საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კანონით დაცული, სქემით გაყიდული - ქართული მიწა უცხოელთა ახალი დასახლებებისთვის

00:01 - 29 ნოემბერი 2026 hits 177

„ქართული მიწა ქართველებს!“ - „ქართული ოცნების“ პოპულისტურმა კამპანიამ, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებამ, ამოწურვად რესურსად გამოცხადებამ და გაყიდვის საკონსტიტუციო დონეზე აკრძალვამ, როგორც ჩანს, ჩაილურის წყალი დალია.

საგარეჯოს სოფელ დიდ ჩაილურში 120 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ეგვიპტისა და საუდის არაბეთის ორ მოქალაქეს, მაჰმოუდ სამი ბადავი მოჰამედს და ალნეამ მ. ჰასან აჰმედს აქვთ ნაყიდი.

მიწები 2021 წელს არის გაყიდული, როცა საქართველოში კოვიდის პანდემიის გამო ათასობით ადამიანი კვდებოდა, კომენდანტის საათი და სხვა მრავალი შეზღუდვა მოქმედებდა.

ახლა ეს 12 ჰექტარი 173 სამოსახლო ნაკვეთად არის დაყოფილი და დასახლების მშენებლობისთვისაა მომზადებული.

ამ ტერიტორიას, რომელიც დიდ ჩაილურსა და მანავს შორის მდებარე მთასა და მთისძირს მოიცავს, ადგილობრივები საძოვრად იყენებდნენ და სტატუსიც ასეთი ჰქონდა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გაყიდვას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს, ამიტომაც მიწას ჯერ სტატუსი შეუცვალეს.

ჩაილურის მოსახლეობა გვიყვება, რომ ქართველ ბიზნესმენს, რომელსაც მათ სოფელთან ღვინის საწარმო უნდა აეშენებინა და მიწა ამ სარჩულით შეიძინა, სოფელმა თანხმობა ხელმოწერებით დაუდასტურა. ეგვიპტელების დამეზობლების ამბავი მხოლოდ მაშინ გაცხადდა, როდესაც ყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწა პატარ-პატარა ნაკვეთებად უკვე დაყოფილი და ნაწილობრივ გაყიდულიც დახვდათ, ადგილზე კი ახალი დასახლების მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო.

ახალი სამეზობლო ეყოლებათ კახეთის კიდევ ერთ სოფელში, ჩალაუბანში. 200 ათასამდე კვადრატული მეტრი მიწა 100-ზე მეტ სამოსახლო ნაკვეთადაა დაყოფილი, რაც 100-ზე მეტი სახლის აშენების გეგმაზე მიუთითებს.

ეს ტერიტორია 2022 წელს დაფუძნებულ შპს „შინ დეველოპმენტს“ ეკუთვნის. კომპანია საქართველოს მოქალაქე მარიამ ტყემელაძემ დააფუძნა, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში კი წილი სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, ეგვიპტის მოქალაქეს, აშრაფ ვალაა ემბაბი აბდელმკსოუდს გადაუფორმა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მიწების უცხოელებზე რეგისტრაციაც სწორედ ამ პერიოდიდან იწყება.

ნაკვეთების ნაწილი უკვე გაყიდულია. ამონაწერების მიხედვით, მყიდველები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისი-ბაკურციხის გზისა და ბარჯისხევის ტყის პირას ნაკვეთები ეკუთვნით ეგვიპტის მოქალაქეებს - მოჰამედ ავად აჰმედ ჰასსან ელეგირს, აჰმედ მოჰამედ იბრაჰიმ მაჰმოუდ მოუსსას, სანა ბჰიჯეს და სხვებს.

ეგვიპტელებს ჩალაუბნის მიმართ გაცხოველებული ინტერესი გამოუჩენიათ და, რაც უკვე გაჩვენეთ, იმ 20 ჰექტრის გარდა, სხვა მოზრდილი ნაკვეთებიც შეუძენიათ. ყიდვა-გაყიდვა და საკუთრებად გაფორმება აქაც 2021 წელს მოხდა.

ეს არ არის ცალკეული შემთხვევები - საქმე გვაქვს აწყობილ სამართლებრივ სქემასთან. ჯერ საქართველოს მოქალაქე, ხშირად იურისტი ან ნომინალური პირი აფუძნებს შპს-ს და უმეტესად ყიდულობს სასოფლო მიწას. შემდეგ კომპანიის წილი უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად, მაგალითად, ათას ლარად, გადადის უცხოელზე. ბოლოს კი მიწას ეცვლება სტატუსი, ხდება არასასოფლო-სამეურნეო, იყოფა მცირე საკარმიდამო ნაკვეთებად და უპრობლემოდ იყიდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

მარტივად რომ ვთქვათ: სასოფლო-სამეურნეო მიწა კანონით დაცული რესურსია, რომლის გაყიდვაც უცხოელებზე შეზღუდულია. მაგრამ როგორც კი მიწას არასასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭება, ის უკვე ჩვეულებრივ საბაზრო ობიექტად - საკარმიდამო ან სამშენებლო ნაკვეთად იქცევა, რომლის დაყოფაც და უცხოელზე მიყიდვაც აღარ იკრძალება.

„ქართული ოცნება“ ქართული მიწის გასხვისებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე პრინციპულ საკითხად აცხადებდა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან.

2013 წელს მათ პირველი მორატორიუმი გამოაცხადეს, ამას მოჰყვა მეორეც და, საბოლოოდ, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების გაყიდვა კონსტიტუციის დონეზე აიკრძალა.

„უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი, ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში.

ეს არ არის პოპულისტური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე მე ვამბობ იმას, რომ მხოლოდ საყოველთაო-სახალხო განხილვა ვერ გახდებოდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ძალიან სიღრმისეული მსჯელობა როგორც სტრატეგიულ ინტერესებზე, ასევე, ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებზე.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საფუძველი იყო საყოველთაო-სახალხო განხილვაც, ბუნებრივია. ჩვენ დავინახეთ, რომ განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვს საქართველოს საზოგადოებას, მოსახლეობას ამ საკითხის მიმართ და ბუნებრივია, ესეც იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი ამ გადაწყვეტილების მისაღებად.

კონსტიტუციის ახალი ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე და დაცული იქნება ჩვენი ეროვნული სტრატეგიული ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2017 წლის ივნისში.

გამონაკლისების დაშვების ექსკლუზიური უფლება სახელმწიფომ დაიტოვა. და, როგორც ჩანს, დატოვა უამრავი ხვრელი კანონში, ანუ როგორ ვაქციოთ სასოფლო მიწა საკარმიდამოდ. სხვას რას დავაბრალოთ მთელი საქართველოს რუკაზე მოფენილი უცხოელების კადასტრი? თუ ადრე ეს ამბავი მოსახლეობისთვის „სენსიტიურ და ემოციურ თემად“ მიაჩნდათ, „ქვეყნისთვის სტრატეგიულ საკითხად“, „განსაკუთრებულ“, „ამოწურვად“ და, შესაბამისად, გასაფრთხილებელ რესურსად, დღეს რა ღმერთი გაუწყრათ?!

მიწების გასხვისების საკითხს ამ დღეებში ამბიონებიდან სასულიერო პირებიც გამოეხმაურნენ. რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა პატრიარქის გაფრთხილებები და დემოგრაფიული საფრთხეები გაიხსენა:

„სწორედ ამ ხელისუფლების დროს მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელზედაც მისი უწმინდესობა, ცხონებული ილია მეორე ამბიონიდან ამბობდა, რომ არ შეიძლება უკანონობის კანონად დაკანონება, არ შეიძლება. ისევ მისი მოწოდება იყო, რომ არ შეიძლება მიწების გაყიდვა.

არც მეფეს, არც ხელისუფალს, არც პატრიარქს არ შეიძლება, არა აქვს უფლება, რომ ქართული მიწები გაყიდოს. იყიდება ეს მიწები და, ესე იგი, აი, ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება.

კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ რაღაც-რაღაცებზე ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და, სამაგიეროდ, სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. შევეხოთ დემოგრაფიულ საკითხებს. რა ხდება საქართველოში? სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა კი ყურადღება ქვემო ქართლში, სოფელ თამარისის მიწებზე გაამახვილა:

„სოფელ თამარისში ეს მიწა, რომელიც ჩვენი სისხლით, ჩვენი წინაპართა სისხლით არის მორწყული და აი, ახლა ნახეთ, რა ხდება ჩვენთან. შეხედეთ ამას, თამარისში, ტაძრიდან 300 მეტრის მანძილზე, ირგვლივ, მიმდებარედ გაყიდული არის არაბებზე, ეგვიპტელებზე და დაყოფილია სულ 600 კვადრატულებად, ჯამში შეადგენს 20 000 კვადრატულ მეტრს.

ახლა მე გეტყვით, რას გავაკეთებ ჩემს ეპარქიაში, რომლის პასუხისმგებლობა ღვთისა და ჩემი მამულის, წინაპართა წინაშე გამაჩნია. როგორ დავიცავ ღვთის შეწევნით ამ მიწა-წყალს, სადაც უცხოტომელები, თან არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე აქვთ გადაყვანილი, 600 კვადრატი იმას ნიშნავს, რომ, ესე იგი, ჩამოსახლებას აპირებენ. მე იქ აღვმართავ ჯვარს საზეიმოდ და მე გპირდებით, რომ, ღვთის შეწევნით, სისხლის ფასად დავიცავ იქაურობას და ვერავინ ვერ შემოადგამს იქ ფეხს.

მე გამიხარდა, 2017 წელს სახელმწიფომ მიიღო ასეთი კანონი, რომ აიკრძალა უცხოელებზე, უცხოტომელებზე მიწა-წყლის გაყიდვა. მაგრამ, ესე იგი, მოიძებნა მაინც ხვრელი. ჯერ სასოფლო-სამეურნეო სტატუსით ვიღაც ყიდულობს, მერე გადაჰყავს, პოულობს ხვრელს, არასასოფლოში გადაჰყავს და ისევ ყიდულობენ, ისევ მათ ხელში აღმოჩნდა.

ეს არ იცის სახელმწიფომ? რას მიკეთებენ მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები? ამაზე დიდი საფრთხე რა უნდა დაემუქროს ჩვენ ქვეყანას? მაგრამ ეს ხო ვიღაცის ჯიბეებში წავიდა, ვიღაცა ჩინოვნიკების. ვიღაცამ ხომ მამული გაგვიყიდა? ამ ყველაფერზე ჩვენ რომ ხმას ვიღებთ, ამიტომ ვართ ჩვენ რევოლუციონერები, ამიტომ ვართ ჩვენ შეთქმულები, ამიტომ რაღაც თეორიები, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მე მესმის?“

კახეთისა და ქვემო ქართლის შემდეგ, ვნახოთ, რა ხდება მცხეთა-მთიანეთში. ბაზალეთში ჩასულებს საკადასტრო რუკა აღარც დაგვჭირვებია - იქ ახალი დასახლება უკვე თითქმის აშენებული დაგვხვდა.

სოფელ ჩანადირთკარში 60 ათას კვადრატულ მეტრამდე (ანუ 6 ჰექტარი) შპს „ვისტა გრუპს“ ეკუთვნის. სქემა აქაც იდენტურია: კომპანია საქართველოს მოქალაქემ, ადვოკატმა ირინა ხათაშვილმა დააფუძნა და მალევე 50-პროცენტიანი წილი უსასყიდლოდ საუდის არაბეთის მოქალაქეს, ალჰაჯრი ფალეჰ მუნიირ ა.-ს გადასცა. ტერიტორიას სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსი 2021 წლიდან მოეხსნა, რითაც უცხოელებზე გაყიდვის შეზღუდვაც გაუქმდა. 15 სახლი უკვე აშენებულია, საკადასტრო მონაცემებით კი, 100-ზე მეტი სახლის მშენებლობაა დაგეგმილი. ერთი საცხოვრებელი სახლი უკვე გაყიდულია და მისი მესაკუთრე ჰამიდ გადირია.

ჩანადირთკართან ახლოს, სოფელ ლაზვიანში, 40 ათასი კვადრატული მეტრი (4 ჰექტარი) ლიბანის მოქალაქეებს - ჯეორჯეს ზიადესა და ფილიპ რიაჩის აქვთ ნაყიდი და გაყოფილი. აქ 32 სახლის აშენება იგეგმება.

ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ბაზალეთის ტბასთან, რადიოსადგურის დასახლებაში ხდება. დუშეთის რაიონში, 2 მილიონ კვადრატულ მეტრამდე - ანუ თითქმის 200 ჰექტარი ტერიტორია 850-ზე მეტ ნაკვეთად არის დაყოფილი. ამ მიწების ყველაზე მსხვილი მესაკუთრე ეგვიპტის მოქალაქე ამრ აბდელგანია, მისი კუთვნილი კომპანიის, „იორკ ჰოლდინგ გრუპის“ მეშვეობით.

ნაკვეთების ნაწილი უკვე ინდივიდუალურად აქვთ ნაყიდი ეგვიპტის მოქალაქეებს: მაგალითად, ალოვაის ჯალალ მოჰამედი 7 600 კვადრატულ მეტრზე მეტს ფლობს; ალ ბარა ა. ჰამადას 1 800 კვადრატულ მეტრზე მეტი აქვს გაფორმებული, საბაჰ ხუდჰაირ აია ბანი რიკაბს - 1 700 კვადრატულ მეტრზე მეტი და ასე შემდეგ.

„სასმელი წყლის დეფიციტი გვაქვს ისედაც ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, საიდან უნდა მივაწოდოთ წყალი? კანალიზაციის საჭიროებას როგორ ვაგვარებთ? არაგვში ჩადის კანალიზაცია, იქიდან კი ჟინვალის წყალსაცავში. სხვა ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწყობაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. მიწის ფასსაც გაზრდის ეს და ხელმისაწვდომობა აღარ ექნებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს. ჩვენ ღარიბი ხალხის ღარიბი მუნიციპალიტეტი ვართ. ჩვენი კულტურული, ტრადიციული ზნე-ჩვეულებებისაგან განსხვავებული ხალხი შემოდის. ეს შეიძლება გახდეს უკმაყოფილებისა და დაპირისპირების, ადგილზე კონფლიქტის მიზეზი, თან თუ არათანაბარ შესაძლებლობებს მოგვცემს, მით უმეტეს“, - ამბობს ლია როინიშვილი, დუშეთის საკრებულოს წევრი.

„ამ მიწის თხრა რომ დაიწყეს - ნაკვეთებში გზებს აკეთებდნენ, აღარ გვიშვებდნენ შიგნით. ცოტა ხანი მაინც გვაცალეთ, ვიდრე ხალხს დაასახლებთ, მანამდე მაინც ვაძოვებთ-მეთქი საქონელს და არა, აქ აღარ შემოიყვანოთო. 850 ოჯახი რომ აქ დაასახლონ, ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ, არა?! ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ, ძროხას ვეღარ ვიყოლიებთ.

დასახლდნენ, დასახლდნენ, მერე რა მოხდება? შეხლა-შემოხლა, უბედურება... ხომ უნდა ჰკითხონ ხალხს?!“, - გვეუბნება 68 წლის მწყემსი ბაზალეთიდან.

კასპის სოფელ წინარეხშიც - 144 ათასი კვადრატული მეტრი, მთელი 14 ჰექტარი ნაყიდი აქვს ეგვიპტის მოქალაქეს, აჰმედ ალი ჰუსეინ ელსაკას.

ეს ერთეული შემთხვევები არ არის, საკმაოდ ყურადსაღები ვითარებაა. „ქართული ოცნება“, რომელიც 14 წელია არარსებული საფრთხობელების გამოგონებითა და შიშების დათესვით არის დაკავებული, ყოველ კრიტიკულ შენიშვნაზე ქსენოფობებს გვეძახის. ჩვენს სტუმართან ერთად გვინდა გავარკვიოთ, რა საფუძველი აქვს საქართველოს მოქალაქეების შიშსა და შეშფოთებას, როდესაც აღმოაჩენენ, რომ მათი სოფლის გვერდით უფრო დიდი ახალი სოფელი შენდება უცხოელებისთვის, დედაქალაქის გვერდით კიდევ ერთი ქალაქი შენდება და ასე შემდეგ. სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ვთხოვეთ ამ თემაზე მოსაზრების გამოთქმა:

„უცხოელებზე მიწების გაყიდვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ჩნდება ახალი დასახლებები, ანუ საქართველოში შემოდიან დიდი რაოდენობით უცხოელები, რომლებიც აქ სახლდებიან და თავის, ასე ვთქვათ, სუბკულტურას აძლიერებენ. ეს აღელვებს საქართველოს მოსახლეობას იმიტომ, რომ უცხოელების შემოსვლა ნიშნავს, ასე ვთქვათ, ქართველების სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას. დიახ, გაუარესებას! ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ვგულისხმობ იმას, რომ უცხოელები როცა სახლდებიან, ისინი ასევე საქმდებიან საქართველოში, ხომ? ეს პირდაპირ ურტყამს, ასე ვთქვათ, უმუშევრობის პრობლემას, რომელიც სოციალურ პრობლემებს შორის პირველ ხუთეულშია ბოლო 20 თუ 30 წლის მანძილზე. უმუშევრობის პრობლემის გამწვავება, თავის მხრივ, დაკავშირებულია შემოსავლების კლებასთან. ნაკლები სამუშაო ადგილი ნიშნავს ნაკლებ შემოსავლებს და უფრო გაზრდილ სიღარიბეს. ნეგატიური სოციალური ფონი უცხოელების შემოსვლასთან, დასახლებასთან, არ უკავშირდება მხოლოდ, ვთქვათ, არაბებს. უკავშირდება რუსებს, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აქ შემოდის და იკავებს სამუშაო ადგილებს.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის დემოგრაფიული ვითარების გაუარესება. საქართველოს მოსახლეობა მცირდება. პირველი, ეს არის გაზრდილი ემიგრაცია. ე.წ. შობადობის სალდო არის ნეგატიური, ანუ უფრო მეტი გარდაცვალება გვაქვს, ვიდრე დაბადება. გასულ წელს კრიტიკული მაჩვენებელი გვქონდა ამ მიმართულებით. შესაბამისად, უცხოელების შემოსვლა დემოგრაფიული კრიზისის გაღრმავებასთანაც არი დაკავშირებული - საქართველო იცლება ქართველებისგან და ქართველების ადგილს იკავებენ უცხოელები.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კულტურული ფაქტორიც. ეს განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით. ასე ვთქვათ, არაბული დასახლება შენდება ისტორიულ ტერიტორიაზე, ხომ? კრწანისის ტყე-პარკში. კრწანისი ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული, მტკივნეული ადგილია. მოგეხსენებათ, კრწანისის ბრძოლაში ერეკლე მეორე დამარცხდა და სწორედ ამ ბრძოლის შედეგი იყო თბილისის აოხრება აღა-მაჰმად-ხანის მიერ. ამავე დროს, ის ქართველების სამაგალითო თავგანწირვის ადგილია, როდესაც ქართველების გმირობაზე სურთ ხაზგასმა, კრწანისის ომი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ქართველების აღქმაში ასეა, რომ ის, რაც მტერმა კრწანისის ბრძოლაში ძალით წაგვართვა, ახლა საქართველოს ხელისუფლება ამას საკუთარი ნებით ძღვნად აძლევს უცხოელებს. კულტურულ-სიმბოლური შეუსაბამობა ისტორიულ მიწაზე არაბების ნებაყოფლობითი შემოსვლით აუცილებლად გასათვალისწინებელია და ესეც კვებავს ნეგატიურ განწყობებს.

თან, უცხოელების საქართველოში შემოსვლის და დამკვიდრების პროექტებით სარგებელს, მატერიალური სარგებლის ჩათვლით, არ იღებს რიგითი ქართველი. ამას იღებს, პირველ რიგში, პოლიტიკური და ბიზნესელიტა, რომელიც რამდენიმე პროცენტია საქართველოს მოსახლეობის, ცოტა ხომ?!

შესაბამისად, სიკეთეები, რომლებიც ამ პროექტს ან სხვა პროექტებს ახლავს, არ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებს, ანუ საშუალოსტატისტიკურ ქართველს. ეს ხელს უწყობს და აღრმავებს იმ სოციალურ უთანასწორობას, რომელიც საქართველოში წლიდან წლამდე ღრმავდება, მდიდრები კიდევ უფრო მეტად მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები უფრო მეტად ღარიბდებიან.

ეფექტი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა უკავშირებს უცხოელების შემოსვლას საქართველოში, არის ნეგატიური“.

მხოლოდ ამ პოდკასტში მოყვანილი ფაქტები საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონში ასობით ჰექტარ მიწას ეხება - აღარაფერს ვამბობთ არაბი ინვესტორისთვის კრწანისსა და გონიოში ნაჩუქარ პრემიუმ მიწებზე. სულ რამხელა ტერიტორიაზეა საუბარი ქვეყნის მასშტაბით, სულ რამდენი მიწა აქვთ ნაყიდი უცხოელებს საქართველოში - საჯარო რეესტრი და სახელმწიფო უწყებები ამ ერთიან სტატისტიკას არ აქვეყნებენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს „საქართველოს ამბები“.

თავში