საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამი კვირაა ხადის ხეობის სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:45 - 22 დეკემბერი 2016 hits 12103

სამი კვირაა რაც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობის სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფლებამდე მისასვლელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს. ადგილობრივი ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, სამი კვირის განმავლობაში გზა არ გაიწმინდა.

ხადის ხეობა ქვეშეთის თემს ეკუთვნის. ქვეშეთიდან ხადის ბოლო სოფლამდე სულ 9-10 კილომეტრამდეა. ხეობაში თოვლი ნოემბრის ბოლოს მოვიდა. მას შემდეგ გზა გასაწმენდია.

„თითქმის ერთ მეტრზეა თოვლი. ადრეც იყო ხოლმე დიდთოვლობა, მაგრამ გზა დროულად იწმინდებოდა. სამი კვირაა, შეიძლება მეტიც, აქ ვართ ჩარჩენილები და ვერსად გავდივართ. რამდენიმე დღე ელექტროენერგიაც არ გვქონდა“, – უთხრა „მთის ამბებს“ სოფელ ბენიათბეგონში მცხოვრებმა დათო ბენიაიძემ.

ბენიანთბეგონი ხადის ხეობის ცენტრია. აქ შედარებით მეტი ადამიანი იზამთრებს. დათო ბენიაიძის თქმით, სოფელში ამჟამად 5 ოჯახია დარჩენილი, 11–12 ადამიანით, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ორი ქალი ცხოვრობს სოფელ წკერეში, 56 წლის თამარ წიკლაური და 80 წელს ზემოთ ანიჩკა ბექაური. ხადის ხეობის დანარჩენ სოფლებში, მუღურეში, ქოროღოში, იუხოსა და როსტიანში ზამთარში თითქმის არავინ რჩება.

„მთის ამბების“ რეპორტიორების ჯგუფი ხადის ხეობაში ასვლას და იქიდან რეპორტაჟის მომზადებას 12 დეკემბრიდან ცდილობს, თუმცა უგზოობის გამო ვერ მონახერხეთ. 12 დეკემბერს, სოფელ ქვეშეთში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი თენგიზ ბედოიძე დაგვპირდა, რომ გზა 14 დეკემბრამდე გაიწმინდებოდა, რაც არ შესრულდა.

15 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, რომ ხადის ხეობაში გზის გასაწმენდად გამოყოფილი იყო საწვავიც და სოფელს ტრაქტორიც მწყობრში ჰქონდა. გზის გაწმენდას 19 დეკემბრამდე დაგვპირდნენ.

დღეს 22 დეკემბერია. სოფელში გამგებლის წარმომადგენელი თენგიზ ბედოიძე ამბობს: „ტრაქტორისტი არ გვყვავს და ვერ ვწმენდთ. გამგეობაც საქმის კურსშია“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი წინასაახალწლოდ კუთვნილ შვებულებაშია გასული. გამგებლის მოადგილე ბექა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ობიექტური გარემოებები არსებობდა, რის გამოც გზის გაწმენდა სამი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდა: „არც ტრაქტორისტი გვყვავდა და ტრაქტორიც დაზიანებული იყო“.

„მთის ამბები“ მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორს გოჩა ზეიკიძეს დაუკავშირდა. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ საკითხს გაარკვევდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი განაცხადა: „ახლა ვესაუბრეთ იმ კომპანიის წარმომადგენელს, სადაც ტრაქტორისტი მუშაობს და გვითხრა, რომ გაათავისუფლებენ დროებით სამსახურიდან, გზა რომ გაწმინდოს. ხვალიდან დაიწყებს გაწმენდას და ალბათ ორ დღეში გზას გახსნის. კონტროლზე ავიყვან ამ საკითხს, ხვალ, დილიდან მეც იქით ვიქნები და მივაქცევ ყურადღებას“.

ფოტოები მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის არქივიდან

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში