საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა (არ) ვიცით სვანეთის გზაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:14 - 06 იანვარი 2025 hits 1907

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან, შეიარაღებული პირები რუს წყვილს თავს 5 იანვარს, ღამით დაესხნენ. ვიქტორ სოლოვიევის ადგილსამყოფელი და მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია. პოლიციამ ნაკრასა და ლახამულაში საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა, მაგრამ მამაკაცს ვერ მიაგნეს. ეძებენ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ორ ახალგაზრდას, ორივე მათგანი სვანეთის მკვიდრია.

რუსეთის მოქალაქე ქალი პოლიციის სამმართველოში გამოჰკითხეს და ის უსაფრთხოდაა. ამ დროისთვის არ დასტურდება მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდასხმისას ქალი გააუპატიურეს.

როგორც ქალი ყვება, ის და მისი პარტნიორი „შკოდის“ მარკის ავტომობილით ზუგდიდიდან მესტიისკენ მიდიოდნენ, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ.

„პირველად მათ გვერდით ჩაგვიარეს, გაჩერდნენ და გვკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა, რაზეც ვუთხარით - „არა, მადლობა, უბრალოდ ფოტოებს ვიღებთ“ და წავიდნენ. მერე გავუსწარით, გზის პირას იდგნენ. გზაზე ჩარჩენილ მანქანას წავაწყდით, ვიტიამ (ვიქტორ სოლოვიევი) ისინი თოკით ამოიყვანა. ამ დროს თეთრმა „სუბარუმ“ გაგვიარა და უკვე აღარ გაჩერებულა.

როცა ვიტიამ დაინახა, რომ ისინი შუა გზაზე იდგნენ, „ბარდაჩოკიდან“დანის ამოღება მთხოვა, რადგან ეს სიტუაცია უცნაურად მოეჩვენა. მთელი გზის განმავლობაში ხან გადაგვისწრებდნენ, ხან განაპირას ჩერდებოდნენ. რაღაც იეჭვა, მითუმეტეს, როცა გაჩერდნენ და ავტომანქანით გზა გადაგვიღობეს.

ეს იყო ჩვეულებრივი დასაკეცი დანა, რომელიც მანქანის სათავსოში ყოველი შემთხვევისთვის დევს. არავინ გადასულა და დამუქრებია დანით. მან ის თავისივე უსაფრთხოებისთვის აიღო, საფრთხის შემთხვევაში თავი რომ დაეცვა.

ვიტიამ გააჩერა, გადავიდა და იკითხა, რა მოხდა. მათ ნასოსი სთხოვეს. ვიტიამ ამოიღო და მისცა. მერე რაღაც კონფლიქტი დაიწყო. ისინი ეუბნებოდნენ - მოგვეცით ტელეფონები, რატომ გვიღებდით სურათებსო.

ჩვენ გვქონდა სამი ტელეფონი - ორი ვიტიას და ერთი მე. მისი ტელეფონები გამოსაჩენ ადგილას იდო და მაშინვე წაიღეს, ჩემი დავმალე და ჩემთან ძებნა აღარ დაუწყიათ, მხოლოდ პისტოლებით მემუქრებოდნენ, რომ ტელეფონი მიმეცა.

ვიტიამ სთხოვა, ჩემთვის ხელი არ ეხლო. ამის მერე მათ შორის დიალოგი დაიწყო, მე მხოლოდ ვიტიას ხმა მესმოდა, როგორ ამბობდა, რომ ჩემთვის ხელი არ ეხლოთ. მერე იყო ორი გასროლა, ვერ დავინახე საითკენ და ვიტიაც ვერ დავინახე. პისტოლეტიანი მოვიდა ჩემთან, დამიმიზნა. ორივე ჩვენს მანქანაში ჩასხდნენ და პირდაპირ წავიდნენ. მერე ის, რომელიც უკან იჯდა, გადახტა, ჩვენ წინ მივდიოდით. შემდეგ მოგვიახლოვდა „სუბარუ“, ის, რომელიც ჩვენი მანქანის საჭესთან იჯდა, „სუბარუში“ გადაჯდა. 10 წუთით წავიდნენ და ამ მომენტში დავრეკე 112-ში. მოვასწარი იმის თქმა, რომ მესტიამდე სადღაც ერთი საათის სავალში ვიყავით, ვუთხარი ჩვენი მანქანის ნომერი და ყველაფერი ავუხსენი.

მანქანაში ჩავიკეტე. ისინი დაბრუნდნენ და ერთ-ერთმა დაიწყო ფანჯრის ჩამტვრევა. მანქანა გავხსენი, მითხრა, რომ მგზავრის სავარძელზე გადავმჯდარიყავი, გადავჯექი და ჩუმად დავიძარით. 

ვთხოვდი, გავეშვით არ მოვეკალით. მითხრა, არავინ აპირებს თქვენს მოკვლასო.

იმ გორამდე მივედით, სადაც ასვლა უნდოდათ, მაგრამ „შკოდით“ ვერ მოახერხა, „სუბარუ“ უკვე წინ იყო წასული. მერე უკან დაიხია, ჩვენი მანქანიდან „სუბარუში“ გადახტა და წავიდნენ. მერე ტელეფონი ამოვიღე და ისევ 112-ზე დავრეკე, ორი გამვლელი მანქანა გავაჩერე. შემდეგ პოლიცია მოვიდა. პოლიციას ყველა ინფორმაცია მივაწოდე, ყველა ფოტო და ვიდეო, ყველა გეოლოკაცია,  იქ უამრავი ადამიანი მუშაობს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ნაპოვნია ორივე ავტომობილი.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილებიდან ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავია, „მთის ამბებთან“ ვიქტორ ჯაფარიძე უარყოფს. 

სავარაუდო ეჭვმიტანილების ახლო ნათესავები მესტიაში „ქართული ოცნებიდან“ თანამდებობის პირები არიან.

პოლიციამ სვანეთში მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვა, ბრალდებულები დააკავეს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში