დასჭირდება“, – აღნიშნა ზურა არაბულმა.

პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს იკეტება. უღელტეხილი ზღვის დონიდან 2676 მეტრზეა.

ზამთარში ხევსურეთის სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. თბილისიდან ხევსურეთში თვეში ერთხელ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაფრინავს, რომელსაც მესაზღვრეები გადაჰყავს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმებით ადგილობრივებიც ახერხებენ გადაადგილებას. სამოქალაქო ავიარეისები ხევსურეთში იშვიათად სრულდება.

დუშეთის რაიონის სოფელ ჩინთიდან შატილამდე 97 კილომეტრია და გზის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. გზის სრულად გაწმენდის შემდეგ, შატილში ასვლა მსუბუქი ავტომობილითაც არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 32 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებამ 24 მილიონი ლარი გამოყო. ჩინთიდან სოფელ თვალივამდე გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. თვალივიდან ჩარგლის გადასახვევამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად კი ტენდერი 1–ელ მაისს გამოცხადდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში