საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ოცნებიდან“ ამბროლაურის საკრებულოს წევრი „მთის ამბების“ რაჭის რეპორტიორს ემუქრება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:36 - 27 დეკემბერი 2024 hits 3987
ეთერ არსანიძე
ახალი ამბები
ეთერ არსანიძე

„ქართული ოცნებიდან“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ელიზბარ კობახიძე „მთის ამბების“ რაჭის რეპორტიორს, ეთერ არსანიძეს ემუქრება. ეთერი ამავე დროს ერთ-ერთი ცნობილი ფეისბუკჯგუფის „რაჭველების“ ადმინისტრატორია. ელიზბარ კობახიძე ქუჩაში ჯერ ეთერ არსანიძის მეგობარს დახვდა, შემდეგ მის ძმას და მათ მოსთხოვა, ეთერი გააჩერონ, გამოქვეყნებული პოსტი წაშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნახავენ, მას რა შეუძლია“.

საქმე ეხება ელიზბარ კობახიძის სტატუსს, რომელიც მან თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: „მოდის დრო 1200000 კაცმა დავიცვათ ჩვენი სამშობლო. ანგრევენ ქვეყანას“.

ეთერ არსანიძემ აღნიშნული სტატუსის სქრინი ჯგუფ „რაჭველებში“ განათავსა, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლები კობახიძეს მოუწოდებენ, წერა-კითხვა ისწავლოს. ჯგუფის წევრების ნაწილმა თანამდებობის პირის ეს სტატუსი დაპირისპირებისკენ მოწოდებად აღიქვა.

„ჯერ ჩემს ახლო მეგობარს დახვდა და ითხოვდა, წამეშალა ეს სქრინი. დღეს ჩემს ძმას აედევნა, გააჩერა და გააფრთხილა, „გააჩერე შენი და“, „წაშალოს ის პოსტი, თორემ ნახავთ, რა შემიძლია“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება.

სისხლის სამართლის დანაშაულია ასევე სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების  მუქარა.

ელიზბარ კობახიძე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მრავალგზის მაჟორიტარი დეპუტატის, ამჯერად არალეგიტიმური პარლამენტის წევრის, გოჩა ენუქიძის ნდობით აღჭურვილი პირია. „ქართულმა ოცნებამ“ კობახიძე 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიულ სიაშიც შეიყვანა 136-ე ნომრად.

ის პირადად „იცავდა“ ენუქიძის სასტუმროსა და კარ-მიდამოს, როცა „მთის ამბების“ ჯგუფი (მათ შორის, ეთერ არსანიძე) იქ რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩავიდა. ამბროლაურის მერიამ 300 ათასამდე ლარი დახარჯა გოჩა ენუქიძის კუთვნილი ერთი სასტუმროდან მეორე, ახალაშენებულ სასტუმრო კოტეჯებამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის. ვენახებს შორის არსებული ვიწრო გზის გასწვრივ არავინ ცხოვრობს. ამ მონაკვეთს, ოფიციალურად ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სტატუსიც კი არ აქვს.

ელიზბარ კობახიძე შოვის ტრაგედიის დროს, „მთის ამბების“ რედაქტორს წყალში გადაგდებით დაემუქრა მხოლოდ იმის გამო, რომ ის სტიქიას აშუქებდა. მისი მეგობარი და იმავე დროს პარლამენტის წევრის, გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი გიორგი მახათაძე კი, შოვში, სადაც სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულებს ეძებდნენ, ბახილებით იყო მისული, ფეხსაცმელი რომ არ დასვროდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში