საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება

21:15 - 14 აგვისტო 2019 hits 1207

ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით და ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტებია. მე მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი, ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. მეორე - რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაციაზე.

ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტი ორზოლიანი, 23 კილომეტრი სიგრძის გზის და 15 მეტრის სიგანის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. გვირაბი სოფელ წკერესთან დაიწყება, უღელტეხილის ქვეშ გაივლის და სოფელ კობთან დასრულდება. დაგეგმილია ასევე 6 ხიდის და 5 სხვა გვირაბის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ, 35 კმ-იანი გზა 12 კმ-ით შემცირდება. ქვეშეთიდან კობში მოხვედრას, ერთი საათის ნაცვლად, 20 წუთი დასჭირდება.

ქვეშეთი-კობის გზა ამჟამად ზღვის დონიდან 2388 მეტრზე მდებარე ჯვრის უღელტეხილზე გადის და რუსეთ-საქართველოს შორის, სატრანზიტო, სახმელეთო მიმოსვლის მთავარი მაგისტრალია. ამ გზით სარგებლობენ მეზობელი ქვეყნების, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც. ცუდი ამინდის დროს, ყაზბეგისკენ მიმავალი გზა, ხშირად რამდენიმე დღით, ზოგჯერ კვირითაც იკეტება.

ახალი გზის პროექტის ავტორების თქმით, ალტერნატიული მაგისტრალის მშენებლობის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ ხადის ხეობის გავლით, სატრანზიტო მიმოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

პროექტის მთლიანი ღირებულება 558,6 მილიონი აშშ დოლარია. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 415 მილიონი დოლარი უკვე გამოყო. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 60 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს გამოყოფს, 83 მილიონ დოლარს კი საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.   

მიზნები და რისკები

ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად მიზნებს შორის პრემიერ-მინისტრმა სატრანზიტო პოტენციალის ათვისებასა და კომფორტულ გადაადგილებასთან ერთად,  სიღარიბის დაძლევაც დაასახელა: „ეს არის ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ სიღარიბეს, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის.

რას მოუტანს კობი-გუდაურის ახალი გზა მოსახლეობას? გზის მშენებლობის მომხრეები იმედოვნებენ, რომ პროექტი ხადის ხეობას გააცოცხლებს. მოწინააღმდეგეებს კი მიაჩნიათ, რომ ახალი გზის მშენებლობა ეკოტურიზმის განვითარებას შეაფერხებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც საფრთხეს შეუქმნის, რამდენადაც ხადის ხეობაში ათობით ისტორიული ძეგლია.

ხადის ხეობის მცხოვრებთა ნაწილის იმედს, რომ ახალი გზა ხეობას გააცოცხლებს, პროექტი სავარაუდოდ, ნაკლებად გაამართლებს - როგორც ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ კვლევაშია აღნიშნული, პროექტის მიხედვით, ხადის ხეობაში არსებული გზის მხოლოდ ის ნაწილები განახლდება, რომლებსაც ახალი გზის პროექტი დაფარავს. რამდენიმე მონაკვეთზე კი მხოლოდ „ნავარაუდევია ადგილობრივი გზის მიყვანა“.

„მწვანე ალტერნატივა“ სხვა საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პროექტი მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს გარემოსა და ბიომრავალფეროვნებაზე. გარდა ამისა, კვლევაში ნათქვამია, რომ პროექტის შემადგენელი გვირაბის ზოგი ნაწილი გაივლის მიწის ზედაპირიდან 800 მეტრის ქვემოთ, რასაც გეოლოგები კრიტიკულად აფასებენ, რადგან ხეობაში 3 ძლიერი ვულკანი მოქმედებდა: საკოხე, საძილე და მილიონა. სპეციალისტების აზრით, დიდ სიღრმეზე პროექტის განხორციელებამ შეიძლება მაგნური პროცესების აქტიურ ზონაზე მიგვიყვანოს.

ანგარიშში საუბარია ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლო ზარალის მიყენების თაობაზეც და აღნიშნულია, რომ პროექტში არ არის გათვალისწინებული, რა გაკეთდება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც პროექტის განხორციელების შედეგად სასოფლო-სამეურნეო მიწას დაკარგავენ. ასეთი 158 ოჯახიდან კი 22-სთვის მიწა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 

„მწვანე ალტერნატივა“ მოსახლეობის იმ წუხილზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პროექტის შესაძლო პოლიტიკურ რისკს ეხება, რადგან ადგილობრივების აზრით, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე სამხედრო ტრანსპორტის გადაადგილება გაადვილდება და ახალი გზა იმ კოშკებთანაც ახლოს გაივლის, რომელსაც ოსები ქართულ მხარეს ედავებიან. ეს ფაქტი საყურადღებოა, რადგან 2019 წლის თებერვალში სამხრეთ ოსეთის არაღიარებულმა რესპუბლიკამ კობის ქვაბულისა და თრუსოს ხეობის შესახებ განაცხადა, რომ ისინი აღმოსავლეთ ოსეთის ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, - აღნიშნულია კვლევაში. 

პროექტის თავდაპირველი ვერსიით, მაგისტრალის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ჩაშლილი ტენდერის გამო სამშენებლო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის ბოლოსთვის გადაიდო. გადაიწია სამუშაოების დასრულების ვადამაც და ამჟამინდელი გეგმით, მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში