საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლენტეხის ყოფილი მერი გია ონიანი და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს

16:20 - 23 თებერვალი 2026 hits 362
გია ონიანი, ლენტეხის ყოფილი მერი
ახალი ამბები
გია ონიანი, ლენტეხის ყოფილი მერი

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნუგზარ ტვილდიანი და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გულბანი.

პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემა სასტუმროს უკანონო მშენებლობას უკავშირდება.

გია ონიანმა, მერად არჩევის შემდეგ, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიით სასტუმროს მშენებლობა დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი არღვევდა სამშენებლო ნორმებსა და კოეფიციენტებს, არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა მაინც გასცა. მშენებლობა მიმდინარეობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიახლოვეს. კანონის თანახმად, საკითხი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, რაც ბრალდებულებმა არ გააკეთეს.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი გულბანმა, რომელიც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი, დარღვევებზე რეაგირება არ მოახდინა. მშენებლობა გასცდა ნებადართულ ფართობს და შეიჭრა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარედგინებათ. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

პროკურატურა სასამართლოს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში