საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს - ლაშა ბექაური

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:37 - 13 სექტემბერი 2024 hits 1013

„მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი“, - განაცხადა მედიასთან ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, პრეზიდენტისგან ჯილდოს მიღების შემდეგ.

ბექაურის თქმით, ორდენი, რომლითაც დაჯილდოვდა, არის ქართველი ხალხისგან.

„ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია“, - თქვა ბექაურმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ და XVII პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ოლიმპიელები და პარალიმპიელები ორდენებით დააჯილდოვა.

„თქვენი დამსახურებაა, რომ მსოფლიომ გაიგო საქართველოს სახელი და დაინახა ჩვენი ქვეყნის სახე. ჩვენი სპორტსმენების შედეგები ადასტურებს, რომ რიცხობრივად უფრო დიდ ქვეყნებსაც შესაძლოა, გავუტოლდეთ, თუკი შემართებით ვიქნებით, თავდადებით, პროფესიონალიზმით, მიზანმიმართული დაუღალავი შრომით და ერთობით!

ჩვენ ამ წელს ევროპიდან მივიღეთ სერიოზული შედეგი და დიდი იმედი.

ფეხბურთელებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანეს, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა საქართველო ევროპის შუაგულში, პარიზში სერიოზულ მეტოქედ წარმოაჩინეს.

ორივე შემთხვევაში ჩვენ ვიზეიმეთ არამხოლოდ ცალკეული სპორტსმენის გამარჯვება, არამედ ქვეყნის წარმატებაც და მისი მსოფლიო რუკაზე გამოჩენა.

ალბათ, არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება! როცა უყურებ, რომ მთელ საზოგადოებას ერთად უხარია, ერთად ზეიმობს, ერთად დგას! ეს არის სპორტის უდიდესი ძალა - ადამიანები გაახაროს და გააერთიანოს და ასეც მოხდა!

ერთობა იმაშიც გამოჩნდა, როცა ჩვენმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა გვაჩვენეს, რომ გამარჯვება არ არის ფიზიკური შესაძლებლობების საზღვრებში მოქცეული. დღეს ამიტომ მინდოდა, ერთობლივად გვეზეიმა მათი გამარჯვება და სახალხო ზეიმი ამას ემსახურება. სამაგალითოცაა - მაგალითი ინკლუზიურობის და თანასწორობის! სწორედ ესაა ძალა საზოგადოების, რომელიც არ ეპუება არც დისკრიმინაციას, არც დაყოფას.

მიმაჩნია, რომ ასეთი სახალხო ზეიმი არის მთავარი დასტური იმისა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა, თუ არსებული პოლარიზაციისა მაინც შეგვიძლია ერთად გვიხაროდეს. ამით საზოგადოება საკუთარ ძალას და ღირსებას ავლენს.

თქვენ არამხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოებით და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული! დაე, შეგეძლოთ თქვენი ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება.

და კიდევ, ჩვენი ისტორიის ამ ურთულეს პერიოდში, თქვენ სჭირდებით ქვეყანას, სჭირდებით მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელის. მაგალითს პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

11 სექტემბერს, ლაშა ბექაური სხვა ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე, სადაც საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინეს. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაღებული ფოტო გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“, მთავრობის პროგანდისტულმა არხმა. მმართველმა პარტიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სააჩევნო სიის მე-7 ნომრად ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე წარადგინა, მე-10 ნომრად კი ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში