ცხადია, მაშინაც დავწერეთ. იმ წერილის მერე, დედის დღეს, განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრი თამარ სანიკიძე იყო კიდეც შუაფხოში, მრავალშვილიანი დედა მოინახულა. მინისტრი ფშავლებს დაპირდა კიდეც, რომ სკოლასაც გაარემონტებდა და საშუალო სკოლასაც გახსნიდა. მალე მინისტრი შეიცვალა.
შუაფხოელებისთვის პრობლემა ისევ აქტუალურია:
შარშან ცხრა კლასის დასრულების შემდეგ ოთხი ბავშვი გადავიდა სხვა სკოლებში.
„2008 წლიდან ვმუშაობ სკოლაში. პირველად 7 ბავშვი გვყავდა. მერე 24 მოსწავლემდეც ავედით, მაგრამ შემდეგ ისევ დაიწყო კლება. მთავარი მიზეზი ის არის, რომ სკოლა არის საბაზო საფეხურის და საშუალო საფეხურის არქონის გამო ოჯახები იძულებული გახდნენ, სოფლიდან აყრილიყვნენ.
შარშანაც ოთხმა დაამთავრა ეს სკოლა. ორი გოგონა, ერთი მათ შორის, ჩემი უფროსი შვილი, მაღაროსკარის სკოლაში დადიან. კიდევ ორი ჩვენი ყოფილი კურსდამთავრებული, და-ძმა, მისაქციელის სკოლაში გადავიდა. ოჯახი გადავიდა აქედან, ასე გადაწყვიტეს. იმ ორ მეათეკლასელს ორი სასკოლო ასაკისა და ერთიც სკოლამდელი ასაკის ბავშვი გაყვა“, - ამბობს სკოლის დირექტორი.
მოსწავლეთა რიცხვი, ამ ერთ წელიწადში 17-დან 13-მდე შემცირდა.
„1986 წელს, როცა ეს სკოლა დაარსდა, თავიდან საშუალო სკოლა იყო, მერე კონტიგენტის შემცირების გამო, რასაც ზედ დაემატა 90-იან წლებში სასწავლო პროცესის მოშლა, სკოლაც საბაზოდ გადაკეთდა.
არადა, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, სკოლა საშუალო საფეხურის თუ იქნება, თან ისეთი, რომელიც მშობლების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, აქ ბევრი ოჯახი დარჩება.
სკოლაში მაღალკვალიფიციური კადრები გვყავს, 6 პედაგოგია ჩამოსული პროგრამით „ასწავლე საქართველოსთვის“. მეშვიდე წელია, ამ პროგრამით ვსარგებლობთ და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მასწავლებლების აქ ყოფნა ძალიან შედეგიანია. გმირობის ტოლფას საქმეს აკეთებენ ეს ადამიანები. როგორც სკოლის დირექტორი ვიტყვი, რომ სპეციალიტები მზად არიან იმისთვის, საშუალო საფეხურის ბავშვებს მოემსახურონ. ჩვენი პედაგოგები თავიანთ უნარებს უკეთ გამოავლენენ, თუ მაღალი კლასებიც გვეყოლება.
ამ სკოლის კურსდამთავრებულები სხვაგან რომ გადადიან, არ უჭირთ სწავლა, რადგან აქ თითქმის ინდივიდუალური გაკვეთილები აქვთ.
ახლა სკოლაში 3 მოსწავლე შუაფხოდან და 10 თხილიანადან დადის. თხილიანაში 5 სკოლამდელი ასაკის ბავშვია კიდევ. მუქოში არის კიდევ ორი პატარა.
ამ ბავშვებმა არც საბავშვო ბაღი იციან რა არის. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა, რომ ჩვენ სოფელში ბაღი გაიხსნას“, - წუხს სკოლის დირექტორი.
შარშანვე შუაფხოს სკოლაში სტუმრობისას მერვეკლასელები წერილის წერას გადიოდნენ.
„თქვენი მჯერა, ვიცი, რომ ამბავს მიიტანთ სხვებთან. გვინდა, რომ ჩვენი სკოლა საშუალო იყოს და აქედან წასვლა აღარ დაგვჭირდეს“, - მაშინ თავის წერილში მომწერა ირმას უფროსმა ვაჟმა, იოსებ ჯაბანიშვილმა.
მაშინ სოსოს მოლოდინი ნაწილობრივ გავუმართლე, კი დავწერე, მაგრამ მინისტრების ცვლის პროცესში, ახალ მინისტრს გამორჩა ეს სათხოვარი.
ვცდილობ, წლევანდელ მეცხრეკლასელებს: თინათინს, ავთანდილს, გიორგისა და იოსებს, მაინც არ გავუცრუო მოლოდინი, მათი სათქმელი მივიტანო მინისტრის ყურამდე.