საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

წყლის, ტუალეტისა და აბაზანის გარეშე - როგორ ცხოვრობენ ბავშვები ფშავ–ხევსურეთის პანსიონებში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:11 - 03 აპრილი 2017 hits 40321

15 ბავშვი ბარისახოს პანსიონში ცხოვრობს, 10 - მაღაროსკარში. ისინი პირაქეთა ხევსურეთისა და ფშავის იმ სოფლებიდან არიან, საიდანაც სკოლები ძალიან შორსაა. ბავშვები პანსიონებში ორშაბათიდან პარასკევამდე ცხოვრობენ. ზოგჯერ, დიდთოვლობის გამო სოფლებში ვერ ბრუნდებიან და შაბათ-კვირასაც იქ რჩებიან. პანსიონებში არც წყალია, არც ტუალეტი და აბაზანა, ბარისახოს პანსიონში სამზარეულოც არ თბება. მოსწავლეები, რომლებსაც სკოლებთან ახლოს ნათესავები არ ჰყავთ, მთელი კვირის განმავლობაში დაბანას ვერ ახერხებენ.

„სამზარეულოში გათბობა საერთოდ არ არის. თუ გშია, უნდა ჭამო. პრობლემა ის არის, რომ არ შეგვიძლია ხელის დაბანა, ჰიგიენის დაცვა, წყალი არ მოდის და წყლის მოსატანად ბავშვებით თვითონ დავდივართ საკმაოდ შორ მანძილზე. აბაზანის მიღების შესაძლებლობა საერთოდ არ გვაქვს. ვისაც ნათესავი ჰყავს ბარისახოში იქ მიდის და იქ იბანს, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებსაც ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

მწვადს და ხინკალს ნამდვილად არ ვითხოვთ. ვითხოვთ წყალს, რომ ხელები დავიბანოთ. ვითხოვთ ცოტა მეტ საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“, - ამბობს მირანდა ჭინჭარაული.

ის ბარისახოს საჯარო სკოლის მე-11 კლასში სწავლობს და სკოლის გვერდით მდებარე პანსიონში ცხოვრობს.

მირანდას გარდა ბარისახოს პანსიონში კიდევ 14 ბავშვია, პირაქეთა ხევსურეთის იმ სოფლებიდან, სადაც სკოლები საერთოდ არ არის.

თათია ლიქოკელიც თავის ოთხ და-ძმასთან ერთად ბარისახოს პანსიონში ცხოვრობს. თათია 14 წლისაა, ელისაბედი 15-ის, გია 12-ის, გაგა 10-ის და უფროსი ძმა გიგლა 17 წლის. ისინი ჭალისოფლიდან არიან. ლიქოკის ხეობაში ეს ერთადერთი ოჯახიღაა შემორჩენილი.

ჭალისოფელი ბარისახოდან 9 კილომეტრშია. ბავშვები ყოველდღე 18 კილომეტრს ვერ გაივლიან. მათ არც სასკოლო ტრანსპორტი ემსახურებათ. ამიტომ, კვირა საღამოდან პარასკევამდე პანსიონში რჩებიან, პარასკევს გაკვეთილების შემდეგ ან მანამდეც მიდიან და ფეხით მიუყვებიან სოფლის გზას. ამ გზის გავლას 2 საათს ან მეტსაც ანდომებენ.

ზოგჯერ, ზვავის გამო სოფელში ვერ ადიან და შაბათ-კვირასაც პანსიონში რჩებიან. ასეთ დროს, როგორც გვეუბნებიან, პანსიონში არც თანამშრომლები არიან და არც საკვებია.

„ყველაზე ცუდი მაინც ისაა, რომ პანსიონში წყალი არ არის, არც აბაზანაა და არც ტუალეტი. ბავშვებს მთელი კვირის განმავლობაში დაბანის შესაძლებლობა არ გვაქვს. წყალი რომც მოვზიდოთ საკმაოდ შორი მანძილიდან, პანსიონში მხოლოდ ის ოთახები თბება, სადაც რამდენიმე ბავშვი ერთად ვცხოვრობთ. კიდევ ერთი, სამეცადინო ოთახი თბება და იქ ვერ ვიბანავებთ. პრობლემაა ისიც, რომ სასადილო ოთახში ღუმელი არ დგას, თბილად ჩაცმულები სწრაფად ვჭამთ, რომ ძალიან არ შეგვცივდეს და ავად არ გავხდეთ“, - ამბობს თათია.

ფშავ-ხევსურეთში სულ სამი საშუალო სკოლაა: პირიქითა ხევსურეთში - შატილში, პირაქეთა ხევსურეთში - ბარისახოში და ფშავში – სოფელ მაღაროსკარში. ფშავის კიდევ ორ სოფელში, შუაფხოსა და ჩარგალში 9 კლასიანი საბაზო სკოლებია.

პანსიონი ფუნქციონირებს მაღაროსკარის სკოლასთანაც. იქ ფშავის სხვადასხვა სოფლიდან 10 ბავშვი ცხოვრობს. ანა ხუცურაული ერთ-ერთი მათგანია. ანა შარახევიდანაა და პანსიონში ძმასთან ერთად რჩება. და-ძმა მაღაროსკარის სკოლაში სწავლობს. ანას თქმით, პანსიონი რომ არა, არ იცის თვითონ და მისი ძმა საშუალო განათლებას სად და როგორ მიიღებდნენ:

„ჩვენი სოფლიდან სკოლამდე 17 კილომეტრია და სკოლის ტრანსპორტი მხოლოდ ორშაბათსა და პარასკევს გვემსახურება, დანარჩენ დღეებში არა. პანსიონი ხელს გვიწყობს, რომ სასკოლო განათლება მივიღოთ.

აქ სულ 3 ოთახი გვაქვს, გოგონების საძინებელში 5 გოგონა ვართ, ბიჭების საძინებელშიც 5 ბიჭია. კიდევ ერთი ოთახი გვაქვს სამეცადინოდ. სამზარეულოში ღუმელი დგას და არ ცივა. აბაზანა და სველი წერტილები საერთოდ არ გვაქვს. ტუალეტი გარეთაა, ეზოში, იქ გვიწევს ხოლმე სიარული. ტუალეტში ძალიან მძიმე პირობებია“.

„ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონებში არსებული სიტუაცია, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ ამ ბავშვებისგან, ეს ძალადობაა, ამ ბავშვების უფლებების სასტიკი დარღვევაა. ბავშვის პანსიონში ყოფნა განპირობებულია განათლების მიღებით და შესაბამისად, დგას სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს ერთი მხრივ, რომ ამ ბავშვებმა მიიღონ განათლება, ხოლო მეორე მხრივ, დაიცვას ისინი ამგვარი მოპყრობისგან - როდესაც ბავშვს ერთი კვირის განმავლობაში არ აქვს ბანაობის შესაძლებლობა. ბარისახოში ასეთი დაწესებულების არსებობა საჭიროა, თუმცა იქ პირობები უნდა შეიცვალოს. რასაც ბავშვები ყვებიან, ეს მდგომარება იქ არის უკვე 10 წელია“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ბავშვებისთვის“ თავმჯდომარე ანდრო დადიანი.

დუშეთის გამგეობა ერთი ბავშვის სამჯერად კვებას თვეში 60 ლარით აფინანსებს

პანსიონი ფუნქციონირებს შატილშიც. ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე სკოლაა, ზემოთ კი პანსიონის საწოლი ოთახებია, სადაც მუცოდან და პირიქითა ხევსურეთის სხვა სოფლებიდან შატილში სასწავლებლად ჩასული 4 ბავშვი მთელი კვირის განმავლობაში რჩება, უქმე დღეებში კი, როცა გზაა, სახლებში ბრუნდებიან. შატილის პანსიონში ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონებთან შედარებით უკეთესი პირობებია, სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წლის წინ, საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ფშავ–ხევსურეთის სამივე პანსიონს ააიპ „მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრი“ მართავს, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2010 წლის 3 თებერვალს დააფუძნა (საიდენტ. N 429319533). ეს პანსიონები მანამდეც ფუნქციონირებდა, ოღონდ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის დაფუძნების შემდეგ კი სამივე პანსიონი მის ფილიალებად დარეგისტრირდა. ნინო ვერძეული, რომელიც მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრს დაფუძნებიდან დღემდე ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ განათლების სამინისტროდან ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონების შენობების მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას 6 წელი დასჭირდა.

„არცერთ მუნიციპალიტეტში არ არის ეს, რაც გვაქვს ჩვენ - მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრი. მართალია, პანსიონებში მძიმე მდგომარეობაა, ძველი შენობებია, მოსაწესრიგებელია, მაგრამ ეს წლების განმავლობაში ასე იყო. მუნიციპალიტეტი ინახავს ამ პანსიონებს, მაგრამ ეს შენობები ჩვენ არ გვეკუთვნოდა. როგორც კი მოვედით ამ სამსახურში, დავიწყეთ მუშაობა, რომ განათლების სამინისტროსგან გადმოგვცემოდა საკუთრებაში. თუ ჩვენ საკუთრებაში არ არის, უფლება არ გვაქვს ერთი თეთრიც რომ დავხარჯოთ. მაღაროსკარის და ბარისახოს პანსიონები როგორც კი გადმოგვეცა, გამოვაცხადეთ ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე. 27 998 ლარია გამოყოფილი მაღაროსკარის პანსიონისთვის, 35 125 ლარი ბარისახოსთვის. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე არსებობს. როგორც კი კლიმატური პირობები მოგვცემს საშუალებას, სამუშაოებს მაშინვე დავიწყებთ და მოვაწესრიგებთ“, - აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი.

ააიპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრისთვის“ 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 97 200 ლარია გამოყოფილი. აქედან სამი პანსიონის 29 ბენეფიციარის კვებაზე 15 ათასი ლარი იხარჯება, რაც ნიშნავს იმას, რომ წლის განმავლობაში ერთი ბავშვის კვებაზე 517 ლარია გამოყოფილი. ცენტრის დირექტორის ნინო ვერძეულის თქმით, თითო ბავშვზე ყოველდღიურად სამჯერადი კვებისთვის 2.80 ლარია გათვალისწინებული. ამ გაანგარიშებით, გამგეობა ერთ თვეში ერთი ბავშვის სამჯერად კვებაზე დაახლოებით 60–62 ლარს ხარჯავს.

„მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრი“ ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონებში ბავშვთა კვებას წლის განმავლობაში 160 დღეზე, შატილში მცხოვრებ 4 ბავშვზე კი 220 დღეზე ვარაუდობს.

მთელი წლის განმავლობაში რამდენი არასასკოლო დღეა, ნინო ვერძეულთან ერთად დავთვალეთ. საზაფხულო, საახალწლო, მარტის და სააღდგომო არდადეგების ჩათვლით, სულ 122 დღე გამოვიდა, სასწავლო პერიოდში შაბათ–კვირების ჩათვლით 174 დღე.

საყურადღებოა, რომ ზამთარში, რომელიც ფშავ–ხევსურეთში თითქმის 6 თვე გრძელდება, ბევრ სოფელში გადაადგილება პრობლემაა. ამიტომ. ბავშვებს ხშირად შაბათ–კვირასაც პანსიონებში დარჩენა უწევთ.

„მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრისთვის“ გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაახლოებით 6 500 ლარით შეშას ყიდულობენ, რომლითაც სამივე პანსიონს ამარაგებენ. დანარჩენი 75 700 ლარიდან ცენტრის თანამშრომლების წლიური ხელფასია 67 500 ლარი, დაახლოებით 3 000 ლარი საკანცელარიო, ჰიგიენური მასალებისთვის და სხვა საოფისე ხარჯებისთვისაა განკუთვნილი.

ნინო ვერძეული ამბობს, რომ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება შესაძლებელია, რადგან ბავშვების მცირე რაოდენობის გამო დატვირთვა არა აქვთ, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ისევ მოუწევთ თანამშრომლების აყვანა.

ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები პანსიონებში

იმ დაწესებულებებში, მათ შორის პანსიონებში, რომლებიც ბავშვთა მომსახურებას ახორციელებენ, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N 66 დადგენილებაარეგულირებს.

ამ დადგენილების მიხედვით, პანსიონის ტიპის დაწესებულებებში ყოველ 10 ბენეფიციარზე სავალდებულოა არანაკლებ ერთი აღმზრდელი; საძინებელ ოთახში შესაძლოა განთავსდეს არაუმეტეს 10 ბენეფიციარი და ერთი კარადა არაუმეტეს 5 ბენეფიციარისთვის. რაც შეეხება საპირფარეშოს, საშხაპეს და პირსაბანს, ყოველ 16 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთი უნდა იყოს.

მთავრობამ 2014 წლის 22 აგვისტოს N 508 დადგენილებით, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. ახალი სტანდარტები სავალდებულოა ყველა პირისათვის, მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, რომელიც ახორციელებს ბავშვთა 24-საათიან მომსახურებას (გარდა მინდობით აღზრდისა, ნებართვის მქონე სტაციონარული დაწესებულებისა, ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებისა, სკოლა-პანსიონისა და ისეთი მომსახურებისა, რომელიც ხორციელდება წელიწადში არაუმეტეს 3 თვისა) და სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვთა დღის ცენტრებისთვის.

ტექნიკური რეგლამენტის მე-14  მუხლი ადგენს, რომ ბავშვთა მომსახურებისთვის განკუთვნილი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს: ფიზიკური გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად მიმსგავსებული ოჯახურ პირობებს; უზრუნველყოფილი უნდა იყოს სეზონის შესაბამისი ტემპერატურა (მათ შორის, ზამთრის პერიოდში არანაკლებ 18 გრადუსისა, ხოლო ზაფხულის თვეებში არაუმეტეს 25 გრადუსისა).

სამზარეულო და სასადილო აღჭურვილი უნდა იყოს სამზადითა და სამრეცხაოთი, ჰქონდეს ადგილი მშრალი პროდუქტებისთვის, მაცივარი, გამწოვი ვენტილაცია. უნდა ჰქონდეს ბენეფიციართა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი, სასადილო მაგიდასთან ბენეფიციარის ინდივიდუალური ადგილი და სკამი, იქონიოს და გამოიყენოს სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭელი.

24-საათიანი მომსახურებისას – საძინებელ ოთახში ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 6 კვ.მ ფართობი უნდა იყოს; ერთ ოთახში უნდა განთავსდეს არაუმეტეს 3 ბენეფიციარი; თითოეული ბენეფიციარისთვის უნდა იყოს ცალკე ლოგინი, საწოლი, ტუმბო და ერთი კარადა, არაუმეტეს სამი ბენეფიციარისთვის.

ყოველ 5 ბენეფიციარზე უნდა იყოს ერთი საშხაპე, საპირფარეშო (ვენტილაციით), პირსაბანი ცივი/ცხელი წყლით.

რეგლამენტის მე-16 მუხლით, პანსიონი ვალდებულია, პერსონალს, გარდა ტექნიკური პერსონალისა, გავლილი ჰქონდეს სატრენინგო კურსი, რომელიც შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

პანსიონში, რომელიც 24-საათიანმომსახურებას ახორციელებს, ყოველ 5 ბენეფიციარზე მინიმუმ ერთი აღმზრდელი უნდა იყოს. მომსახურების ადგილზე (ცალკე გამოყოფილ ფართზე) ბენეფიციართა საერთო რაოდენობა 10-ს არუნდა აღემატებოდეს.

„როდესაც ამ ცვლილებას ახორციელებდნენ, მაშინ ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.

მაღალმთიან რეგიონში, სადაც განათლების მიღების ერთადერთი შესაძლებლობა არის პანსიონი, როგორ შეიძლება რომ 10 ბავშვი შეუშვა და მეთერთმეტეს უარი უთხრა და განათლების მიღების შესაძლებლობა არ მისცე“, – ამბობს ანდრო დადიანი, „პარტნიორობა ბავშვებისთვის“ თავმჯდომარე.

მისივე თქმით, ფშავ–ხევსურეთში მოქმედმა პანსიონებმა 2017 წლის 1–ელ სექტემბრამდე სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია უნდა მოიპოვონ, რომელიც ახლა არა აქვთ. ანდრო დადიანი ვარაუდობს, რომ სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხით, მისი მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, საეჭვოა ახალ სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა შესაძლებელი იყოს.

1–ელ სექტემბრამდე, იმ დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა მომსახურებას, მაგრამ არა აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დარღვევის გამო  სანქციები არ გამოიყენება.

„გარკვეული პირობების გამო, შეიძლება ითქვას 99 %–ის ალბათობით, ისინი ლიცენზიას ვერ აიღებენ და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს რჩება ორი არჩევანი: იყოს კანონი, მაგრამ ამ დაწესებულებებს არ შეეხოს, ან მეორე ვარიანტია – ყველა ასეთი ტიპის დაწესებულებაში შევიდეს, დააჯარიმოს ორჯერ და მერე მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ეს არის სახელმწიფოს როლი, რომელიც დადგება პირველი სექტემბრის მერე. ამ შემთხვევაში ზარალდება ისევ და ისევ ბავშვი“, – ამბობს გია კაკაჩია, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის“დირექტორი, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

მთავრობის N 508 დადგენილება, რომლითაც ბავშვზე ზრუნვის ახალ სტანდარტებია დამტკიცებული, დროებით ნორმასაც ითვალისწინებს დიდი ზომის ბავშვთა 24 საათიანი მომსახურების დაწესებულებებისთვის, თუკი ეს დაწესებულებები 2014 წლის 1 იანვრამდე შეიქმნა. ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბავშვზე ზრუნვის ახალი სტანდარტების ნაწილი არ არის სავალდებულო გავრცელდეს 2020 წლის 1–ელ იანვრამდე იმ დაწესებულებებზე, რომლებსაც 20–ზე მეტი ბავშვი ჰყავთ. თუმცა, ბარისახოს, მაღაროსკარის და შატილის პანსიონებში, არსად 20–ზე მეტი ბავშვი არ ჰყავთ და არც ახალი სასწავლო წლიდან არის მოსალოდნელი, თუ კონტიგენტს ხელოვნურად არ გაზრდიან.

ბარისახოს პანსიონში მცხოვრები 15 ბავშვიდან, წელს საშუალო სკოლას მხოლოდ ერთი მოსწავლე ამთავრებს. მაღაროსკარში მყოფი 10 ბავშვიდან კი მე–12 კლასელი არცერთი არ არის. სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლიდან ორივე პანსიონს კიდევ რამდენიმე ბავშვი უნდა დაემატოს, თუმცა შესაძლოა, 1–ლი სექტემბრიდან ბარისახოს პანსიონის კარი 14 ბავშვიდან რომელიმე ოთხისთვის დაიხუროს.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში