საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყველა რესურსით ბეტონის ბახმაროს წინააღმდეგი ვიქნები - ნინო ქათამაძე „ორბი ჯგუფს“ აფრთხილებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:53 - 08 თებერვალი 2020 hits 54823

მომღერალი ნინო ქათამაძე დეველოპერული კომპანია „ორბი ჯგუფს“ აფრთხილებს, რომ ყველა რესურსით შეუშლის ხელს, რათა ბახმაროში გაურკვეველი მასშტაბის მშენებლობამ და ბეტონის ქაოსმა კურორტი სამუდამოდ არ გაანადგუროს და უნიკალურობა არ დაუკარგოს.

„მთელი დღე ვფიქრობდი, როგორ გამეცა პასუხი იმ თავხედობისთვის, როდესაც საკუთარი აზრის გამოხატვის გამო „დიდი კომპანიის“ დიდებული „პიარ ტექნოლოგი“, ან „მასების ფსიქოლოგი“ მირეკავს და პასუხს მთხოვს საკუთარი აზრის გამო, რომსამწუხაროა, თუ „ორბი ჯგუფის“ მშენებლობა ბახმაროს მოსპობს!

დიახ, მე, ნინო ქათამაძე, ვფიქრობ, რომ ბახმაროში გაურკვეველი მასშტაბის მშენებლობა და ბეტონის ქაოსი გამოიწვევს მის სამუდამო განადგურებას და ბახმარო თავის უნიკალურობას დაკარგავს.

ვინც ერთხელ მაინც ასულხართ ბახმაროში, წარმოიდგინეთ იმ ვიწრო და ულამაზეს გზაზე მოძრავი სატვირთოები საკურორტო სეზონზე, ეს ოთხსეზონიანს კი არ გახდის ბახმაროს, იმ ერთ სეზონსაც წაართმევს თბილ და კეთილ ადამიანებს, რომელთა მოლოდინი წლიდან წლამდე უსაზღვროა. მათთვის მცირედ შემოსავალზე მეტად მნიშვნელოვანი დღესასწაულის ხარისხში აყვანილი შეხვედრაა, პირველი შეხვედრისას რომ გაისმის „მრავალ ბახმარობას დაესწარი“! მე მინდა, რომ მუდმივად ეს ტექსტი ისმოდეს სადღესასწაულო განწყობით, თბილად, გურულ-აჭარულად და არა გაურკვევლად გილოცავთ „ორბობას“, ბეტონობას, უჰაერობას ზღვის დონიდან 2050 მეტრზე!

როდესაც საუბარია მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორების ჯგუფზე, ვინც ახალი ბახმაროს გალამაზება უნდა შემოგვთავაზოს, დაიდოს თითოეულის სახელი და გვარი, იმ ბახმაროს მსგავსი მთის კურორტების პროექტები და ჩამონათვალი, რომელიც მათ გაალამაზეს და აჩუქეს მსოფლიოს!

ვიდრე მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტორებს დაუწყებდით ძებნას, მოგენახათ ის ადამიანები და შეიძლება ითქვას ბახმაროს ექსპერტები, რომელთაც საკუთარი შრომით, გამძლეობით, ამტანობით და ბევრი ფიზიკური ტკივილის ფასად არ დათმეს ბახმარო ბნელ 90-იან წლებში, არ მიატოვეს გასანადგურებლად.

მათ ზუსტად იციან, როგორი უნდა იყოს მომავლის ბახმარო. სწორედ მათ იციან რა შეიძლება და რა არა ბახმაროში! განვითარების და უკეთესის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფივლვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ორბს გპირდებით, რომ ყველა ჩემი რესურსით წინააღმდეგი ვიქნები ბეტონის ბახმაროს! თუ გაგვაცნობთ ზუსტ კონცეფციას, გაითვალისწინებთ თითოეული ბახმაროელის აზრს, არ წაართმევთ ამ კურორტს მომავალს და განავითარებთ ბეტონის გარეშე, მე მხოლოდ თანადგომას გამოგიცხადებთ!

არ გაბედოს არცერთმა „კეთილისმსურველმა ორბელმა“ ჩემთან დარეკვა და კითხვების დასმა, ყველაფერი გარკვევით დავწერე ზემოთ“, - წერს ნინო ქათამაძე ფეისბუკში პირად გვერდზე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კომპანია „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად 2019 წლის 15 მაისს გადაეცა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია.

განკარგულების თანახმად, კომპანიამ არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში „ორბი ჯგუფს“ ამ მიწის ნაკვეთებზე, ან მათ ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება ევალება, რაც მოიცავს არანაკლებ 120-ნომრიან სასტუმროებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედნებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადაში „ორბი ჯგუფისთვის“ გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს.

გასული წლის მარტში კურორტ ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსიც მიენიჭა.

„ორბი ჯგუფი ბახმარო“ 2018 წლის 27 დეკემბერს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100 % წილის მესაკუთრე ზვიად ზოიძეა.

ირაკლი კვერღელიძის განცხადებით, ბახმაროს უნიკალური კურორტი თავისი განსაკუთრებული სამკურნალო და საკურორტო თვისებებით დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ დღემდე რჩება ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ და დასასვენებლად მოუხერხებელ ადგილად. მიუხედავად მრავალი დაპირებისა და მცდელობისა, მასში რაიმე მნიშვნელოვანი ინვესტიცია დღემდე არ განხორციელებულა. ამჯერად კი, სახეზეა სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა. „ორბი ჯგუფი“ პირველი კომპანიაა, რომელიც ბახმაროში თანამედროვე სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

„სახელმწიფოს და ჩვენი მიზანია, ბახმარო ოთხსეზონიან კურორტად გადაიქცეს, შეიქმნას თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და სერვისი, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიზიდოთ.

ჩვენი საინვესტიციო პროექტის მიხედვით აშენდება სასტუმრო კომპლექსი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული მოედნები, რესტორნები, კაფეები; სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები, მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ღია და დახურული აუზები, პარკინგი, და ა.შ. ეს კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად მოემსახუროს 300 000-ზე მეტ ტურისტს, რაც 20-ჯერ მეტია დღეს არსებულთან შედარებით და ამ მხრივ უნიკალური მოვლენაა არა მარტო ბახმაროსათვის, არამედ გურიისთვისაც. ეს იქნება უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიზიდავს მაღალბიუჯეტიან ტურისტებს, რაც გურიის ეკონომიკისთვის მძლავრი სტიმული იქნება. იგი სოლიდურ შემოსავლებს მისცემს როგორც ბიუჯეტს, ისე მოსახლეობას. სტაბილურად დასაქმდება ათასობით ადამიანი“.

მისივე თქმით, სავალდებულო ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 50 მილიონი ლარია, მაგრამ კომპანია აღნიშნულ პროექტში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის დაბანდებას გეგმავს, სასტუმრო ნომრების ფონდი კი 120-დან 800 ნომრამდე გაიზრდება. მშენებლობის დაწყებას კომპანია წელს გეგმავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში