ქედელელების ბრძოლა
თამაზ გორელიშვილი მონასტრიდან ასიოდე მეტრში ცხოვრობს. კარ-მიდამოს, სადაც გორელიშვილების ოთხმა თაობამ იცხოვრა, პატრონი წლების განმავლობაში ვერ ირეგისტრირებდა. ვერ ითვლის, რამდენი ფული დასჭირდა ამისთვის, რამდენი საბუთი, რომელთა შორის მონასტრიდან ნებართვაც კი მოითხოვეს:
„დედაოდან მოგვიტანე ნებართვა, რომ ეს ადგილები თქვენზე გაფორმდესო, მეუბნებოდა საჯარო რეესტრის უფროსი. ესენი იყვნენ შეთანხმებულები“, - იხსენებს თამაზი.
მონასტრიდან მიღებული უარის მიუხედავად, თამაზმა კარ-მიდამო 2 წლის წინ მაინც დაიკანონა. იმ დროისთვის მის მეზობლებს სახლები ეკლესიისთვის უკვე დათმობილი ჰქონდათ.
2020 წლის აპრილში, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული, ბოდბის მონასტერმა ქედელელების მამაპაპისეულ ნაკვეთებში მძიმე ტექნიკა შეიყვანა და კაკლისა და ვაშლის ბაღები გაჩეხა, ხეები ძირიანად ისე ამოძირკვა, კვალიც კი გააქრო.
„დამირეკეს, შენს ადგილში ხეებს ჭრიანო. მოვედი და რას ვხედავ, ამხელა ასწლოვანი კაკლები ძირს ეყარა. ცუდად გავხდი, ისტერიული ტირილი ამივარდა. მუშებს ვუთხარი, ახლავე გადით მეთქი აქედან. მონასტრიდან პოლიციაში დარეკეს. განყოფილებაში წამიყვანეს. პოლიციის უფროსს ვუთხარი, მე რომ მომიყვანეთ, დედაოც მოიყვანეთ, დაგვაპირისპირეთ, ბაღი რატომ გამინადგურეს მეთქი. მითხრეს, უფლება არ გვაქვს, დედაო მოვიყვანოთო. სახლში დაბრუნებულს, გული გამიხდა ცუდად. სასწრაფომ საავადმყოფოში გადამიყვანა. გადაუდებელი ჩარევა დამჭირდა. როცა თბილისიდან დავბრუნდი, ნაკვეთები უკვე გადათხრილი და შეღობილი იყო“, - ყვება გორელიშვილი. მის ბაღებში მონაზვნებმა მარწყვის პლანტაცია გააშენეს.
დღეს თამაზს საკუთარ სახლამდე მისასვლელად მონასტრის დაცვის ნებართვა და შლაგბაუმის გაღება სჭირდება.
თამაზის ნათესავმა, კარლო გორელიშვილმაც იმავე პერიოდში გაიგო, რომ მონასტერი დაეპატრონა მისი ოჯახის ორ მამაპაპისეულ ნაკვეთსაც. კარლო ქედელში დაიბადა და გაიზარდა. 2010 წელს მისი ოჯახის წევრი ავარიაში დაშავდა. მაშინ თანხა დასჭირდათ. ქედელში მდებარე პატარა სახლი და ეზო მონასტერს მიჰყიდეს, მამაპაპისეული ნაკვეთები კი დაიტოვეს:
„იქ ვკრეფდით ჯონჯოლს, კაკალს, ვაშლს. ბოსტნეული მოგვყავდა. დედაომ, კაკალსა და სხვა ხილს ხელს ვეღარ წაავლებ, უკვე ჩვენიაო. თქვენი როგორ გახდა მეთქი, ვკითხე. 2007 წელს ვიყიდეთო. აუქციონის შესახებ არაფერი ვიცოდით. პირველად მაშინ გავიგეთ, შესვლა რომ ამიკრძალეს“.
ქედელში მიწების გასხვისების სქემა 2007 წლით თარიღდება. მოქალაქე მიხეილ დალაქიშვილმა, ბოდბის მონასტრის ნდობით აღჭურვილმა პირმა (მოგვიანებით მღვდლად ნაკურთხმა), სახელმწიფოსგან 59 ჰექტარი მიწა აუქციონზე, სულ რაღაც 13 660 ლარად შეიძინა. აუქციონის შესახებ ინფორმაცია გაზეთ „მესაკუთრეში“ გამოქვეყნდა, რომელიც სოფლებში არ ვრცელდებოდა და გასაყიდად გამოტანილი ნაკვეთების პატრონებმა ვერაფერი გაიგეს.
მონაზონი ნანა მახარობლიძე, რომელიც იღუმენიას ნდობით აღჭურვილი პირია, აცხადებს, რომ მოსახლეობა მათთვის კონკურენტი იყო და აუქციონის შესახებ ამიტომაც არ გააგებინეს:
„აუქციონი არის სახელმწიფოს მიერ მართული პროცესი, სადაც კონკურენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ყიდულობს ის, ვინც მეტს გადაიხდის. ამიტომ კონკურენტი, ანუ მონაწილე სულაც არ არის დაინტერესებული... არცერთი მონაწილე არ გასცემს ინფორმაციას და არ ეპატიჟება თავის კონკურენტს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.
ვიცოდით თუ არა, რომ მოსახლეობა აქედან მოსავალს იღებდა და მათი სარჩო-საბადებელი იყო? ვიცოდით, ეს ასე არ ყოფილა. აქ მონასტრული ცხოვრება აღდგა 1993 წლიდან. არ ყოფილა არცერთი წელი, რომ მათ მოსავალი მოეყვანათ. იქ არის ჯონჯოლის ხეები, ჯონჯოლს კრეფდნენ, კაკალს კრეფდნენ...
ეს ხალხი ხმარობდა სახელმწიფო მიწას უკანონოდ და თუ შორს წავალთ, რევოლუციამდელი მონასტრის ყოფილ მიწებს, ანუ ჩვენი მამაპაპის მიწებს“.
ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ვითარება მკვეთრად შეიცვალა ბოდბეში იღუმენია თეოდორა მახვილაძის მოსვლის შემდეგ.
ქეთევან მახვილაძე მონაზვნად 1991 წელს სოხუმში აღიკვეცა. 1993 წელს იერუსალიმში გაიგზავნა მისიით, ხოლო 1995-ში ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვრად (იღუმენიად) დაინიშნა.
ქედელში მცხოვრები ანა ხუნაშვილი ყვება, რომ მონასტერმა ჯერ სოფლის წყარო მიითვისა, შემდეგ ადგილობრივებისგან სახლები სიმბოლურ ფასად გამოისყიდა, ვინც სახლ-კარი არ დათმო, მათ დღემდე ავიწროებენ.
„საკუთარი სახლის ეზოში, რომელიც ეკლესიიდან დაახლოებით 300 მეტრით არის დაშორებული, ტრაქტორით უნდა მოგვესწორებინა პატარა ადგილი, რომ კაფე აგვეშენებინა. ამის საშუალება არ მოგვცეს.
იმავე წუთში პოლიციას იძახებენ, რომ ხმაურია, წმინდა ნინო წუხდება და ა.შ.
როცა თვითონ ანგრევენ, თხრიან და აშენებენ ამხელა ინფრასტრუქტურას, უზარმაზარ გალავანს მონასტრის გარშემო, კაფეებს, მაღაზიებს, ორდონიან ფასიან პარკინგებს, მაშინ არ წუხდება წმინდა ნინო?“
კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჯერ კიდევ 2010 წელს აქვს შესწავლილი ქედელში მცხოვრები ილია გოგოლაშვილის საქმე. მაშინ მან დეტალურად მოგვითხრო, როგორ დააკავეს 2007 წელს ორჯერ, მონაზვნების საჩივრების საფუძველზე. ნანა მახარობლიძე და ნანა ჭანტურაია პოლიციაში ჩიოდნენ, რომ გოგოლაშვილი მონასტრის წინ იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. ორი დღის განმავლობაში ილია წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ. გათავისუფლების შემდეგ ქედელში დაბრუნებულს სახლი დანგრეული დახვდა.
მონაზონი ნანა მახარობლიძე განმარტავს, რომ სახლი, სადაც ილია გოგოლაშვილი დედასთან ერთად ცხოვრობდა, მონასტერმა იყიდა, მათ კი ბინა სიღნაღში შეუძინეს.
„აქ იყო ბარაკები. ახლა რომ უყურებთ როგორი ლამაზია, სწორედ იმიტომ, ის ბარაკები რომ არ ყოფილიყო, ყველაფერი გავაკეთეთ, თანხა გამოგვეძებნა და შეგვესყიდა“.
მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ქედელელები საკუთრებისთვის, ნორმალური ცხოვრებისთვის ბრძოლაში აწყდებიან, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში უყურებენ, როგორი შეზრდილია ერთმანეთთან საერო და საეკლესიო ხელისუფლება, მათ შორის ყველაზე ჯიუტები არ ნებდებიან. თამაზ გორელიშვილმა მისი კუთვნილი და წართმეული ნაკვეთების დასაბრუნებლად ცოტა ხნის წინ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ბოდბის მონასტრის იმპერია და გავლენიანი მეზობლები
საარქივო მონაცემები ადასტურებს, რომ მონასტრის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიწების შესყიდვისა და შემდგომში ეკლესიაზე გადაფორმების სქემებში:
მონაზონი ნანა მახარობლიძე 2004-2007 წლებში კერძო პირებისგან ინტენსიურად ყიდულობდა მიწის მცირე ნაკვეთებსა და სახლებს, შემდეგ მან ეს ფართობები გააერთიანა და ქონება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ შესწირა. გარდა ამისა, 2007 წლის 13 დეკემბრის შეწირვის აქტის საფუძველზე, ეკლესიას უსასყიდლოდ გადასცეს (შეწირეს) დაახლოებით 55 ჰექტარი მიწა, რომელიც ოთხ მსხვილ ნაკვეთს მოიცავდა. აქაც წარმომადგენელი ნანა მახარობლიძეა.
დღევანდელი მონაცემებით, ბოდბის მონასტრის მიმდებარედ საპატრიარქოს კონტროლის ქვეშ არსებული ფართობი შთამბეჭდავია.
საპატრიარქო საკუთრებაში ფლობს 707,356 კვადრატულ მეტრს, სახელმწიფოსგან სარგებლობაში კი გადაცემული აქვს 703,912 კვმ. ჯამში საპატრიარქოს ეკუთვნის ბოდბის მონასტრის გარშემო 141 ჰექტარი, საიდანაც მინიმუმ 68 ჰექტარი ტყეა.
ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დღეს საეკლესიო ინფრასტრუქტურით არ შემოიფარგლება. აქ ჩამოყალიბდა გავლენიანი პირებისა და ბიზნესჯგუფების ინტერესთა ქსელი, რომლებიც უზარმაზარ მიწებსა და ობიექტებს ფლობენ ან მართავენ.
საპატრიარქომ დააფუძნა შპს „მოვიმუშაკოთ მომავალი“, რომლის დირექტორიც ბოდბის მონასტრის მონაზონი ნანა მახარობლიძეა. კომპანიას 2035 წლამდე იჯარით აქვს გადაცემული მონასტრის კუთვნილი 77,307 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
მონასტრის სიახლოვეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ყოფილი ფილიალის ტერიტორიაზე, 49,203 კვ.მ. ფართობი შპს-ს „სასტუმრო სიღნაღში“ ეკუთვნის. კომპანიის 70% წილი „სიღნაღი ჰოლდინგის“ გავლით „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“, საბოლოოდ კი ფონდ „ქართუს“ (ბიძინა ივანიშვილი) მფლობელობაშია. 30% წილი „სმარტ კაპიტალ გრუპის“ გავლით ვანო ჩხარტიშვილის შვილებს, მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილებს ეკუთვნით. ამ ტერიტორიაზე 132-ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი „ბოდბის სასტუმრო“ ფუნქციონირებს. სტანდარტული ნომრების ფასი 480-დან 1200 ლარამდე მერყეობს, ხოლო საპრეზიდენტო ნომრის ღირებულება 4000 ლარს აღემატება.
ტერიტორიის სხვადასხვა მონაკვეთს გავლენიანი პირები და ბიზნესჯგუფები ფლობენ: ფონდი „ცისკარი“ ფლობს 29,094 კვ.მ.-ს. გამგეობის წევრები არიან ლაშა პაპაშვილი, გელა მექვაბიშვილი და მიხეილ ციცქიშვილი. ლაშა პაპაშვილი დამატებით ფლობს 1,185 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, პიმ სტერექსი 600 კვ.მ-ს და სანდიპ შარმა 585 კვ.მ-ს.
შპს „ქედელი ბრუვინგ“ ფლობს 4 ნაკვეთს (ჯამში 3,662 კვ.მ.). მფლობელები არიან ია თაბაგარი და აშშ-ის მოქალაქეები: დუგლას ალან გრაიმსი, ანნე ელიზაბეთ ლუკასი და ჯონ ჰენრი უერდემანი.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა, რომელმაც საზოგადოებას თავი „სკინტლიანი რძით“ დაამახსოვრა, ბოდბეში, მონასტერთან ახლოს მართლმადიდებლობის მუზეუმის მშენებლობა წამოიწყო, თუმცა დღეს ამ უზარმაზარი ობიექტის მშენებლობა მიტოვებული და შეჩერებულია.
იღუმენიას ბიზნესი და მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერები
ბოდბის მონასტრის იღუმენია თეოდორა (ქეთევან მახვილაძე), მონასტრის მმართველობასთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ბიზნეს-საქმიანობაში.
დოკუმენტები ცხადყოფს, რომ იღუმენია და მისი ოჯახის წევრები მჭიდროდ არიან დაკავშირებული შპს „სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრიასთან“.
1999 წელს დაფუძნებული „ინდუსტრია“ 2011 წლისთვის გაკოტრების პირას იყო და სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ჰქონდა დადებული. ვითარება რადიკალურად შეიცვალა 2014 წელს, იღუმენიას მამის, აკადემიკოს ლევან მახვილაძის გარდაცვალების შემდეგ. კომპანია და-ძმა ქეთევან და კახა მახვილაძეებმა გადაიბარეს.
სწორედ ამის მერე იწყება „ინდუსტრიის“ მრავალმილიონიანი სატენდერო აღმავლობის ისტორია:
2014-2022 წლებში, როდესაც იღუმენია თეოდორა კომპანიის მთავარი მეწილე იყო, „ინდუსტრიამ“ 11 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მოიგო.
იღუმენიამ კომპანიაში 50%-იანი წილი 2022 წლის 26 დეკემბერს ძმას და ძმის შვილს, 50 ათას ლარად მიყიდა.
დღეისათვის „ინდუსტრიის“ მიერ მოგებული ტენდერების საერთო თანხამ 79 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2025 წლის მაისში კომპანია შესყიდვების სააგენტოს ე.წ. „თეთრ სიაშიც“ მოხვდა.
არადა, „აი ფაქტის“ მოკვლევის თანახმად, „ინდუსტრიის“ მიერ მომზადებული ზედაპირული საპროექტო დოკუმენტები არაერთხელ გახდა მილიონობით ლარის არამიზნობრივი ხარჯვის მიზეზი: ხარაგაულის სოფელ წყალაფორეთში კომპანიამ შენობა გამართულად შეაფასა, თუმცა შემდგომში ის ავარიულად მიიჩნიეს და 2023 წელს დაანგრიეს. 3.4-მილიონიანი ახალი ტენდერი ჩაიშალა, ბავშვები კი სკოლის გარეშე დარჩნენ; ხონის რაიონის სოფელი გორდში გეოლოგიურ კვლევაში „ინდუსტრიამ“ მეწყრული საფრთხე გამორიცხა, რაც მოგვიანებით ექსპერტიზამ უარყო. 4-მილიონიანი სამუშაოები შეჩერდა, რასაც დამატებით 2.9 მილიონის ხელშეკრულება მოჰყვა; სამტრედიის მე-4 სკოლაში პროექტში არასწორი გათვლების გამო შენობა ავარიული აღმოჩნდა და დაანგრიეს. საჭირო გახდა 7.2-მილიონიანი ახალი ტენდერი, მოსწავლეები კი სხვა სკოლებში სწავლობდნენ. მხოლოდ იმერეთის რეგიონში კომპანიამ 18 სკოლის პროექტი მოამზადა, საიდანაც 10 შემთხვევაში რეაბილიტაცია გაჭიანურდა ან შენობა სრულად დასანგრევი გახდა. კომპანია პასუხისმგებლობას იხსნიდა და პრეტენზიებს დამკვეთს ან მშენებლებს უბრუნებდა.
„ინდუსტრიის“ ბალანსზე რიცხული მიწები თბილისში, მინდელისა და ძოწის ქუჩებზე, შპს „კაპიტალ დეველოფმენთს“ გადაეცა. სანაცვლოდ, მახვილაძეების ოჯახმა და მონასტრის წარმომადგენლებმა დიდძალი უძრავი ქონება მიიღეს. რეესტრის მონაცემებით, იღუმენია თეოდორასა და მის დაქვემდებარებაში მყოფი მონაზვნების სახელზე ჯამში 5 ბინა და 3 კომერციული ფართი ფიქსირდება: იღუმენია თეოდორა (ქეთევან მახვილაძე) - 2 ბინა და 3 საოფისე ფართი; მონაზონი ანა ცხადაძე - 1 ბინა; მონაზონი ელისო ხიდეშელი - 2 ბინა. სავარაუდოა, რომ დეველოპერებისგან მიღებული ქონების ნაწილის მონაზვნებზე გადანაწილება მიზნად ისახავდა იღუმენიას სახელის თავიდან არიდებას, თუმცა რეალური მესაკუთრეების იდენტიფიცირება ამ სქემაში თვალშისაცემია.

იღუმენიას რძალი (ძმის, კახა მახვილაძის მეუღლე) ირინა სახამბერიძე, 2016-2021 წლებში იყო ააიპ „არტ პლიუსის“ თანადამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. ეს ორგანიზაცია და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ფონდი „ტრადიცია და ინოვაცია“ (რომლის გამგეობის თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა), საქართველოს საპატრიარქოსთან უშუალო პარტნიორობით მართავდნენ ელიტურ კულტურულ ღონისძიებებს, მათ შორის ფესტივალს „აღდგომიდან ამაღლებამდე“.