საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ჩვენი ხეობის ბავშვებმა არ იციან რა არის საბავშო ბაღი“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:00 - 19 იანვარი 2017 hits 12432

ძმები - ბექა და ემზარ წითელაურები - ეს ორად ორი ბავშვია შუაფხოს ზემოთ მთელ უკანაფშავშის ხეობაში. ემზარი 1,5 წლისაა, ბექა მარტში ხდება 4-ის. ისინი მშობლებთან და ბებიასთან ერთად სოფელ მუქოში ცხოვრობენ. იქ ახლა სულ რამდენიმე ოჯახია, ბავშვი კი - მხოლოდ ორი.

ბავშვების მამა, ბესო წითელაური მესაქონლეობას მისდევს, გასულ წელს პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ გრანტი მოიგო და საკალმახეც გააკეთა. წითელწინწკლებიან კალმახს აშენებს. კალმახზე მუდამ არის მოთხოვნა. მთის კალმახს კი სხვა გემო და ფასი აქვს.

მუშაობს ბესო და სოფლის ოჯახის კვალობაზე ოჯახს გაჭირვებით არ უჭირს. თუმცა მშობლებს ბავშვების მომავალი აფიქრებთ:

ბიჭები საბავშვო ბაღში, ცხადია, არ დადიან. არათუ სოფელში, მთელ ხეობაში არ არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.

ორ წელიწადში ბექას 6 წელი შეუსრულდება და სკოლაში უნდა წავიდეს. უახლოესი სკოლა შუაფხოშია, დაახლოებით 6 კილომეტრში. თბილისიდან უკანაფშავში ტრანსპორტი მხოლოდ შუაფხომდე დადის, ზემოთ დაახლოებით 14 კილომეტრზე განლაგებულ სოფლებში ფშავლები ფეხით ან კერძო ტრანსპორტით გადაადგილდებიან.  

მუქოდან შუაფხომდე ყოველდღე ბავშვის ტარება შეუძლებელია, შუაფხოში პანსიონიც აღარ არის, ბავშვები იქ რომ დარჩნენ.

„ყველა შემთხვევაში მუქოდან წასვლა მოუწევთ, შუაფხოში ჩასახლებას აზრი არ ექნება. ჩემი რძალი გუდამაყრელია, მაგრამ თბილისთან ცხოვრობენ. ალბათ ისევ ქალაქისკენ წავლენ და ბავშვებსაც იქ ატარებენ სკოლაში“, - ამბობს ბავშვების ბებია, მართა ჩიტოშვილი. ის თავადაც ფშაველია, ცაბაურთაში გაიზარდა. ადრე ხალხმავალი იყო ფშავის ხეობა.

ახლა კი უკანაფშავში, უფრო ზუსტად, შუაფხო-თხილიანაში სულ 20-მდე ბავშვია, აქედან 7 სკოლამდელი ასაკის, მათ შორის სამი სკოლის დირექტორ ირმა ცქიფაშვილის შვილი.

ხეობის ერთი პატარა ვაჟკაცი, 4 წლის შუაფხოელი ცოტნე ჩვენც გავიცანით, პაპა-ბებიას ეხმარებოდა თივის გადატანაში და თან ციგით სრიალებდა. „ბაღში დადიხარ?“, - რომ ვკითხეთ, გაოცებულმა შემოგვხედა.   

ჩვენი ხეობის ბავშვებმა არ იციან, რა არის საბავშო ბაღი. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა, რომ სოფელში ბაღი გაიხსნას“, - წუხს სკოლის დირექტორი.

„მთის ამბების“ მხარდაჭერით, შუაფხოში საბავშვო ბაღის გახსნის მოთხოვნით პეტიცია მზადდება, რომელიც განსახილველად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე – ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი ახალი ამბების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში