ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც.
”ამბროლაურის აეროპორტი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და გაზრდის რეგიონის სატრანსპორტო მისაწვდომობას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის კომპონენტის, უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მთავრობა, ამ მიმართულებით, მუშაობას განაგრძობს”, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
თბილისი-ამბროლაურის ფრენის ღირებულება ერთი მიმართულებით 50 ლარი იქნება. პირველ ეტაპზე ფრენები ნატახტარის აეროპორტიდან შესრულდება.
ამბროლაურის აეროპორტი 30-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს.
ამ დროისთვის თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობენ. მგზავრობის ღირებულება 20 ლარია, მანძილი 270 კილომეტრი და მის დაფარვას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.