ბახმარომ ზამთრის სეზონზე დამსვენებლები წელს პირველად მიიღო. კურორტზე 60-მდე უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა. მათ შორის იყო გერმანელი ბიზნესმენი ინგუ შლუტიუსი, რომელიც ბახმაროში ინვესტიციის ჩადებით და იქ სასტუმროს აშენებით დაინტერესდა.
როგორც გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ www.mtisambebi.ge-სთან საუბარში განაცხადა, ბახმაროს განვითარების მიზნით კომპლექსური ღონისძიებები უკვე დასახულია, განვითარების გენერალური გეგმაც შემუშავებულია და ის სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დამტკიცდება. ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგება მაისიდან დაიწყება.
გეგმის თანახმად, ბახმარომ ზამთრის სეზონზე დღეში 8 000-მდე, ხოლო ზაფხულში 15 ათასამდე დამსვენებლის მიღება უნდა შეეძლოს.
ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარი ქვაბულია, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი ხეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება.
აღმოსავლეთიდან ბახმაროს ლენჭის სერი (2505 მეტრი) ესაზღვრება, სამხრეთიდან კი საყორნიას (2755 მ) და ფაფარას (2656 მ) მწვერვალები. დასავლეთის მხრიდან კურორტის ტერიტორია გახსნილია, რაც ხელს უწყობს ხეობაში ზღვის ჰაერის შემოსვლას. ეს კი თავის მხვრივ ხელს უწყობს ზღვისა და მთის კლიმატის საუკეთესო შეხამებას. ზამთარში თოვლის საფარი ძალიან მაღალია (4-5 მ) და რჩება 6 თვემდე. ბახმაროს კლიმატი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.