როგორც ადგილობრივებმა „მთის ამბებს“ აცნობეს, ცეცხლი შუადღეს შენიშნეს და 112-ში მაშინვე დარეკეს. ღებში მეხანძრე-მაშველები მივიდნენ, თუმცა ხანძრის ქრობის სამუშაოები არ დაუწყიათ.
„ასე თქვეს, ახლა იქ ასვლას აზრი არ აქვს, ვიდრე ფეხით ავალთ, დაღამდება და ვერაფერს გავაკეთებთო. ვერტმფრენს რაც შეეხება, გვითხრეს, ხანძრის ბევრი კერაა ქვეყანაში და ვერტმფრენები იქ მუშაობენო“, - უთხრა ღების მკვიდრმა „მთის ამბებს“.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი გუშინ, 23 ნოემბერს გაჩნდა. გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად, ხალხი შოდის წმინდა გიორგის სალოცავში იყო ასული.
მეორე დღეა ტყე იწვის ბაღდათის სოფელ ხანშიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული. საგანგებო შტაბის განცხადებით, დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს და აფრთხილებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.
„მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
2013-2023 წლებში საქართველოში ტყისა და ველის ხანძრის 788 შემთხვევაა აღრიცხული. ხანძარმა სულ 27 512 ჰექტარი მოიცვა. ყველაზე მეტი ტყის და ველის ხანძარი 2020 წელს არის რეგისტრირებული. ცეცხლმა ყველაზე დიდი ტერიტორია, 7835 ჰექტარი 2022 წელს მოიცვა.