საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

3430 ლარი შეუგროვეს ახალგაზრდას, რომელმაც „ალტ-ინფოს“ პარტიას ხულოს ოფისი დაატოვებინა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:29 - 11 მარტი 2022 hits 40505
ფოტოზე - დათო სოლომონიძე
საზოგადოება
ფოტოზე - დათო სოლომონიძე

ხულოელ ახალგაზრდას, რომელმაც „ალტ-ინფოს“ პარტიას მიქირავებული ფართი დაატოვებინა, ხალხმა დახმარების მიზნით 3430 ლარი შეუგროვა. ამ თანხის ნაწილით დათო სოლომონიძე უკრაინელებს ეხმარება.

7 მარტს პრორუსული და ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილ „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი ისე დაახურინეს, რომ გახსნაც ვერ მოასწრო. დათომ მაშინ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ძალა იდგა იმ ხალხის უკან, ვინც მას „კონსერვატიულ მოძრაობად“ გაეცნო. მორიგ, ტრადიციულ ქართულ პარტიად მიიღო, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებდა. როგორც კი გაარკვია, ვისთან ჰქონდა საქმე, პარტიას ფართის დატოვება მოსთხოვა, - „ტყუილით შემაცდინეს, თორემ არც დავფიქრდებოდი. მირჩევნია სულ არ მქონდეს შემოსავალი და მაგათ აქ ფეხის მოკიდებას ხელს არ შევუწყობ“, - ამბობდა მაშინ დათო.

დათო სოლომონიძის ამ გადაწყვეტილებასა და „ალტ-ინფოს“ პარტიის მიერ ხულოს დატოვებას გამოხმაურება მალევე მოჰყვა მედიისა და საზოგადოების მხრიდან.

სხვა ხულოელმა ახალგაზრდებმა კამპანია წამოიწყეს, რომ დათოსთვის ერთი თვის ქირის თანხა შეეგროვებინათ.

„მაშინ, როდესაც ქვეყანაში თითქმის არავის ულხინს ეკონომიკურად, განსაკუთრებით, რეგიონებში, ამ ადამიანმა უარი თქვა ყოველთვიურ 1500 ლარზე, რომელიც ქირის სახით უნდა გადახდილიყო (კოლოსალური თანხაა ეს ხულოსთვის). რაც მთავარია, ეს გააკეთა თავისი სამოქალაქო თვითშეგნებიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მაგალითი, რომ ყველას მიმართ, ვინც მსგავს პასუხისმგებლობას გამოიჩენს, სამოქალაქო საზოგადოება ვართ სოლიდარული“, - დაწერა ფეისბუკში ედო ჯავახაძემ, რომელიც „კონსერვატიული მოძრაობის“ მიმართ წამომწყებული პროტესტის ერთ-ერთი მოთავეა.

იმავე დღეს, 10 მარტს, 3430 ლარი შეგროვდა. „ძალიან მეუხერხულება, მადლობის გადახდა დამრჩენია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა არის ყველაზე ძლიერი იარაღი მტერთან საბრძოლველად“, - დაწერა დათომ და გადაწყვიტა, რომ შეგროვილი თანხიდან 1000 ლარი უკრაინელების მხარდასაჭერად მიემართა. რამდენიმე საათში, მას უკვე შეძენილი ჰქონდა პროდუქტი, რაც უკრაინაში გაიგზავნება.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მისთვის შეგროვილი თანხის განაწილება უკრაინელებისთვის, უყოყმანოდ გვიპასუხა, რომ როგორც მის მიმართ გამოიჩინა უამრავმა ადამიანმა სიკეთე და მხარდაჭერა, იმავეს გაკეთების სურვილი ჰქონდა მასაც და ამ შემთხვევაში მისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და გადარჩენისთვის იბრძვის, - „მე არავინ ვარ. ერთი რიგითი ხულოელი ბიჭი ვარ, ვცდილობ პატიოსნად ვიცხოვრო და სიკეთე ვაკეთო, მეტი არაფერი.“

რუსულ პროპაგანდასა და მის საქართველოში გამტარ ძალებს მოსახლეობა მარტო ხულოში არ დაპირისპირებია. „კონსერვატიული მოძრაობა“ დაჟინებით უარყოფს, რომ მოსახლეობასთან პრობლემები ექმნება. თუმცა, ხულოში ოფისის იძულებით დატოვებამდე, იყო და გრძელდება პროტესტი მესტიაში, ამბროლაურში, ახალციხეში, გორში, მარნეულში. ხულოს შემდეგ კი პარტიას ოფისის დატოვება ადგილობრივებმა შუახევშიც აიძულეს. საპასუხოდ, „ალტ-ინფო“ აჭარლებს, რომლებიც მათ აქტივობებს ეწინააღმდეგებიან, „რადიკალ ისლამისტებად“, „თურქეთის სპეცსამსახურებთან“, „ტერორისტებთან“ კავშირში მყოფ ადამიანთა ჯგუფად მოიხსენიებს და ჰპირდება, რომ როცა „ხელისუფლებაში მოვლენ“, ამ ადამიანებს „საქართველოში აღარ გააჭაჭანებენ, მითუმეტეს, აჭარაში და უბრალოდ გააქრობენ“.

„კონსერვატიული მოძრაობა“ საქართველოს მასშტაბით 77 ოფისის გახსნას აანონსებს. მას შემდეგ, რაც ოფისების გაუხსნელად დახურვა მოუწიათ ხულოსა და შუახევში, სამი ახალი ოფისი გახსნეს საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში.

პარტია 2021 წლის 20 ნოემბერს დაფუძნდა და ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.

მოძრაობის გაცხადებული მიზანი საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნაა. მისი ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ იქნებიან რუსეთის მოკავშირეები, მასთან პირდაპირი, უპირობო დიალოგისა და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირების გზით.

რუსეთსა და საქართველოს მეგობარ უკრაინას შორის ომი მე-16 დღეა მიმდინარეობს. ჰუმანიტარული დახმარება მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გროვდება და პერმანენტულად იგზავნება უკრაინაში.

ნინო ბაიდაური

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი/ფოტოგრაფი. პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია. აშუქებს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სოციალურ თემებს, ამზადებს ფოტორეპორტაჟებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში