საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ გაათავისუფლეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:15 - 07 თებერვალი 2017 hits 7811

გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. „მთის ამბების“ ინფორმაციით, გათავისუფლებას წინ მინისტრსა და სააგენტოს თავმჯდომარეს შორის უთანხმოება უძღოდა.

მოისწრაფიშვილის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის დეკემბერში გავრცელდა. 01 იანვრიდან 7 თებერვლამდე მოისწრაფიშვილი შვებულებაში გავიდა, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, აგულაშვილსა და მოისწრაფიშვილს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მინისტრმა დაცული ტერიტორიების სააგენტოში კადრების შემცირება მოითხოვა, რასაც სააგენტოს თავმჯდომარე არ დაეთანხმა. ამასთან, ლაშა მოისწრაფიშვილმა უარი თქვა მინისტრის მოთხოვნის შესრულებაზე – მცირე დარღვევის გამო თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი თამაზ კარაპეტიანი.

თამაზ კარაპეტიანი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორად 2007 წლიდან მუშაობს. 2014–2015 წლებში ის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების დირექტორებს შორის, ზედიზედ ორჯერ, წლის საუკეთესო დირექტორად დაასახელეს. 2016 წელს კი, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია გარემოს დაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურმა ზედიზედ სამჯერ შეამოწმა. თამაზ კარაპეტიანის თქმით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მას ერთი საძილე ტომარა აქვს დაკარგული.

„2016 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე 2 კარავი და 3 საძილე ტომარა წავიღეთ. ერთი ტომარა დაიკარგა. მე თანახმა ვარ ზარალი ავანაზღაურო, რაც არ უნდა ღირდეს“, – აღნიშნავს თამაზ კარაპეტიანი.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, მინისტრი აგულაშვილი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის მოხსნას იმის გამო ითხოვდა, რომ თამაზ კარაპეტიანის ძმის შვილი, არსენ კარაპეტიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი იყო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა ახალქალაქი – ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად. არსენ კარაპეტიანი წლების განმავლობაში ახალქალაქის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე.

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემდეგ არსენ კარაპეტიანი მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს მხარეს დარჩა.

ლაშა მოისწრაფიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მან თავად დაწერა. ლაშა მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს.

ლაშა მოისწრაფიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოში 2006 წლიდან მუშაობდა, ორი წლის წინ კი ის სააგენტოს თავმჯდომარე გახდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში