საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ ავიწროებს „თეგეტა ჰოლდინგის“ მეპატრონე „საირმის მცველებს“

17:08 - 13 ოქტომბერი 2025 hits 539

ხუთ თვეზე მეტია, ყოველ შაბათ-კვირას საირმის მცხოვრებლები კურორტში საპროტესტო აქციებს მართავენ. მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს გადაწყვეტილებები, რომლითაც შპს „კურორტ საირმის“ მეპატრონეს, თემურ კოხოძეს საირმის 13 ათას ჰექტარზე მეტი ტყე და ვანის მთის ალპური საძოვრები ნახევარი საუკუნით ისე გადასცეს, რომ მკვიდრი მოსახლეობისთვის არავის არაფერი უკითხავს.

კოხოძემ იქ სამონადირეო მეურნეობა და სამთო-სათხილამურო კურორტი უნდა მოაწყოს. ადგილობრივების სახლები, მამაპაპისეული მიწის ნაკვეთები და იქამდე მისასვლელი სამანქანო თუ საფეხმავლო გზები პირდაპირ ამ სამონადირეო მეურნეობაში მოხვდა.

მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ბრალი წაუყენეს, თითქოს, ქონება, რომელსაც 100 წელზე მეტია ფლობენ, თაღლითობით დაირეგისტრირეს. ზოგიერთს კერძო საკუთრება უკვე ჩამოართვეს. ერთი ადამიანი ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეეწირა კიდეც ამ ბრძოლას. ვინც ამ დრომდე არ დათმო, მათ წინააღმდეგ ხმაშეწყობილად მოქმედებენ, რომ გააჩუმონ, დაასუსტონ და დაჩაგრონ.

„მთის ამბებმა“ ამ თემაზე საგამოძიებო ფილმი რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. დაზარალებულებმა აქციები გამართეს ვანსა და ბაღდათშიც, მერიის შენობის წინ, მაგრამ მედიის ყურადღება მაინც ვერ მიიქციეს.

„არცერთი მედიასაშუალება არ მოდის. ყველასთან მქონდა კომუნიკაცია. ზოგმა პასუხი მომწერა, ზოგმა დაგვაიგნორა.

როდესაც საქმე ეხება თემურ კოხოძეს, როგორც კი სახელი და გვარი გაჟღერდება, მედია იქ წყვეტს ჩვენთან კონტაქტს“, - გვიყვება ვეფხია მესხია, „საირმის მცველი“.

პარლამენტის ყოფილი წევრი თემურ კოხოძე ავტომომსახურების სფეროში უმსხვილესი საწარმოს - „თეგეტა ჰოლდინგის“ მეპატრონეა. ჰოლდინგი 40-მდე შვილობილ კომპანიას აერთიანებს. ჰოლდინგში შემავალი მხოლოდ ერთი კომპანიის, შპს „თეგეტა მოტორსის“ შემოსავალი 2024 წელს 464 მილიონი ლარი იყო, საერთო მოგება 73 მილიონზე მეტი. „თეგეტა ჰოლდინგი“ სხვადასხვა ფორმით არაერთ სატელევიზიო და ონლაინ მედიას აფინანსებს.

 

სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება - დავის უფლების შეზღუდვა

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „მწვანე ალტერნატივასთან“ ერთად, საირმის სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია სასამართლოში ჯერ კიდევ იანვარში გაასაჩივრეს. მოსარჩელეები მთავრობის განკარგულების და გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც 13 202 ჰექტარი ტყე 49 წლით თემურ კოხოძის კომპანიას გადაეცა.

ერთადერთი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 მაისს გაიმართა. სხდომის დაწყებამდე გარემოს ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოხოძის კომპანიის იურისტს ეკითხებოდა, მოსწონდათ თუ არა სააგენტოს მიერ მომზადებული შესაგებელი და რამე შენიშვნა ხომ არ ჰქონდათ.

ზვიად გოჩაშვილმა, რომელიც გამოსაცდელი ვადით მოსამართლედ 2024 წლის ოქტომბერში დანიშნეს, საქმის წარმოება პირველივე სხდომაზე შეწყვიტა. ამას ითხოვდნენ მთავრობის ადმინისტრაციის და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. მოსამართლე გოჩაშვილის განმარტებით, ლიცენზიის გაცემით საირმის მცხოვრებლებს ზიანი არ ადგებათ, არადა, მესხიების, ფიფიების, თოლორდავების, სოსელიების სახლები და მამაპაპისეული ნაკვეთები, პირდაპირ სამონადირეო მეურნეობაშია მოქცეული, ან სამონადირეო მეურნეობის საზღვარი მათ ღობეებზე გადის; მათ საკუთრებამდე მისასვლელი გზები სამონადირეო მეურნეობაშია მოხვედრილი, ტყეში თავისუფლად გადაადგილებაც უკვე შეუზღუდეს.

მოსამართლე ზვიად გოჩაშვილის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა იმით, რომ „მწვანე ალტერნატივას“, რომელიც გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაა, დავის უფლება შეუზღუდა.

მოსამართლემ თქვა, რომ ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული შესაძლო დარღვევები და უკანონო გადაწყვეტილებები გარემოსდაცვით ორგანიზაციას პირდაპირ ზიანს არ აყენებს. ორგანიზაციის გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორი ნინო გუჯარაიძე უკანასკნელ წლებში ვერცერთ ასეთ შემთხვევას ვერ იხსენებს.

„მოსამართლე ან შეკრულია ამ კომპანიასთან ან არაკვალიფიციურია. შესაძლოა, ორივე ერთადაც. მან მხოლოდ უკანონო გადაწყვეტილება კი არ მიიღო, ან სამართლიანი სასამართლოს უფლება კი არ დაარღვია, არამედ საირმის მოსახლეობას და გარემოსდაცვით ორგანიზაციას ფაქტობრივად სასამართლოში დავის და საკუთარი უფლებების დაცვის უფლება შეუზღუდა“, - ამბობს „სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე. ეს ორგანიზაცია იცავს საირმის მოსახლეობის ინტერესებს.

გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი გაუქმება მოითხოვეს. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და ჯერ არაფერი ისმის.

საყურადღებოა, რომ ლიცენზია, რომელიც საირმის ტყეში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად თემურ კოხოძემ მიიღო, მეორედ გაიცა. კოხოძე 2018 წლიდან ცდილობდა საირმის მთლიანი ტყე მისი კონტროლისა და მართვის ქვეშ მოქცეულიყო. 13 ათას ჰექტარ ტყეს ის ვერ დაეპატრონებოდა - მრავალწლიანი იჯარით ვერ აიღებდა, თუ არ განაცხადებდა, რომ იქ სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სურდა. თუმცა, 2019 წელს გამართულ აუქციონში კოხოძე დამარცხდა და სხვამ გაიმარჯვა. ეს გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა. მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ სალიცენზიო ტერიტორია მის კერძო საკუთრებაში არსებულ არაერთ მიწის ნაკვეთსაც მოიცავდა. კოხოძემ ეს აუქციონამდეც იცოდა, რუკები თვითონვე დააკორექტირა, თუმცა მხოლოდ დამარცხების შემდეგ თქვა, რომ ეს მისი თანხმობის გარეშე მოხდა. საირმის მცხოვრებლები დავაში მესამე პირებად კოხოძემ ჩართო. ამით მან მოსარჩელეთა წრე გააფართოვა და ამტკიცებდა, რომ ისინიც დაზარალდნენ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები.

სამწლიანი დავის შემდეგ სასამართლომ ლიცეზიის გაცემის გადაწყვეტილება გააუქმა. ვიდრე ლიცენზიის გაცემის პროცესი მეორედ დაიწყებოდა, სატყეო სააგენტომ საირმის მცხოვრებლებს პროკურატურაში უჩივლა, თითქოს მათ მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებად თაღლითობის შედეგად დაირეგისტრირეს.  

 

კოხოძის კიდევ ერთი სარჩელი „საირმის მცველის“ წინააღმდეგ

თებერვალში თემურ კოხოძემ „საირმის მცველის“ წინააღმდეგ, სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. ამჯერად კოხოძე ვეფხია მესხიას ფეისბუკის ღია და დახურულ ჯგუფებში გამოქვეყნებული ამ სტატუსებისა და კომენტარების გამო უჩივის:

„უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება ყველა ის კანონდარღვევა და ყველა სქემა, რის შედეგადაც თემურ კოხოძემ ხელში ჩაიგდო საირმისა და ვანის ტყეები“;

„თემურ კოხოძემ მთლიანი ტყე უკანონოდ მიისაკუთრა. სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად კამერებს აყენებს და პარალელურად ადგილობრივ მოსახლეობას ტყეში შესვლას უკრძალავს, რასაც უახლოეს მომავალში ადეკვატური პასუხი მოჰყვება“;

„საძოვრებზე დაგეგმილია სათხილამურო კურორტის მოწყობა, ხოლო ტყეში სამონადირეო მეურნეობის. გაგვიყიდეს სამშობლო, გამოფხიზლდით ხალხო და ამოიღეთ ხმა. უახლოეს დღეებში გამოვა ფილმი, სადაც კონკრეტულად იქნება ამ ყველაფერზე საუბარი, ყველა დარღვევაზე“;

„არა საირმის სამონადირეო მეურნეობას. ტყე ეკუთვნის ხალხს, არა 1 კაცს. ტყე არ იყიდება, ხალხი არ იყიდება. ისტორიაში დარჩა იუდა, დღესაც აქ არის, არ გაიგუდა; ბრაკონიერობას ყველა კეთილსინდისიერი მამულიშვილი ებრძვის, მაგრამ აქ სულ სხვა რამეზეა საუბარი. 13 000 ჰექტარი ტყე არ უნდა იყოს ერთი კაცის ეზო და საკუთრება“.

სარჩელში კოხოძე წერს, რომ ის წარმატებული ბიზნესმენია, აქვს საერთაშორისო ბიზნესკავშირები და მის მიმართ ბიზნესწრეებში დიდი ყურადღებაა; „ასეთი სახის ცილისწამება“, პარტნიორებისთვის მასზე ამგვარი ცნობების გაგება, ჩრდილს აყენებს მის მიმართ ნდობას, რეპუტაციას და რისკის ქვეშ აყენებს მის საქმიანობას და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს.

„ეს სარჩელები იმისთვისაა, რომ ჩვენ ძალა გამოგველიოს. თანხებს ვხარჯავთ. ყველა სარჩელი და საჩივარი ადვოკატთანაა დაკავშირებული. ეს არის ძალის დემონსტრირება, რომ შეგვეშინდეს, ჩამოვცილდეთ ამ აქციებს და ბატონობის უფლება მივცეთ.

ამას ვერ მოესწრება ვერასდროს. ჩვენ არ დავიღლებით, არ გავჩერდებით, ჩვენ არ გვეშინია“, - უთხრა „მთის ამბებს“ ვეფხია მესხიამ.

 

ყადაღა მესამე ვადით

სამი წლის წინ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია და გააუქმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ჩანაწერები, რომლითაც პროკურატურას შეეძლო ქონების დაყადაღება მოეთხოვა განუსაზღვრელი ვადით, გამოძიების შეწყვეტამდე. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები ქონებაზე ყადაღის დადების გადაჭარბებულად დიდ ვადას ადგენდა, რაც საკუთრების უფლებას არაპროპორციულად ზღუდავდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შევიდა და ქონებაზე (თუ ამ ქონების მიმართ ჩადენილი იყო დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული) ყადაღის დადება მხოლოდ 2-ჯერ და თითოეულ ეტაპზე მაქსიმუმ 1 წლით გახდა შესაძლებელი. ამის მიუხედავად, „საირმის მცველების“ საუკუნოვანი, მამაპაპისეული საკუთრება, პროკურატურის მოთხოვნით, უკვე მესამე წელია დაყადაღებულია. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან თხელიძემ ქონებაზე ყადაღა მესამედ 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით გააგრძელა. პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გვერდს იმით უვლის, რომ საირმის მიწების საქმეში ყველა პირისთვის ბრალდება აქვს წარდგენილი და მათ ბრალდებულის სტატუსი აქვთ.

 

ჩხრეკა სახლებში შუაღამეს კოხოძის ხელქვეითის საჩივრის საფუძველზე

16 ივლისს, შუაღამეს, მისამართზე, სადაც ვეფხია მესხიაა რეგისტრირებული, პოლიცია მივიდა გადაუდებელი ჩხრეკის ჩასატარებლად. 

„ღამის 2-დან 3 საათამდე პერიოდში მივიდნენ. მე იქ აღარ ვცხოვრობ. მერე მოხდა ჩემთან კომუნიკაცია. სასამართლო განჩინება არ ჰქონდათ, გადაუდებელი ჩხრეკააო. გაჩხრიკეს ჩემი სახლი. კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს. ჩემს სახელზე რეგისტრირებული იარაღები ამოიღეს და წაიღეს, ვიდრე არ გაირკვეოდა ჩემი ბრალეულობა. იმავე დღეს ჩხრეკა ჩატარდა საირმეშიც, კერძოდ, ტაბოცეთში, ჩვენს მამაპაპისეულ სახლში. ეს ის ტერიტორიაა, რომელსაც პროკურატურა გვედავება, თითქოს კერძო საკუთრებად თაღლითური გზით დავირეგისტრირეთ. კანონსაწინააღმდეგო იქაც ვერაფერი იპოვეს. მას შემდეგ თითქმის სამი თვე გავიდა და იარაღს არ მიბრუნებენ. პოლიციაში მითხრეს, ვამოწმებთ, ამ იარაღით როდესმე რაიმე დანაშაული ხომ არ არის ჩადენილიო“, - ვეფხიას მესხიას თქმით, მის სახლებში ჩხრეკის ჩატარების საფუძველი „კურორტ საირმის“ ადმინისტრაციული დირექტორის, ირაკლი გორგოძის განცხადება გახდა:

„გორგოძემ დაწერა საჩივარი, თითქოს მე მათ რეინჯერებს ვემუქრებოდი დასახიჩრებით. ეს იყო კოხოძის იურისტების არმიის შედგენილი განცხადება, რომელიც პოლიციაში გორგოძეს შეატანინეს. ჩემი ფეისბუკგვერდიდან იყო ამოღებული ერთ-ერთი სურათი, სანადირო იარაღი მიჭირავს ხელში, 8 წლის წინანდელია ფოტოა“.

 

მუქარა ფინანსურ ზიანზე აპელირებით

7 სექტემბერს შპს „კურორტ საირმის“ გენერალურმა დირექტორმა „საირმის მცველებს“ წერილობით მოსთხოვა, საირმეში, სასტუმროს წინ აქციები აღარ გაემართათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის აღება“ აქციის ორგანიზატორებს მოუწევდათ.

„ზაფხულში კურორტი ყველაზე მეტად არის დატვირთული სტუმრებით და მათი მიზანი ურბანული დასახლებებისგან მოშორებით სიმშვიდეში დასვენებაა, რომლის უზრუნველყოფა მიმდინარე პროტესტის პარალელურად, კომპანიისთვის შეუძლებელია. დამსვენებლები გამოხატავენ აშკარა უკმაყოფილებას მიმდინარე პროცესების გამო და სასტუმროს ადმინისტრაციისგან ითხოვენ ხმაურის აღკვეთას და მათთვის დასვენების შესაძლებლობის მიცემას.

შექმნილი ვითარების გამო მთლიან კუროტს და კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგება, რომლის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობის აღება ამ აქციის ორგანიზატორებს მოგიწევთ.

გთხოვთ, შპს „კურორტი საირმის“ უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით შეცვალოთ აქციის გამართვის ადგილი და შეიკრიბოთ კურორტის ტერიტორიისგან მოშორებით.

ჩვენი არაერთი მცდელობა მოლაპარაკებისა და ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ერთობლივად გავუფრთხილდეთ კურორტის სტუმრების განწყობას და ერთად ვიზრუნოთ კურორტის განვითარებისთვის“, - ნათქვამია წერილში.

თემურ კოხოძე საირმეში დაახლოებით 150 მილიონ კვადრატულ მეტრ მიწას ფლობს, მათ შორის, დაახლოებით 100 ჰექტარს კერძო საკუთრებაში, სასტუმროების გარშემო. 

„საირმის მცველებმა“ აქციები რომ არ შეწყვიტეს, ამ წერილს ერთმანეთის მიყოლებით მოჰყვა სასტუმროს ადმინისტრაციის თანამშრომლების საჯარო განცხადებები. სოციალურ ქსელში ისინი წერდნენ, რომ „აქციებით მიყენებული ფინანსური ზიანის“ გამო, შესაძლოა, კურორტმა მუშაობა შეწყვიტოს, „ლუკმა-პურის გარეშე“ დარჩებიან და ვეღარც ბანკის ვალებს გადაიხდიან.

რატი ცერცვაძე: „კურორტმა საირმემ შეგვატყობინა, რომ ადგილზე მიმდინარე აქციებმა შესაძლოა ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს და ვეღარ გააგრძელოს ფუნქციონირება. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ბევრი ჯავშანი გაუქმდა და მიზეზად აქციებს ასახელებენ სტუმრები. უსამსახუროდ დარჩენა ნიშნავს ბანკის ვალების ვერ გადახდას და მშრალად დარჩენას. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად საჭიროა შეწყდეს უსაფუძვლო აქციები“.

ნათია კოხოძე: „კურორტმა საირმემ შეგვატყობინა, რომ შეიძლება შეაჩეროს მუშაობა, რადგან აქციები ტარდება და ბევრი ჯავშნები უქმდება, რამაც დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა კურორტს. რის გამოც შეიძლება დავრჩეთ უმუშევრები. უმუშევრობა გამოიწვევს ჩვენს ფინანსურ განადგურებას და პატარა ბავშვები დაგვრჩება ლუკმა-პურის გარეშე. ვემიჯნები და ვგმობ აქციებს“.

გოგი დაუშვილი: „კურიორტ საირმის არსებობის ისტორიაში პირველად დგება ის მომენტი, როცა შესაძლოა სასტუმრომ დროებით ფუნქციონირება შეწყვიტოს. მიზეზია სასტუმროს წინ მიმდინარე აქციები, რის გამოც ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა და ძალიან დიდი ზარალი მიადგა კურორტს. საუბარია 300-ზე მეტი თანამშრომლის უსამსახუროდ დატოვებაზე. ეს ყველაფერი რომ შეჩერდეს და კურორტმა სრულფასოვნად განაგრძოს ფუნქციონირება, საჭიროა შეჩერდეს აქციები და სასტუმრომ გააგრძელოს ჯანსაღად ოპერირება“. 

„უფროსი ავალებს, რომ დაწერონ პოსტები, თითქოს ჩვენ დამსვენებელს ხელს ვუშლით, ხმაურს ვიწვევთ და ა.შ. თითქოს კურორტს ზიანი მივაყენეთ და თუ აქციებს არ შევწყვეტთ, ისინი კიდევ ერთ საჩივარს დაწერენ და ამ ზარალის ანაზღაურება მოგვიწევს. ეს ყველაფერი საშინაო დავალებას ჰგავს, ყველას ერთი ტექსტი აქვს. რამდენიმე მათგანს ვიცნობ და როცა ვკითხე, რა ვქნა, დამავალესო“, - ასე ახსნა „საირმის მცველმა“ ვეფხია მესხიამ კურორტის თანამშრომლების განცხადებები.

„საირმის მცველების“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მეოთხე წელია აღძრულია და ორ წელზე მეტია სასამართლოში განიხილება. მათ თაღლითობას ედავებიან, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დამწყევლა - კიდევ ერთი საჩივარი მესხიების წინააღმდეგ

სტატია გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა „საირმის მცველებმა“ ლელა და ციცინო მესხიებმა (ვეფხია მესხიას და და დედა) გვაცნობეს, რომ მათ წინააღმდეგ ბაღდათის პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა და განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაგზავნეს. მესხიებს პოლიციაში კურორტ საიირმის დაცვის სამსახურის უფროსმა დავით ბარამიძემ უჩივლა. კოხოძის კომპანიის წარმომადგენელი მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

„წერილი რომ ჩაგვაბარეს, აქ აქციებს თუ არ შეწყვეტთ, ზარალს, რაც სასტუმრომ მიიღო, თქვენ დაგაკისრებთო, მაგაზე გავბრაზდი. ოთხი შვილის დედა, აქ რომ ვდგავარ, უსაქმური ხომ არ გგონივართ, მამაპაპისეულ მიწებს ვიცავ მეთქი. ის წერილი გადავხიე და გადავყარე. პოლიციაში საჩივარი დაუწერია და ამბობს, რომ შეურაცხყოფა მივაყენეთ. მე ვთქვი, რომ თუ ვინმე ჩვენ გვამტყუნებს, ამოწყდეს მისი ოჯახი კოხოძის ოჯახთან ერთად მეთქი. წყევლაზე მიჩივლეს“, - სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ლელა მესხიამ „დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რითაც დაირღვა დამსვენებლის მყუდროება“. ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ელი ნაწილით არის კვალიფიცირებული. ეს გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში