საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას - ღარიბაშვილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:30 - 24 ოქტომბერი 2021 hits 5315

„მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებაზე კომენტარისას, რომელმაც დღეს თქვა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ნოემბერში უნდა გადაწყდეს.

„მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ 2 მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც 3 თვეში. მე ვფიქრობ, ეს საკმაოდ ეფექტური შედეგია. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკაში, არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია. ეს არის დეზინფორმაცია. ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„სოფლებში რომ დავდივართ გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.

ერთი მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება.

რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი აქამდე? ყველაფერს თავის დრო და ფაზები აქვს განვითარების. მოგეხსენებათ, სავალდებულო აცრა რთულად გადასაწყვეტი საკითხია და ძირითადად აცრების დიდ კამპანიებში ეყრდნობა პირველ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას და ნებაყოფლობითობას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყანას მოუწია ამ სავალდებულობის პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმების შემოტანა. ზოგისთვის ეს იყო მაშინ, როცა მიაღწიეს მოსახლეობის 40 %-ის ვაქცინაციას, დასავლეთის ქვეყნებში როცა მიაღწიეს 50-55 %, ჩვენთან კი როგორც ჩანს ეს ზღვარი არის 35-37 % ფარგლებში. ნებაყოფლობითობით მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გაგვიჭირდება“,- განაცხადა დღეს ამირან გამყრელიძემ.

23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 943 743 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 022 128 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.0 %. სრულად ვაქცინირებულია 921 000 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.2%.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა, კორონავირუსით გარდაიცვალა 43 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 742 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა - 87, იმერეთი - 729, ქვემო ქართლი - 221, შიდა ქართლი - 195, გურია - 98, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი - 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

რეგისტრირებული მონაცემებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 51 511 ადამიანი, საიდანაც: 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მძიმე პაციენტია 1 490 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში