საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს შუქრუთელმა ქალებმაც

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:12 - 29 სექტემბერი 2024 hits 1129

პარლამენტის შენობის წინ, სადაც 11 სექტემბრიდან ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უწყვეტ აქციას მართავენ, დღეიდან შიმშილობა დაიწყეს ქალებმაც - ვერა კუპატაძემ, ეთერი გაფრინდაშვილმა, ასმათ ნეფარიძემ და დალი კუპატაძემ. ორ კვირაზე მეტია პარლამენტთან 7 შუქრუთელი მამაკაცი შიმშილობს.

მოშიმშილე ქალებმა პარლამენტთან 4 ცალი გასაბერი ლეიბი მიიტანეს, რასაც ბეტონზე დასაწოლად იყებენენ. ორ კვირაზე მეტია პოლიცია აქციის მონაწილეებს კონსტიტუციის დარღვევით კარვის განთავსების საშუალებას არ აძლევს.

4 ცალი ლეიბის გაშლისთანავე პარლამენტის შენობის წინ პოლიციის მობილიზაცია მოხდა. ხელმძღვანელი პირები აქციის მონაწილეებისგან დაჟინებით ითხოვდნენ ლეიბების გატანას. „არ შეიძლება, გაიტანეთ აქედან“,- აცხადებდნენ პოლიციელები. მოშიმშილეებმა მათ რამდენჯერმე მიმართეს, განემარტათ, რომელი კანონით ეკრძალებათ პარლამენტთან უწყვეტი აქციის დროს ლეიბების გამოყენება. პოლიციელებმა მანიფესტაციის მონაწილეებს პასუხი ვერ გასცეს.

კარვის განთავსება ან დროებითი კონსტრუქციის აგება შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებების ნაწილი რომ არის, ამაზე რამდენჯერმე აქვს ნამსჯელი საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამარლოსაც. ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა არ გაითვალისწინა სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა და აქციის მონაწილეებს უარი უთხრა, დროებითი განჩინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაევალებინა, პოლიციას მათთვის ხელი არ შეეშალა და კარვის გაშლის შესაძლებლობა მისცემოდათ. დაზარალებული შუქრუთელების ადვოკატი მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში 30 სექტემბერს გაასაჩივრებს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაში სოფელ შუქრუთში მცხოვრები 33 ოჯახი მონაწილეობს. ისინი ითხოვენ, შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეაფასებინოს და დაზარალებულებს ადეკვატური კომპენსაცია მისცეს, რათა უსაფრთხო ადგილას ცხოვრება შეძლონ. სოფელ შუქრუთის შუაგულში რამდენიმე თვის წინ უზარმაზარი ნაპრალები გაჩნდა და მიწა ვარდება.

მეზობელ სოფელ ითხვისში, გოგატიშვილებისა და მახათაძეების უბანში, მიწა 2022 წლის მარტის ბოლოს ჩაიქცა და საცხოვრებელი სახლები დამარხა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ უარყო, რომ მომხდარი მათი საქმიანობით არის გამოწვეული და ყველაფერი საბჭოთა პერიოდში მადნის მოპოვების შედეგებს და სტიქიას დააბრალა. კომპანიას ხელი დააფარა სახელმწიფომაც. უსახლკაროდ დარჩენილები ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქირით გაიყვანა. რამდენიმე ოჯახს, ვინც დასთანხმდა ეკომიგრანტის სტატუსი მიანიჭეს.

შუქრუთის მცხოვრებლები შიშობენ, რომ მათი სოფელიც ითხვისის ბედს გაიზიარებს, რადგან ნაპრალები სულ უფრო იზრდება და ღრმავდება, სახლები დაზიანებულია ან ინგრევა -საცხოვრებლად საშიშია, დაზიანდა საფლავები და ეკლესიაც. სექტემბერში სასწავლო პროცესი არ განახლდა სოფელ შუქრუთის საჯარო სკოლის შენობაში. „მთის ამბების“ ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით, შენობა სახიფათოა და შეიძლება დაინგრეს. შესაბამისი უწყებები ექსპერტიზის დასკვნას არ ასაჯაროებენ.

შუქრუთელები უკვე 190 დღეა უწყვეტ პროტესტს გამოხატავენ კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან. ორივე მაღარო გაჩერებულია. მაღაროელების ნაწილმა დაზარალებულ შუქრუთელებს სოლიდარობა გამოუცხადა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აქციის მონაწილეებს უჩივის და დაზარალებულებისგან საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების გადაცემას ითხოვს, რომ იქ მანგანუმი შეუფერხებლად მოიპოვოს. ამავე დროს, კომპანიის კიდევ ერთი მოთხოვნაა, აქციის მონაწილეებს 5,5 მილიონი ლარის გადახდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების სახით. „ჯორჯიან მანგანეზის“ მოთხოვნით, საჩხერის სასამართლომ აქციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე, ახლო ნათესავების კუთვნილი სახლები და მიწის ნაკვეთები დააყადაღა. კომპანიამ აქციაში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა 5 ადამიანი. კომპანიის მოთხოვნით დაწყებული გამოძიების შედეგად, აქციის სამი მონაწილე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს საწარმოს მუშაობის შეფერხების მიზეზით. 27 სექტემბერს, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს გიორგი ნეფარიძეს საჩხერის პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. ერთი დღით ადრე, ნეფარიძემ, აქცია დაანონსა მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, თბილისში, მთაწმინდაზე, რომელიც 20 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში