საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ახადში დაბრუნებაც გვინდა და დარჩენაც, მაგრამ არც გზაა და არც კვალი“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:58 - 15 მარტი 2017 hits 15042

„ფშავს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელიც უგზოობის გამო აუთვისებელია. მახსოვს დიდი დაპირებები, რომ სოფელ ახადში აუცილებლად აიყვანდნენ გზას. მას შემდეგ უკვე ხუთი წელი გავიდა, გზა კი არსად ჩანს. ახადში გზის გაყვანა აუცილებელია. ის ფშავის ყველაზე მაღალი სოფელია, საიდანაც მთელი არაგვის ხეობა ხელის გულზე ჩანს. ახადში გზა, მიხა ხელაშვილის სახლ-მუზეუმი და გოდერძაულთა ისტორიული ციხე რომ აღდგეს, ეს სოფელიც და ფშავიც ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცეოდა. მთის კანონი კი არა, გზაა საჭირო. მერე დანარჩენი ინფრასტრუქტურაც განვითარდება და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობაც დაბრუნდება,“ - ამბობს ფილოლოგი და პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი.

ახადი უკანაფშავში, ლაშარის გორის მოპირდაპირე მხარეს, ტყიანი ფერდობის მაღლა, ზღვის დონიდან 1920 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელს არც დენი აქვს და არც გზა - სოფლამდე მისასვლელი ერთადერთი გზა 2 კილომეტრიან, საცალფეხო ბილიკზე გადის. ახადი სახალხო პოეტის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრის, მიხა ხელაშვილის მშობლიური სოფელია, რომელიც ახლა ნასოფლარად არის ქცეული. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში უკანაფშავის 23 სოფლიდან 11 გაუკაცრიელდა. დარჩენილი სოფლების უმეტესობაშიც ხალხი მხოლოდ ზაფხულობით ადის. ოფიციალური ინფორმაციით, უკანაფშავის 13 სოფელში 143 ადამიანი ცხოვრობს. 53 ადამიანია რეგისტრირებული სოფელ თხილიანაში, 35 - შუაფხოში, 15 - უძილაურთაში და 13 - მუქოში. დანარჩენ სოფლებში - ბინდაურთაში, გოგოლაურთაში, მათურაში, უკანაფშავში, ცაბაურთაში, ჭიჩოსა და ხოშარაში ერთი ან რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ახადი და ბეტისჩრდილი კი ნასოფლარებად იქცა.

„მე და ჩემი დები ახადში გავიზარდეთ. ზამთარი იქ ძალიან მკაცრია, ამიტომ სკოლაში სწავლის დროს ბარში ჩამოვდიოდით. გაზაფხულის მოსვლას და ახადში ასვლას ყოველ წელს მოუთმენლად ველოდით. ვცხოვრობდით ასე, სეზონურად - გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულის მოლოდინში,“ - იხსენებს ჩვენთან საუბარში ახადელი გიორგი თადიაური, - „ზამთარში იქ ბებო და პაპა რჩებოდნენ, რომლებიც ჩვენს ასვლას მოუთმენლად ელოდნენ. 4-5 სახლიდანღა ამოდიოდა კვამლი, მაგრამ სოფელი მაინც იყო. შემდეგ ორი ოჯახი იქიდან სამუდამოდ აიყარა. ერთი წლის მერე, 2007 წელს ჩვენც წამოვედით - მარტოობის, უგზოობის, უტრანსპორტობის და ბევრი სხვა პრობლემის გამო.“

გიორგი ამბობს, რომ ამ ბოლო დროს მამა-პაპისეულ ნასახლარებზე დაბრუნების მსურველები გამოჩნდნენ, სოფელში 12-მდე ადამიანი უკვე ჩაეწერა, გზის გაყვანა კი ისევ გადაულახავ პრობლემად რჩება. იმის გამო, რომ ახადში მუდმივად მცხოვრები ადამიანი აღარ ფიქსირდება, სოფლისთვის თანხაც აღარ გამოიყოფა. არადა, გაზაფხულზე იქ 4 ოჯახი ადის და საქონელიც აჰყავს, რამდენიმე ოჯახი კი სოფელში მამა-პაპისეულ სახლებში დაბრუნებას გეგმავს.

„ახადში დაბრუნებაც გვინდა და დარჩენაც, მაგრამ არც გზაა და არც კვალი. ადრე აქ 70 კომლს უცხოვრია, ახლა კი ირგვლივ მხოლოდ ნასახლარებია. მდინარეზე გადებული ხიდი ყოველ გაზაფხულზე წყალს მიაქვს. მის შეკეთებას საკუთარი ძალებით მარტო ჩვენ ვეღარ ვახერხებთ. გზა და ხიდი გვჭირდება იმისთვის, რომ სოფელში პროდუქტი ავიტანოთ და საქონელი ავიყვანოთ, შემოდგომით კი ზაფხულში დაგროვილი დოვლათი ჩამოვიტანოთ. ერთ-ერთი ასეთი ბარგობის დროს შემოგვაღამდა და ის საცალფეხო ბილიკიც ფეხქვეშ გამოგვეცალა. ჩემმა დისშვილმა, რომელიც ცხენზე იჯდა, გადმოხტომა მოასწრო, ცხენი კი ხრამში გადავარდა. აბა, როგორია ასეთ პირობებში ცხოვრება? შარშან, ივნისში გეოლოგები ამოვიდნენ ახადში, შეისწავლეს ტერიტორია, დღეს არსებობს დასკვნა, რომ ახადში გზის გაყვანა შესაძლებელია,“ - ამბობს მანანა გორელაშვილი.

ახადელების კიდევ ერთი სურვილი მიხა ხელაშვილის ნასახლარის აღდგენა და იქ პოეტის სახლ-მუზეუმის მოწყობაა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, ბექა ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს სოფელ ახადში გზის გაყვანისთვის საჭირო თანხა არ აქვს, თუმცა, გამგეობა ცდილობს თანხის მოძიებას და პრობლემის მოგვარებას.

გზა იქნება თუ არა, მე მაინც დავბრუნდები. დაბრუნებას აპირებს კიდევ რამდენიმე ოჯახიც და მჯერა, რომ ახადი ისევ ახმაურდება,“ - ამბობს გიორგი თადიაური.



გვანცა დადალაური

Mtisambebi.ge–ს მოქალაქე–რეპორტიორი. აშუქებს ფშავის ამბებს. დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიით ფსიქოლოგია. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში