ამ პოდკასტში მოგიყვებით, ვინ მართავს ფაქტობრივად ტყიბულსა და ჭიათურას. ვინ არის ღარიბი ქალაქების მდიდარი ბატონ-პატრონი, რუსი მიხაილ სოცკი.
მისი სახელი მედიაში აქტიურად მას შემდეგ გაისმა, რაც „სიემსი ჯგუფს“ (ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი), შესაბამისად, ჭიათურაში მანგანუმის წარმოებას ჩაუდგა სათავეში და სამსახურიდან 2000 მაღაროელი დაითხოვა. ეს ამბები მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ერთი იმიტომ, რომ ტოტალური წმენდა მოაწყო და მეორე იმის გამოც, რომ ჭიათურელებს წინ ტყიბულის მაგალითი ჰქონდათ.
რუსი ბიზნესმენი პირველად სწორედ ტყიბულში გაბატონდა. 2022 წლიდან ის „საქნახშირის“ ხელმძღვანელია. რა ქონებას ფლობენ და რა სახის ბიზნესს ატრიალებენ სოცკები ტყიბულში, ამის გასარკვევად ადგილზეც ჩავედით.
„ვაშე ბლაგაროდიე“, როგორც სოცკის ზემო იმერლები ირონიულად მოიხსენიებენ, ოჯახთან ერთად ახალსოფელში ცხოვრობს: „პირდაპირ წახვალ და კარგი ღობე რომ იწყება, ის არისო“, - ასე მიგვასწავლეს სოცკის სასახლე სოფელში. მისი უზარმაზარი ვილა და მამულები მართლაც ადვილი მისაგნები იყო, ყველა დანარჩენი შენობისგან გამორჩეული, ძვირფასი ძაღლებით გალავნის შიგნით და ღარიბი მეზობლებით - გარშემო. სასახლე ტყიბულის წყალსაცავს გადაჰყურებს.
ვინ არის მიხაილ სოცკი? ტყიბულელ მეშახტეებს ის წარუდგინეს როგორც უკრაინელი ინვესტორი. ახლა ჩვენ გვინდა მოგვიყვეთ, როგორი უკრაინელია ის სინამდვილეში.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან ორ წელიწადში, ოკუპირებულ იალტაში, ორი რუსული კომპანია დარეგისტრირდა. მათი დამფუძნებლები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მიხაილ სოცკის ცოლი, ლარისა სოპპა, მოფერებით კატია და მისი ვაჟი, რომან სოცკი იყვნენ. პირველი საწარმო - „ტავრიდა აგროკომი“ სოფლის მეურნეობით, მარცვლეულის წარმოებით იყო დაკავებული, ხოლო მეორე კომპანია - „მორე ტავრიდი“ თევზჭერასა და აკვაკულტურას განაგებდა.
საოკუპაციო რეჟიმის პირობებში დაწყებული ეს ბიზნესები დიდხანს ვერ შენარჩუნდა. რუსეთის საგადასახადო სამსახურმა ერთი კომპანია გააუქმა, როგორც არამოქმედი სუბიექტი, ხოლო მეორე - რეესტრიდან არაზუსტი მონაცემების გამო ამოიღო.
სწორედ 2019 წლიდან იწყება ამ ჯგუფის გადმოსვლა და საქმიანობის გაფართოება საქართველოში, სადაც ლარისა სოპპამ პირველი კომპანია დააფუძნა, რასაც მოგვიანებით ტყიბულისა და ჭიათურის სტრატეგიული ინდუსტრიული აქტივებისა და სახელმწიფო მიწების ხელში ჩაგდება მოჰყვა.
ამასთანავე, რომან სოცკის ბიზნესსაქმიანობა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებითა და საქართველოს ბაზრით არ შემოიფარგლება. რუსეთის ფედერაციაში, დონის როსტოვში 2017 წლის 2 ივნისიდან ფლობს წილს მოქმედ კომპანიაში. იმ საწარმოს საქმიანობაც სოფლის მეურნეობა და მარცვლოვანი კულტურების კულტივაციაა.
საქართველოში დიდი ქონების დაგროვების პარალელურად, სოცკის ოჯახმა, მისმა ვაჟმა საქმიანობა ხელახლა წამოიწყო რუსეთის მიერ ახლად ანექსირებულ უკრაინულ ტერიტორიაზეც.
2024 წლის 11 დეკემბერს, როდესაც უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია ახალ ფაზაში იყო შესული, მან ლუგანსკის ოლქში, დაბა ივანოვკაში დააფუძნა ახალი კომპანია, რომელიც დღემდე აქტიურია რუსული საოკუპაციო რეჟიმის იურისდიქციაში.
უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში საწარმოების დაფუძნება და საოკუპაციო ბიუჯეტში გადასახადების გადახდა სხვა არაფერია, თუ არა მტერთან კოლაბორაცია, რუსული აგრესიის პირდაპირი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა. რამეს ხომ არ ვაჭარბებთ? ამ და სხვა კითხვებზე სიამოვნებით მოვისმენდით მიხაილ სოცკის პასუხებს. მის ოფისთანაც ამ მიზნით ვიყავით, თუმცა კითხვებზე არავინ გვიპასუხა.
ტყიბულის ქვანახშირის ხელში ჩაგდება მხოლოდ პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა. რუსეთის მოქალაქეები - მამა-შვილ მიხაილ და რომან სოცკები, ცოლი - ლარისა სოპპა და პარტნიორი, ნატალია კოროლიოვა ტყიბულის მუნიციპალიტეტში არაერთ უძრავ ქონებას და სახელმწიფო მიწებს დაეპატრონენ.
მიწების ხელში ჩაგდების მთავარი იურიდიული ინსტრუმენტი შპს „კოალ მენეჯმენტია“. სწორედ ამ კომპანიამ გააფორმა საქართველოს სახელმწიფოსთან ნასყიდობის ოფიციალური ხელშეკრულებები. ამ გარიგებების საფუძველზე, მათ ეკუთვნით: ქალაქ ტყიბულში 2 500 კვადრატული მეტრი; ასევე ტყიბულში მდებარე 61 000 კვადრატული მეტრი; ტყიბულში, გორგიძის ქუჩაზე მდებარე ფართობი და შენობა-ნაგებობები; მხოლოდ ლომაძის მოედნის №1-ში შპს „ტრანს ლოგისტიკი“, სოცკების კიდევ ერთი კომპანია, ფლობს 4443 კვადრატულ მეტრ შენობასა და ფართობს. შპს „ტრანს ლოგისტიკი“ ასევე ფლობს ორ ბინას ტყიბულში. შპს „ტრანს ლოგისტიკის“ საკუთრებად ირიცხება ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სოცკების ვილაც. 2500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი სახლი, საცურაო აუზი, დაცვის პოსტი, მარანი, ღობე და ფანჩატური. აღნიშნული ქონება 2024 წლის 28 თებერვლიდან იპოთეკით არის დატვირთული „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ. სოცკები ამუშავებენ კაფე-რესტორნებს ტყიბულში და ასხამენ არაყს, სახელწოდებით „ტყიბულის ნახშირი“.
საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით რუსული კლანის მიერ მართული კომპანიების ჯამური უძრავი ქონება ტყიბულში 71 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება.
ისეთი პატარა დასახლებისთვის, როგორიც ტყიბულია, ეს, ფაქტობრივად, მთელი ქალაქის ფლობას ნიშნავს. პატარა ქალაქებში, მოგეხსენებათ, ხმები ადვილად ვრცელდება. სინამდვილეში ყველამ შესანიშნავად იცის, ვინ არის მიხაილ სოცკი, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს ჰყოფნით გამბედაობა, ამაზე ხმამაღლა ისაუბრონ. ასეთი გამონაკლისია ხვიჩა გაბუნია, მეშახტე 15 წლიანი გამოცდილებით, დინასტიური მეშახტე შეიძლება ითქვას, რამდენადაც მისმა მამამაც მთელი ცხოვრება შახტში გაატარა და იქვე დამარცხდა. ხვიჩა დღეს იძულებით ემიგრაციაშია და საკუთარ თავგადასავალზე და სოცკისთან დამარცხებულ ქალაქ ტყიბულზე გერმანიიდან გვიყვება.
ჩვენი რესპონდენტისგან რადიკალურად განსხვავებულ რეალობას ხატავს „საქნახშირის“ ფეისბუქ-გვერდი ტყიბულის შესახებ - რა ბედნიერად ცხოვრობენ იქ ადამიანები, რამდენი სიხარულით არის სავსე ტყიბულელი მშრომელების ცხოვრება, როგორი ლაღია მათი შვილების ბავშვობა და სხვა. კლიპები მოჩვენებითი რეალობიდან ხშირად შაორის წყალსაცავზეა გადაღებული.
ტყიბულის ქვანახშირის შახტებზე კონტროლის დამყარებისა და ათობით ჰექტარი მიწის შეძენის შემდეგ, სოცკები რაჭის ბუნებრივი რესურსებითაც დაინტერესდნენ. მადნეულიდან აკვაკულტურაზე გადასვლა შემთხვევითი არ ყოფილა - მათ სამიზნედ რაჭის მთავარი წყლის არტერია - შაორის წყალსაცავი და მასთან დაკავშირებული მეთევზეობისა და თევზის გადამუშავების ინდუსტრია იქცა.
ამ სქემის მთავარი იურიდიული ინსტრუმენტი შპს „აკვაკულტურა საქართველოა“. კომპანია 2021 წელს დააფუძნა სოცკის ვაჟმა, რომან სოცკიმ. ამ კომპანიის მეშვეობით რუსი ბიზნესმენი შაორის წყალსაცავის ცენტრალური ოპერატორი გახდა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღში რეგისტრირებული შპს „შაორის ტბა“, რომელიც 2002 წლიდან ფლობს იქ მეთევზეობისა და თევზპროდუქტების წარმოება-გადამუშავების ლიცენზიას, უკვე 3 წელია, სოცკების საკუთრებაში გადავიდა. ამიერიდან ანკესით შაორზე სათევზაოდ წასვლას თუ გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ ის თევზი სოცკის საკუთრებაა. არ გაგიკვირდეთ, თავზე თუ მისი ხალხი დაგადგებათ და ან აგიკრძალავთ ან ფულს მოგთხოვთ ნანადირევში.
მიხაილ სოცკი „საქნახშირის“ ხელმძღვანელად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა. საზოგადოებას ეს ნაბიჯი წარედგინა, როგორც გამოცდილი კრიზის-მენეჯმენტის შერჩევა, რომელსაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტყიბულის შახტები ფინანსურ და ოპერაციულ გაჯანსაღებამდე უნდა მიეყვანა. თუმცა, ოფიციალური ფინანსური მონაცემები სოცკის მენეჯმენტის შედეგიანობას სრულად უარყოფს.
ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, „საქნახშირი“ ქრონიკულად წამგებიანი კომპანია იყო. უკრაინაში ომის დაწყებამდეც, 2020 წელს მან 26 მილიონი ლარი იზარალა, 2021 წელს - 9 მილიონამდე. მნიშვნელოვანია, რომ თავად წარმოება ომის პერიოდში არ შეფერხებულა. ნახშირი იმავე რაოდენობით მოიპოვებოდა და იყიდებოდა, როგორც წინა წლებში. 2021 წელს გაიყიდა 145 ათასი ტონა ნახშირი - ეს იყო თითქმის 26 მილიონი ლარის შემოსავალი; 2022 წელს - 143 ათასი ტონა - თანხაში 26 მილიონ ლარზე მეტი; ხოლო 2023 წელს - 146 ათასი ტონა - 25 მილიონ ლარზე მეტი.
სოცკების ჯგუფის მოსვლის შემდეგ „საქნახშირის“ ფინანსური კრიზისი არათუ გაუმჯობესდა, მკვეთრად გაუარესდა. გამოჩენილი კრიზისმენეჯერის დანიშვნის წელს, 2022-ში საწარმომ წელი თითქმის 9 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, მაგრამ სწორედ ამ წელს, შპს „საქნახშირს“ სახელმწიფომ 16 მილიონი ლარის საგადასახადო ვალდებულებები ჩამოაწერა. ამ ჩამოწერის გარეშე კომპანიის წმინდა ზარალი 9 მილიონის ნაცვლად 20 მილიონ ლარს მიაღწევდა.
კარგი, ვთქვათ სოცკი 2022 წლის მესამე კვარტალში დაინიშნა მხოლოდ და ბევრი ვერაფერი მოასწრო. 2023-ში, მისი მმართველობის პირველსავე სრულ წელს, საწარმომ იგივე რაოდენობის მადანი გაყიდა - 146 ათასი ტონა ნახშირი. საწარმოს ზარალმა კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. „საქნახშირმა“ იმ წელს 31 მილიონ ლარზე მეტი იზარალა.
სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილი არ არის 2024 და 2025 წლების ფინანსური მონაცემები. საერთოდაც, კომპანიის გაუმჭვირვალე ფინანსურ სტრუქტურაზე წლებია მიუთითებენ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები.
ტყიბულის შემდეგ რა ხდება ჭიათურაში - რა ზარალსა თუ მოგებაზე გავიდა „ჯორჯიან მანგანეზი“, სოცკის მოსვლის შემდეგ, ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსი მმართველის გამოჩენისთანავე 2000 მაღაროელი უმუშევარი დარჩა. ქალაქში ხანგრძლივი მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სოცკიმ დუმილის სანაცვლოდ მხოლოდ რამდენიმე ასეული თანამშრომელი დააბრუნა. უმრავლესობას კი არათუ ხელშეკრულება არ გაუგრძელა, სახელფასო დავალიანებაც არ გაუსტუმრა. სწორედ მისი დირექტორობის დროს პროტესტის 4 ლიდერი ციხეში ჩასვეს. მათ წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს ცრუ-მოწმეებმა, რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც სოცკის სამთო-მოპოვებით სამუშაოებზე ექსპერტებად ჰყავს დაქირავებული.
ამ პოდკასტის ბოლო თავში გვინდა მოგიყვეთ სპეცოპერაცია „თრეჟერ კაპიტალზე“, ანუ როგორ გადაირიცხა 49 მილიონი დოლარი ბიძინა ივანიშვილის ფონდში.
2022 წლის 25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს, შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანიმ“ დააფუძნა ახალი შვილობილი საწარმო - „თრეჟერ კაპიტალი“ . აქციების 70%-ს თავად დედა კომპანია ფლობს, ხოლო 30%-ს გიორგი კაპანაძე, იგივე „რიჟა“. დაფუძნებიდან სულ რამდენიმე თვეში, „სტიილ ინტერნეიშენელმა“ თავის ახალშექმნილ შვილობილ კომპანიაზე გასცა უზარმაზარი, 49 მილიონ დოლარზე მეტი სესხი წლიური 6.6%-იანი განაკვეთით. იმავე 2022 წელს, „თრეჟერ კაპიტალმა“ ამ თანხიდან თითქმის მთლიანი რესურსი - ზუსტად 49 მილიონი დოლარი - იმავე 6.6%-იანი განაკვეთით გადაასესხა საქველმოქმედო ფონდ „ქართუზე“. თავდაპირველი ხელშეკრულებით, სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი ივანიშვილის ფონდს 1 წლის ვადაში, 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა დაეფარა.
ეკონომიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტის არსებობის ძირითად მიზანს მოგების მიღება წარმოადგენს. „თრეჟერ კაპიტალის“ შემთხვევაში კი ფინანსური სქემა ყოველგვარ კომერციულ ლოგიკასა და ჯანსაღ ეკონომიკურ შინაარსს არის მოკლებული. კომპანიამ სესხი აიღო 6.6%-ით და მესამე პირზე გასცა ზუსტად იმავე 6.6%-იანი განაკვეთით. უფასო ფული! - გაგახსენდათ?
ნულოვანი საპროცენტო მარჟა ავტომატურად ნიშნავს, რომ კომპანიას ამ ტრანზაქციიდან არათუ მოგება არ რჩება, არამედ პირიქით - გარდაუვალ ფინანსურ ზარალზე მიდის. ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ „თრეჟერ კაპიტალი“ არ ყოფილა რეალური ბიზნესსუბიექტი. ეს იყო სპეციალურად შექმნილი ფიქციური შუამავალი კომპანია, რომლის ერთადერთი დანიშნულება დედა კომპანიიდან ფონდ „ქართუში“ მილიონების უმტკივნეულოდ გადაქაჩვა გახლდათ.
ამის შემდეგ იწყება სესხის უსასრულო გადავადების სქემა, „ქართუს“ არცერთი თეთრი არ გადაუხდია. სესხის დაფარვის ვადამ 2 წლით გადაიწია. როდესაც გადავადებული ვადაც ამოიწურა, გადახდის თარიღი კიდევ ორი წლით, 2026 წლის 31 დეკემბრამდე გადაწიეს. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფონდ „ქართუს“ მიმართ არსებული მოთხოვნის საბალანსო ღირებულებამ უკვე 162 მილიონ ლარს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ თანხა წლებია არ ბრუნდება, კომპანიას ამ სესხზე 0 ლარის გაუფასურების რეზერვი აქვს შექმნილი და აცხადებს, რომ სესხი სრულად დაბრუნებადია.
ამ უზარმაზარი ფინანსური ტრანზაქციისა და უსასრულო გადავადებების პარალელურად, იკვეთება კიდევ ერთი საეჭვო და გარდამტეხი გარემოება. მას შემდეგ, რაც მილიონობით დოლარი ფონდ „ქართუში“ გადაირიცხა, 2022 წლის სექტემბერში ჯგუფის უმსხვილესი ინდუსტრიული აქტივის - შპს „საქნახშირის“ სათავეში რუსი მმართველების ჯგუფი მოდის. იმავე წელს საწარმოს 16 მილიონი ლარის გადასახადები ეპატია.
ეს ქრონოლოგია კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებში აუცილებლად გააჩენს კითხვებს - 49 მილიონი დოლარის გადარიცხვა იმ „მწვანე შუქის“ ან პოლიტიკური ნებართვის საფასური ხომ არ იყო, რამაც რუსულ მენეჯმენტს საქართველოს სტრატეგიულ ენერგეტიკულ და ინდუსტრიულ ობიექტებზე - ტყიბულისა და ჭიათურის შახტებსა და მაღაროებზე სრული კონტროლის დამყარების საშუალება მისცა?!
ხომ არ იყო ეს ფასი, რომელიც სოცკებმა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადეს და მისგან, ფაქტობრივად, 2 ქართული ქალაქი იყიდეს?!