რა იმალება ქვეშეთი-კობის მილიარდიანი პროექტის მიღმა და რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ასეთი თავგამოდებით კრიტიკული დარღვევების, შესაძლოა, მოსალოდნელი კატასტროფისა და დანაშაულების დამალვას?
დღეს მოგიყვებით იმაზე, რაც ჩვენს წინა რეპორტაჟებში ვერ მოხვდა.
„ხიდის პირველი 75-მეტრიანი მონაკვეთი კრიტიკული დარღვევებით აშენდა. კონტრაქტორმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა სამშენებლო სამუშაო კონკრეტულ მონაკვეთში!“ - „მთის ამბების“ მიერ მოპოვებული ეს ოფიციალური დოკუმენტი ქვეშეთი-კობის გზის ნომერ მეექვსე ხიდს ეხებოდა.
შეუსაბამობის აქტი ხელში მისი გამოცემიდან ერთ კვირაში ჩაგვივარდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი ამის შესახებ რამდენიმე დღით ადრე იცოდა. ჩვენ სამშენებლო მოედანზე დაუყოვნებლივ გავემართეთ. ადგილზე მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, მშენებლობა მთელი სიმძლავრით გრძელდებოდა.
კრიტიკული დარღვევების შესახებ ინფორმაცია თავად ჯიჰატ გუმუსთურქმენმა - თურქული საზედამხედველო კომპანია UBM-ის უფროსმა ინჟინერმა დაგვიდასტურა.
უფროსმა ინჟინერმა დაგვიდასტურა ყველა სხვა დარღვევაც: სამუშაოების შემსრულებელმა, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“ თვითნებურად დაიწყო ბეტონის ჩასხმა, ზედამხედველი ინჟინრის სავალდებულო საბოლოო შემოწმებისა და ნებართვის გარეშე.
2026 წლის 22 ივლისის ღამეს ჩინურმა კომპანიამ უხეშად დაარღვია ბეტონირების ტექნოლოგიური ციკლი - პროცესი 66 საათს გაჭიანურდა, რამაც ფილასა და დიაფრაგმის კედლებში კრიტიკული ხარვეზები, ე.წ. „ცივი ნაკერები“ წარმოქმნა. გარდა ამისა, ადგილზე დაფიქსირდა არმატურის მასობრივი ნაკლებობა - ათასობით ერთეული არმატურის დანაკლისი!
ვითარების სიმძიმის გამო, თურქულმა საზედამხედველო კომპანიამ მოითხოვა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება, ბირთვული ნიმუშების აღება და კვლევების ჩატარება. ჯიჰატ გუმუსთურქმენმა პირდაპირ გვითხრა: თუ კვლევის შედეგები დამაკმაყოფილებელი არ იქნებოდა, ბეტონი უნდა დანგრეულიყო!
ვიდრე ამ მასალას გამოვაქვეყნებდით, 1-ელ აგვისტოს განმარტებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტრომ ინტერვიუზე უარი გვითხრა. სანაცვლოდ მოგვწერა, რომ არმატურის ნაკლებობა არ არსებობდა, ბეტონი წესრიგში იყო და ხარვეზი გამოსწორებას ექვემდებარებოდა.
10 აგვისტოს „მთის ამბებმა“ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საპასუხო პიარ-სვლა გააკეთა: 14 აგვისტოს, პროპაგანდისტულ ტელეარხებთან ერთად, ის ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში ავიდა.
როგორც მოისმინეთ, ბატონმა სოხაძემ თქვა, რომ ობიექტზე 94 შეუსაბამობის აქტია გამოცემული და მზაობა გამოთქვა, ეს 94-ვე დოკუმენტი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გადაეცა.
იმავე დღეს „მთის ამბებმა“ ოფიციალური წერილით მოითხოვა მინისტრის მიერ საჯაროდ დაპირებული 94-ვე აქტის გადმოცემა, რომელიც კანონით საჯარო ინფორმაციაა.
სანამ პასუხს ველოდებოდით, გამოვაქვეყნეთ მეორე სტატია, სადაც მინისტრის წინააღმდეგობრივი განცხადებები ვამხილეთ: თუ 1-ელ აგვისტოს სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ არმატურის ნაკლებობა საერთოდ არ ყოფილა, 14 აგვისტოს მინისტრი უკვე აღიარებდა, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა მიმდინარეობდა!
2 კვირაში სამინისტროსგან პასუხი მოგვდის - უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, მოთხოვნილი დოკუმენტები გადმოგვცეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 94-ვე დოკუმენტის გადმოცემაზე ოფიციალური უარი მივიღეთ. უარის მიზეზად დაასახელეს როგორც ზედამხედველი თურქული კომპანიის, ისე შემსრულებელი ჩინური კომპანიის პოზიციები, თითქოსდა ისინი ინფორმაციის გაცემას ორი მიზეზით არ თანხმდებიან:
პირველი იმიტომ, რომ ამ მასალების საჯაროდ გაცემა შელახავდა მათ კომერციულ ინტერესებსა და კონკურენტუნარიანობას. ასევე გასაჯაროვდებოდა ინსპექტირებაში ჩართული ადამიანების პერსონალური მონაცემები.
და მეორე - ამ დოკუმენტების გამოქვეყნება შესაბამისი საინჟინრო კონტექსტისა და შემდგომი გამოსწორების ოქმების გარეშე, საზოგადოებაში შექმნიდა არასწორ შთაბეჭდილებას, თითქოს ობიექტზე კატასტროფული მდგომარეობაა, რაც მატერიალურ და რეპუტაციულ ზიანს მიაყენებდა პროექტის მონაწილეებს.
როგორ შეიძლებოდა, მინისტრ რევაზ სოხაძეს 14 აგვისტოს ხადის ხეობაში მთელი ქვეყნის გასაგონად საჯაროდ განეცხადებინა, რომ სამინისტრო მზად იყო 94-ვე შეუსაბამობის აქტი გადაეცა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, თუკი ამ დოკუმენტებს ხელშეკრულების კონფიდენციალურობის მუხლები კეტავდა?
გამოდის ორიდან ერთი: ან მინისტრმა ისე გასცა საჯარო დაპირება ტელეკამერების წინ, რომ საერთოდ არ იცნობდა საკუთარი უწყების მიერ გაფორმებული მილიარდიანი კონტრაქტის პირობებს, ან მან განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში, რათა იმ მომენტში ჟურნალისტური მხილებისგან გამოწვეული პოლიტიკური ზიანი განეიტრალებინა. ხოლო როდესაც „მთის ამბები“ ბოლომდე მიჰყვა საკითხს და ოფიციალური წერილით მოითხოვა აღნიშნული აქტები, სამინისტრომ ჩინურ და თურქულ კომპანიების შეაწმინდა ხელი და დაპირებული ფაილების ჩაკეტვა მათ დააბრალა.
როგორც ჩანს, ეს უხერხულობა სამინისტროშიც მკაფიოდ იგრძნეს - ჯერ უწყების პირველი პირი კამერების წინ იძლევა საჯარო პირობას, მობრძანდით და 94-ვე დოკუმენტს გაჩვენებთო და მეორე დღეს უარს ეუბნება მედიას. ამიტომ ამ უარს განსაკუთრებული შეთავაზებაც მოაყოლეს - მივსულიყავით სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ადგილზე, „ზოგადად გაგვაცნობდნენ“ ამ აქტების შინაარსს. ოღონდ ჰქონდათ წინაპირობაც - ჩვენ უნდა აგვეღო ვალდებულება, რომ მიღებულ ინფორმაციას სრულად გავასაიდუმლოებდით და გარეთ არაფერს გამოვიტანდით.
როდესაც სამინისტრო - გენერალური კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანია ასეთი ისტერიული თავგამოდებით ბლოკავენ შეუსაბამობის 94 აქტს და ათასგვარ იურიდიულ კაზუისტიკას ეჭიდებიან, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ დოკუმენტებში კრიტიკული ხასიათის დარღვევებია დაფიქსირებული.
თუკი 94 აქტში მხოლოდ ჩვეულებრივი, ყოველდღიური სამშენებლო წვრილმანები წერია, რატომ უნდა გამოიწვიოს ამ მასალების გამოქვეყნებამ „მოსახლეობის მღელვარება და შექმნას მცდარი აღქმა?
ეს პირდაპირ იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დარღვევები არ არის მხოლოდ ერთ ხიდზე. დარღვევები არის მთელ პროექტში და მასშტაბურია.
სამინისტროს პოზიცია, თითქოს ეს დოკუმენტები „კონფიდენციალურია“, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს.
ქართული კანონმდებლობით, დაუშვებელია საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება გარემოს შესახებ, აგრეთვე დაუშვებელია მონაცემების გასაიდუმლოება იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
„ორჰუსის კონვენციის“ მე-4 მუხლის მიხედვით, რომელსაც საქართველოც მიერთებულია, ასეთი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა უმკაცრესად შეზღუდულია და სახელმწიფო ვალდებულია პრიორიტეტი მიანიჭოს საზოგადოებრივ ინტერესს.
ის, რაც ჩვენს წინა რეპორტაჟებში ვერ მოხვდა, ინსაიდერული წყაროებისგან და უშუალოდ ადგილზე მომუშავე პირებისგან ვიცით:
- უღელტეხილის ქვეშ გამავალი 9-კილომეტრიანი გვირაბი დასკდა, ბეტონი შიგნით სათანადოდ არ არის ჩასხმული. მიუხედავად ამისა, ასფალტი და იზოლაცია ისე დააგეს, რომ ჯეროვანი საინჟინრო გამოკვლევა და გამაგრება არც ჩაუტარებიათ.
- ხიდებზე ნიშნულები ისეა აცდენილი, რომ სხვაობა 40 სანტიმეტრს აღწევს! გზა ასეთია - ადის და ჩადის, მანქანები რყევებით დადიან.
- ზედამხედველებს აიძულებდნენ, ხელი მოეწერათ გაყალბებულ აქტებზე. ვინც ამაზე უარს ამბობდა - სამსახურიდან უშვებდნენ, ან ადამიანები თვითონ გაურბოდნენ ამ პასუხისმგებლობას. თაღოვან ხიდზეც კი, ბეტონი ფარულად, სავალდებულო ინსპექტირების გარეშე ჩაასხეს.
- N6 ხიდზე, არმატურის დანაკლისისა და 12-საათიანი უნებართვო წყვეტის გამო, კონსტრუქცია დიდ დატვირთვას ვერ გაუძლებს და შეიძლება ჩაინგრეს.
უფრო მეტიც - სწორედ ამ გზის მშენებლობას მოჰყვა ხადის ხეობაში, სოფელ წკერეს სასაფლაოს ჩამოშლა, რის გამოც ოჯახებს ცხედრების ძებნა, პოვნა და გადასვენება დასჭირდათ.
ამავე მონაკვეთზე, არასწორად ჩატარებული სამუშაოების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურის“ თანამშრომლების სიცოცხლე იმსხვერპლა.
მიუხედავად ამ მძიმე ტრაგედიებისა და კრიტიკული დარღვევებისა, პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიერ არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა.
როდესაც სახელმწიფო უწყება და მის მიერ დაქირავებული ჩინური თუ თურქული კომპანიები ასეთი პანიკური თავგამოდებით ცდილობენ 94 აქტის დამალვას, ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ საქმე ეხება არა უბრალო სამშენებლო ხარვეზებს, არამედ სისტემურ და კრიტიკულ დარღვევებს, რომლებიც ხვალ თითოეულ ჩვენგანს უსაფრთხოების, სიცოცხლის ფასადაც კი შეიძლება დაგვიჯდეს.
„მთის ამბები“ არ დათანხმდება სამინისტროსთან ფარულ გარიგებას, არ აიღებს დუმილის ვალდებულებას და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, იმისთვის რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე თქვენ სრული სიმართლე იცოდეთ.