საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სოლომონ გოგაშვილის საქართველოს ამბავი

19:53 - 07 მარტი 2026 hits 577

სოლომონ გოგაშვილი ქიზიყელი კაცია, რომელმაც 50-ზე მეტ ქვეყანაში, 500-ზე მეტ კონცერტზე ააჟღერა ქართული მრავალხმიანობა. ანსამბლ „ჩვენებურების“ სოლისტი, „არტ-გენის“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და მეღვინე მთელი ცხოვრებაა ჩვენს ფესვებსა და ტრადიციებს დარაჯობს. დღეს სოლომონი მსოფლიოს დიდ სცენებზე კი არა, რუსთაველის გამზირზე დგას, იქ, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

 

„28 ნოემბერს რომ გამოვვარდი...“

სოლომონისთვის ბრძოლა რუსთაველზე თვეების წინ დაიწყო და დღემდე არ შეწყვეტილა. მისი ყოველდღიურობა ახლა იქ არის, სადაც „პატარა თავისუფლების კუნძულია“.

„28 ნოემბერს რომ ამოვიცვი შარვალი და გამოვვარდი, 12 დეკემბერს მივხვდი, რომ ისევ იმავე შარვლით დავდიოდი... მე-16 თვე დაიწყო და ჩვენ ისევ იქ ვდგავართ.

რუსთაველი დღეს ერთადერთი ადგილია, რომელიც მუშაობს. ხან ქარია, ხან წვიმაა, ხან სიცივეა, იქ დგანან ჩემი მეგობრები. მაქედან სახლში შემომსვლელი არავინ არის და შაბათობით კი ხედავთ, 10-15 ათასი კაცი თავისუფლად გამოდის.“

 

არბოშიკიდან ევროპამდე

პროფესიით გეოგრაფი თავისუფლებასა და გეოგრაფიულ საზღვრებს შორის პირდაპირ კავშირს ხედავს. მისთვის ევროპული არჩევანი არა მხოლოდ პოლიტიკა, არამედ ილიას, ზვიადისა და მერაბის დანატოვარი გზაა.

„ვერ შევეგუები მაბეზღარა ქვეყანას. ვერ შევეგუები, რომ ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო დაიჭირონ.

ვერ შევეგუები ჩვენს მოწყვეტას დასავლური რელსებიდან, რაც მართლა ჩვენია. დედამიწა ძალიან მიყვარს, კარგი დედამიწელი ვარ, მაგრამ ყველაზე მიღებულად მაინც ევროპაში ვგრძნობ თავს. როგორ შეიძლება, რასაც ვეტრფოდით და გვინდოდა, შენ ერთი ხელი მოუსვა და თქვა - არ ვარგაო?“

სოლომონს სჯერა, რომ როცა ეს პოლიტიკური ჯანღი გადაიყრება, საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც პენსიონერი დედა თამამად იტყვის, რომ ევროპაში მიდის დასასვენებლად, თავად კი შვილთან ერთად მატარებლით საყვარელი გუნდის, „იუვენტუსის“ საგულშემატკივროდ იტალიაში გაემგზავრება.

სადაც ალაზანი მთავრდება, იქ მთავრდება თავისუფლებაც

მსოფლიოს ბევრ ქალაქში ცხოვრებისა და მოგზაურობის მიუხედავად, სოლომონი მაინც მშობლიურ არბოშიკს დაუბრუნდა. მისთვის თავისუფლებისა და ვაზის კულტურა განუყოფელია.

„რამდენად ჰგავს თავისუფლება ვაზს - იქ, ზოლზე ალაზნის ჭალა გადის. ალაზანი რომ მთავრდება, იქ მთავრდება ღვინის კულტურაც და თავისუფლებაც. აქაური ხალხი ლაღები და თავისუფლები ვართ, უბატონო ქიზიყია.“

ეს არის ამბავი მიწაზე, ვაზზე, მრავალხმიანობასა და თავისუფლებაზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში